ჯუდი ბლუმი; „აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი“

 

                   shop_product_image_149214                              

 

ლიტერატურაში იშვიათად იპოვით ისეთ გულწრფელ პერსონაჟს, როგორიც მარგარეტ საიმონია. ეგეთი საყვარელი ბავშვი მე მხოლოდ ჭყიტა მახსენდება „ჯაფარადან“. თერთმეტი წლის მარგარეტი პირდაპირ გაგაოცებთ თავისი იუმორით და გულახდილობით.

ნიუ-იორკელი გოგონა, რომელსაც მშობლებმა მეტად რთული დავალება მიანდეს – თავად აერჩია რელიგია, ჩუმ-ჩუმად ღმერთს ელაპარაკება ხოლმე და ისეთ რამეებს უყვება, რასაც სხვასთან ვერაფრით იტყოდა. პირველი კოცნა, ბებიისგან შორს ყოფნა, მეგობრის ტყუილები… „აღარაა დრო, მკერდი გამეზარდოს?“ – ეკითხება მარგარეტი ღმერთს და საბნის ქვეშ დამალული სთხოვს დედას, ლიფი უყიდოს. მერე რა, რომ მკერდი არ აქვს და იმ ლიფში ბამბა უნდა ჩაიტენოს.

საიმონების ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-ჯერსიში გადადის და ეს მარგარეტისთვის ახალი თავგადასავლების დასაწყისი ხდება. ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, ახალი სახლი, რომელთან შეგუებაც ძალიან უჭირს და საპირფარეშო საკუჭნაოში ეშლება. სამაგიეროდ, ეზოში ბალახს მისი საოცნებო ბიჭი კრეჭს და მარგარეტიც წიგნს ამოფარებული ჩუმად ადევნებს თვალს მის საქმიანობას. და რატომ არ კრეჭს ბალახს მამა? კი, ძალიანაც უნდოდა და სცადა კიდეც, მაგრამ…

„ -ბარბარა, მიშველე! – იყვირა მამამ და სახლისკენ გამოიქცა. პირსახოცს ეცა და ხელზე შემოიხვია. შემდეგ კი იატაკზე უღონოდ დაეშვა და საშინლად გაფითრდა.

-ღმერთო ჩემო! – იყვირა დედამ, როდესაც პირსახოციდან სისხლმა გამოჟონა, – მოიჭერი?!

ამის გაგონებისთანავე გარეთ გავვარდი მამაჩემის ხელის მოსაძებნად. სადღაც წამეკითხა, რომ მოჭრის შემდეგ კიდურის შენახვა აუცილებელია, რადგან ზოგჯერ ექიმებს მისი უკან მიკერება შეუძლიათ. მთელი ეზო გადავაქოთე, მაგრამ ვერც ხელს და ვერც თითებს მივაგენი…“

არა, მამას, რა თქმა უნდა, არაფერი მოუჭრია, მაგრამ მარგარეტი რის მარგარეტია, თუ ყველაფერი ასე სასაცილოდ არ აღწერა. თუნდაც, რაბინის ლოცვა სინაგოგაში, როცა ხალხი ერთად დგებოდა და სხდებოდა, ლოცვებს ერთხმად კითხულობდა, მარგარეტი კი ქუდებს ითვლიდა და ჩუმ-ჩუმად ეცინებოდა.

მაგრამ მთლად ასე სახუმაროდაც ნუ გეგონებათ საქმე. მარგარეტ საიმონი საიდუმლო წრის წევრია, „ოთხი პასესი“, რაც – ოთხ პატარა სენსაციად იშიფრება და მასა და სამ მის თანაკლასელ გოგონას აერთიანებს.

და რაზე მსჯელობენ გოგოები საიდუმლო შეკრებებზე?

ექნებათ თუ არა ოთხი წლის შემდეგ ისეთი მკერდი, როგორიც „ფლეიბოის“ გოგონებს აქვთ.

როდის მოუვათ მენსტრუაცია.

მოსწონს თუ არა კლასის დამრიგებელს ლორა დენკერი, კლასში ყველაზე მაღალი გოგონა.

ვის შეხვდება ცეკვაში მეწყვილედ ფილიპ ლეროი, ბიჭი, რომელსაც ოთხივე ეპრანჭება.

თუმცა, მარგარეტი ხშირად იმიტომ მონაწილეობს ამ შეკრებებში, რომ მეგობრებს არ აწყენინოს. მისი მთავარი მესაიდუმლე კი სულ სხვა ადამიანია – ნიუ-იორკში მცხოვრები, მასზე ორმოცდაათი წლით უფროსი, ბრწყინვალე იუმორის მქონე ბებია, სილვია საიმონი.

სამოცი წლის სილვია ცოტა უცნაური ქალია. თმის ფერს თვეში ერთხელ იცვლის; სჯერა, რომ ყველა მატარებელი ბინძურია და გემრიელ საჭმელს ნიუ-იორკის გარდა, სხვაგან არსად ამზადებენ. ბებიასა და შვილიშვილს შორის უზარმაზარი სიყვარულის და ურთიერთგაგების ძაფებია გაბმული და მარგარეტიც, როცა რამე აწუხებს, ტელეფონს იღებს და თავის დარდს მსოფლიოში ყველაზე სასაცილო ბებიას უზიარებს.

ამ რომანში ხდება ის, რაც ყველა გოგოს ცხოვრებაში ხდება  პირველად და რასაც დიდი განცდები, სიხარული და უხერხულობები ახლავს თან. პატარა გოგონები წიგნში საკუთარ თავს ამოიცნობენ, უფროსები კი ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნდებიან და აუცილებლად გაეღიმებათ მარგარეტის ისტორიებზე.

ჯუდი ბლუმმა საოცარი წიგნი გვაჩუქა. ვერაფერს იტყვი. სწორად მოიქცა „Time”, როცა 2005 წელს წიგნი ბოლო ასწლეულში დაწერილ ას საუკეთესო ინგლისურენოვან ნაწარმოებში შეიყვანა.

მარი ბექაური

Leave a comment

Filed under მარი ბექაური, რევიუ

ურსულა ლე გუინი, „წყვდიადის მარცხენა ხელი“

wyvdiadis marcxena xeli-500x500

“გეთენელები” ერთმანეთს კაცებად ან ქალებად არ აღიქვამენ. დიახ, ეს ჩვენთვის ძნელად შესაგუებელია. გაიხსენეთ, პირველად რა შეკითხვას ვსვამთ ახალშობილის შესახებ?”

 

ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელმა” 1969-70 წლებში ერთდროულად მოიგო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ორი უმთავრესი პრემია – “ჰუგო” და “ნებულა”. სულ ახლახანს კი გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” და მთარგმნელმა ნიკა სამუშიამ ეს გამორჩეული ნაწარმოები, “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” სერიის ფარგლებში, ქართულ ენაზე შემოგვთავაზეს.

 

პოლიტიკა და გენდერული საკითხი ცივ პლანეტაზე – ასეთი შეიძლება იყოს წიგნის შინაარსის მოკლე აღწერა. “წყვდიადის მარცხენა ხელი” დიდწილად ორი უცხოპლანეტელის მეგობრობისა და მოგზაურობის საგაა. დედამიწელი დესპანი გენლი აი პლანეტა გეთენზე მიემგზავრება, რათა იქაურებს ინტერპლანეტარული კავშირის – ეკუმენის – არსებობის შესახებ ამცნოს და იქ გაწევრიანებაზეც დაიყოლიოს. წიგნი მის გეთენურ თავგადასავალს გვიყვება.

 

გეთენი სპეციფიკური პლანეტაა. იქ გამყინვარების ხანა დგას, მუდამ ცივა, ხშირად თოვს, ზამთარი ძალიან მკაცრია. ამიტომ სხვა პლანეტების წარმომადგენლები მას “ზამთარსაც” უწოდებენ. ამ “მუდმივი ზამთრის” პლანეტაზე ერთგვარი ორსქესიანი ადამიანები ცხოვრობენ. უფრო ზუსტად რომ ითქვას, დროის უმეტეს ნაწილში მათი სქესობრივი ნიშნები გამოკვეთილი არ არის. სქესობრივ ლტოლვას მხოლოდ თვეში ერთხელ, რამდენიმე დღით, ე.წ. “კემერში” ყოფნის დროს განიცდიან. ქალის ან მამაკაცის სქესობრივი ნიშნებიც მხოლოდ კემერის დროს გამოეკვეთებათ, სხვა დროს კი ისინი უბრალოდ ადამიანები არიან და არა “ქალები” ან “კაცები”. დედამიწელებს და სხვა პლანეტების წარმომადგენლებს ეს უჩვეულოდ ეჩვენებათ და შეიძლება სახეობის დეგრადაციად, სქესობრივ სიმახინჯედაც კი მიაჩნდეთ, მაგრამ გეთენელთა ფიზიოლოგია ჩვენთვის ცნობილ რეალურ ადამიანთა საზოგადოებებში არსებულ დუალიზმს და ბინარულ აზროვნებას გარდაქმნის და უფრო ჰოლისტური აზროვნებით ანაცვლებს. რომანის რევოლუციურ ხაზს ძირითადად გეთენელთა აღნიშნული სქესობრივი თავისებურება და ბინარული გენდერული  როლების არარსებობა ადგენს. “გაითვალისწინეთ: გეთენზე მოსახლეობა არ იყოფა სუსტ და ძლიერ ნახევრებად, დამცველებად და დასაცავებად, მბრძანებლებად და მორჩილებად, ბატონებად და ყმებად, აქტიურებად და პასიურებად”.

 

გეთენის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ იქ ომი არ არსებობს. პლანეტა ზამთარზე არასდროს უომიათ, თუმცა მცირემასშტაბიანი შეხლა-შემოხლა და მკვლელობები მათთვის უცხო არ არის. ავტორი მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა ეს მოვლენაც სპეციფიკური სქესობრივი ფიზიოლოგიითა და გენდერული დუალიზმის არარსებობით აიხსნებოდეს. თუმცა მეორე ვარაუდის თანახმად, ფართომასშტაბიანი აგრესიის – ომის – არარსებობა პლანეტის სუსხიან კლიმატს მიეწერება: შესაძლოა, გეთენელები მთელ ძალებს სიცივესთან ბრძოლას ახმარენ და ერთმანეთთან საომრად ძალა აღარ რჩებათ. მათ “ომისთვის არ სცხელათ”.

 

იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ გეთენელთა საზოგადოებრივ წყობას, ეკონომიკას, კულტურას, ფილოსოფიასა და რელიგიებს სწორედ ზემოხსენებული ორი ფაქტორი – სოციალურ გარემოში ასახული სქესობრივი ფიზიოლოგია და კლიმატის გავლენით შექმნილი ფიზიკური გარემო – განსაზღვრავს.

 

ურსულა ლე გუინის შექმნილ სამყაროში ასეთი მოცემულობა უფრო მეტ თანასწორობას, მთლიანობის შეგრძნებასა და ნაკლებაგრესიულობას განაპირობებს. თუმცა ეს სამყარო ადამიანური სიხარბისგან, პატივმოყვარეობისა და სისასტიკისგან დაცლილი არ არის.

 

სწორედ ამ პლანეტაზე ჩადის ეკუმენის წარგზავნილად დედამიწელი შავკანიანი მამაკაცი გენლი აი. იგი პლანეტის დიდ კონტინენტს სტუმრობს, სადაც ერთმანეთს ორი სახელმწიფო ესაზღვრება – ნახევრადფეოდალური კარჰაიდი და ძლიერად ცენტრალიზებული, ბიუროკრატიული ორგორეინი. სახელმწიფოთა მმართველები დესპანის გამოჩენას ენთუზიაზმით არ ხვდებიან. გენლი აი მათთვის “მუდმივ კემერში მყოფი”, გარყვნილი უცხოელია, რომელიც თავისი მოულოდნელი გამოცხადებითა და უჩვეულო შეთავაზებით მათ ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის.

 

თერემ ჰართ რემ ირ ესტრავენი – ეს არის სახელი იმ ერთადერთი ადამიანისა, რომელიც ეკუმენის დესპანს ენდობა და მის მისიას მხარს უჭერს. მიუხედავად ამისა, თერემი და გენლი ერთმანეთისთვის უცხონი, გაუგებარნი, უცხოპლანეტელები არიან, ამიტომ მათ დამეგობრებას გარკვეული დრო სჭირდება. საბოლოოდ, მათი მეგობრობა ძნელბედობის ჟამს ყალიბდება. ესტრავენს დესპანის მისიის მხარდაჭერის გამო საკუთარი სამშობლოდან განდევნიან, გულუბრყვილო და საქმეში ჩაუხედავი გენლი კი პოლიტიკოსების ვერაგობის მსხვერპლი ხდება. ორ განდევნილს, ორ უცხოპლანეტელს ერთობლივი დიადი მიზნის მისაღწევად – გეთენის ეკუმენში გასაწევრიანებლად – გრძელი და რთული გზის გავლა უწევს.

აია ბერაია

 

 

Leave a comment

Filed under აია ბერაია, რევიუ

ძნელია ღმერთობა

 

dznelia gmertoba-500x500

„კვირიდან კვირამდე ათასი ჯურის ვიგინდარასთან უხამსი ყბედობით იცვეთ ენას, შეხვდები ნამდვილ ადამიანს და ორი სიტყვას თქმასაც ვერ ასწრებ – მფარველობა უნდა გაუწიო, გადაარჩინო, სამშვიდობოს გაიყვანო. და ისიც მიდის. ისე მიდის, ვერ გაუგია, მოყვასს გადაეყარა თუ ახირებულ ნაბიჭვარს. ვეღარც შენ გაიგებ მის ავანჩავანს – რა უნდა, რისი მაქნისია, რით უდგას სული…“

 

  • სულ წერა-კითხვის, სულ წერა-კითხვის ბრალია, ძმებო! ბედნიერებას ფულით ვერ იყიდიო, ტეტიაც ადამიანიაო… გაუტიეს და გაუტიეს, ჯერ იყო და დამცინავი შაირების გამოთქმას მიჰყვეს ხელი, გავიხედოთ და – ბუნტი არ მომინდომეს?!
  • სარზე ძმებო, სუყველა სარზეა გასასმელი! ჩემი ნება რომ იყოს, აი, რას ვიზამდი – ეგრევე ვკითხავდი: წერა-კითხვა იცი? სარზე! ლექსების წერა გემარჯვება? სარზე! ანგარიში იცი? სარზე! მეტისმეტად ბევრი გცოდნია!

 

რუსი მწერლების, ძმების – ბორის და არკადი სტრუგაცკების რომანი „ძნელია ღმერთობა“ (Трудно быть богом) 1964 წელს დაწერილი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებია. თავდაპირველად მხიარული, სათავგადასავლო, ალექსანდრე დიუმას მუშკეტერებისეული რომანის დაწერას გეგმავდნენ; თუმცა მას შემდეგ, რაც ნიკიტა ხრუშჩოვმა მოსკოვში მდებარე მანეჟის ისტორიულ შენობაში გამართულ გამოფენას „დეგენერატული ხელოვნება“ უწოდა და საბჭოთა ავანგარდისტ მხატვრებს დიდი სკანდალი მოუწყო[1], სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ღიად დაუპირისპირდა აბსტრაქციონიზმსა და ფორმალიზმს. შედეგად, ნაწარმოების კონცეფცია კარდინალურად შეიცვალა.

„…კი ბატონო, დევნეთ წიგნისჭიები, აკრძალეთ მეცნიერება, მოსპეთ ხელოვნება – ადრე თუ გვიან მაინც მოეგებით გონს და კბილების კრაჭუნით მწვანე შუქს აუნთებთ ყველაფერს, რაც ასე სძულთ ძალაუფლების მოყვარულ უმეცრებსა და ბრიყვებს.“

სტრუგაცკების ნაწარმოების ყველაზე ამაზრზენი პერსონაჟი ულმობელი და სისხლიანი დიქტატორი – დონ რებაა, რომლის პროტოტიპიც ლავრენტი ბერიაა. დონ რებას თავიდან დონ რებია ერქვა, თუმცა ივან ეფრემოვის, რუსი მწერლის და პალეონტოლოგის რჩევის თანახმად, ასევე გამოუქვეყნებლობის შიშით, სახელი შეცვალეს. კომუნიზმის პოლიტიკური კონიუნქტურის ჩარჩოები კი – ცვლილების მიუხედავად, ძალიან ცხადად წარმოადგინეს.

ნაწარმოებიდან ვიგებთ, რომ კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელს, ისტორიკოს ანტონს სხვა პლანეტაზე გზავნიან, იქაური ცივილიზაციის გამოსაკვლევად. ყველაფერი, რასაც ამ პლანეტაზე მუშაობის თხუთმეტი წლის განმავლობაში შესწრებია, ფეოდალიზმის იმ ბაზისური თეორიის ფარგლებში თავსდება, რომელიც ლაბორატორიებისა და კაბინეტების სიჩუმეში, მტვრიანი გათხრებისა თუ დარბაისლური დისკუსიების დროს შეიმუშავეს… პერსონაჟი ხვდება, რომ შუასაუკუნეობრივი სიმხეცის ნორმალური დონე, ტოტალიტარული მმართველობა, განუკითხაობა, კანონების სრული უგულვებელყოფა – არკანარის „ბედნიერი“ გუშინდელი დღეა. დღეს ქვეყნის ცას სხვა აჩრდილი წამოსდგომია. ადამიანის სახის დაკარგვა, სულის წაბილწვა, გასასტიკება…

ჯალათების გულგრილი სისასტიკე და მსხვერპლთა გულგრილი მორჩილება… არკანარის კომუნისტური რესპუბლიკის სკოლებში სასწავლო სტერეოვიზორს მიმსხდარი მოსწავლეები ვერც ბოძებზე ჩამოკიდებული დამწვარი გვამების სუნს გრძნობენ და ვერც მტვერში მწოლიარე შიშველ, გაფატრულ გვამებს ამჩნევენ. „ადრეა მაგათთვის ფიქრი. არადა, ამაზე ადვილი რა უნდა იყოს – ათი ათასი ამისთანა უროსმცემელი, ერთი თუ გაიწიეს, ლავაშივით გააბრტყელებს ვისაც გინდა. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ჯერ ისე არ გაბრაზებულან, გაიწიონ. ჯერ მხოლოდ ეშინიათ. ყველა თავის თავზე ზრუნავს, მხოლოდ ღმერთი ზრუნავს ყველაზე…“

ნაწარმოები გვიჩვენებს რა ემართება კანონმორჩილ ადამიანს აბსოლუტური კონტროლისა და ძალადობის პირობებში. მის სულში არსებული ჰუმანიზმის ჭა, ოდესღაც უძირო რომ ეგონა, შემაშფოთებელი სისწრაფით შრება. თუ ერთ დროს ადამიანისადმი სიყვარულს და მოწიწებას ანთროპოცენტრიზმამდეც კი მიჰყავდა, ახლა საკუთარ თავს ეკითხება: „განა ესენი ადამიანები არიან? განა შესაძლებელია, ოდესმე ადამიანებად იქცნენ?“ ამ ხალხს სული უწმინდურებით აქვს სავსე და მორჩილი მოლოდინის ყოველი წუთი უფრო მეტად უბინძურებს. თავზარდაცემული მშობლების სახლებში იბადება ნაძირალა, მაბეზღარა, მკვლელი, სამუდამო შიშით გათანგული ათასობით პირმშო… “და მუდამ იქნება უმეცარი ხალხი, რომელიც აღფრთოვანდება თავისი მჩაგვრელებით და შეიძულებს თავის განმათავისუფლებელს. ეს იმიტომ, რომ ბატონისა, თუნდაც სასტიკის, მონას გაცილებით უკეთ ესმის, ვიდრე განმათავისუფლებლის; რამეთუ ყოველი მონა იოლად წარმოიდგენს თავს ბატონის ადგილას, მაგრამ ცოტა თუ შეძლებს თავი უანგარო განმათავისუფლებლის ადგილას წარმოისახოს.“

ქედმოხრილი კონფორმისტების გვერდით, არსებობენ კეთილი, ერთგული, თავგანწირული, უანგარო, კაცობრიობის სისხლიანი ისტორიის ყოველი ეპოქისთვის დამახასიათებელი ნათელი, უმანკო ადამიანები. მაგრამ, „რუხთა სიხარულისგან“ განსხვავებით, პროგრესი შორია… „ბრძოლა რომ შეგეძლოს, სიძულვილის უნარი უნდა გქონდეს“… განათლებულ ადამიანთა ხვედრი ხანდახან ლეგენდარული ღმერთების ტვირთზე უფრო ძნელია.

 

ნინო ნოზაძე

[1]Что это за лица? Вы что, рисовать не умеете? Мой внук и то лучше нарисует! … Что это такое? Вы что — мужики или педерасты проклятые, как вы можете так писать? Есть у вас совесть?

Очень общо и непонятно. Вот что, Белютин, я вам говорю как Председатель Совета Министров: все это не нужно советскому народу. Понимаете, это я вам говорю! … Запретить! Все запретить! Прекратить это безобразие! Я приказываю! Я говорю! И проследить за всем! И на радио, и на телевидении, и в печати всех поклонников этого выкорчевать!

Художников учили на народные деньги, они едят народный хлеб и должны работать для народа, а для кого они работают, если народ их не понимает?“

Leave a comment

Filed under ნინო ნოზაძე, რევიუ

და შემდეგ…

shop_product_image_1922

 

 

Memento mori 

Respice post te! Hominem te memento!

 

თანამოსასმენი: Alexandre Desplat – Afterwards – Wonder of  life

 

“…როცა ზაფხულის კაბით სილაში მორბენალს გიყურებდი, საოცრების მჯეროდა, მეგონა, სიკვდილი გვერდს აგივლიდა, შენ იქნებოდი ის ერთადერთი, სასწაულებრივად განკურნებული, წმინდა ემილი, რომლის ავადმყოფობის ისტორია მთელი მსოფლიოს ექიმებს საგონებელში ჩააგდებდა.

ერთ დღეს ტერასაზე მთელ ხმაზე ჩავრთე მუსიკა: ბახის გოლდბერგის ვარიაციები, რომელსაც ერთად ხშირად ვუსმენდით. შორიდან გიყურებდი და ტირილი მინდოდა. ამის ნაცვლად, გიღიმოდი და შენც კაშკაშა მზის ქვეშ ცეკვა დაიწყე. შემდეგ ხელებით მიხმე, რომ ერთად გვეცურა.”

ეს ნაწყვეტი თანამედროვე ფრანგ მწერალს, გიიომ მიუსოს ეკუთვნის. რომანი „და შემდეგ“ (Et après; Afterwards) 2004 წელს გამოიცა და დახვეწილი, გასაგები ენით დაწერილმა ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიამ მყისვე მოიპოვა მკითხველის მოწონება; საფრანგეთში მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და ოცდასამ ენაზე ითარგმნა.

მიუსო 1974 წლის 6 ივნისს ანტიბეში, სამხრეთ საფრანგეთში დაიბადა. ლიტერატურის უკომპრომისო სიყვარულის გამო, ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამ სფეროში გააგრძელებდა მოღვაწეობას. სკოლის დამთავრების შემდეგ, 19 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. თავი ნაყინის გაყიდვით გაჰქონდა და პირველი რომანის (Skidamarink) ფაბულას საგულდაგულოდ ამუშავებდა. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ამერიკის ულამაზესი პეიზაჟების აღწერითა და არაჩვეულებრივი მუსიკალური რეპერტუარით (ბილ ევანსი, ნინა სიმონე, გლენ გულდი, კით ჯარეტი, შანია ტვეინი, ჰილარი ჰანი და მრავალი სხვა). როგორც ჩანს, საზღვარგარეთ ყოფნამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

1991 წელს, მონპელიესკენ მიმავალი 24 წლის მიუსო მძიმე ავარიაში მოჰყვა. როგორც მწერალი იხსენებს, ავტოკატასტროფისას ნიცაში გატარებულ ბოლო ღამეზე, პირველ ღირსეულ სამსახურსა და ახალდაწყებულ სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობდა. სიცოცხლის დაკარგვის შიშმა და სასწაულებრივმა გადარჩენამ ისეთი მეტამორფოზა განაცდევინა, რომ კლინიკური სიკვდილის შესწავლა მისი მთავარი პრიორიტეტი გახდა. ეცნობოდა სამეცნიერო ლიტერატურასა და სხვადასხვა პაციენტების ისტორიებს. კითხულობდა თეოლოგიურ ნაშრომებს. საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავგადასავალი მოეთხრო და ახალი რომანის ოთხმოცი გვერდი რედაქტორს გაუგზავნა. ამ უკანასკნელმა კი – ნაწარმოების გაგრძელება სთხოვა. ასე შექმნა გიიომ მიუსომ მეორე რომანი –  „და შემდეგ…“, რომლის მიხედვითაც რეჟისორმა ჟილ ბურდომ მისტიური თრილერი „სიკვდილის მძევალი“ გადაიღო.

ნაწარმოების მთავარი გმირი ღარიბი ემიგრანტის ვაჟი, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი – ნათან დელ ამიკოა. რვა წლის ასაკში მეგობარი გოგონას გადასარჩენად ტბაში გადახტა; მელორი სიკვდილისგან იხსნა, თვითონ კი – „სინათლის გვირაბში“ აღმოჩნდა…

…კლინიკური სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლე თავიდან დაიწყო.

თავისი ცხოვრების პირველი სიყვარული, ქალი, რომელიც ნანტაკეტში დახრჩობას გადაარჩინა, ცოლად შეირთო. სახელი გაითქვა და  ზემო ვესტ-საიდის პრესტიჟულ შენობაში დასახლდა.

ერთ დღეს, საადვოკატო ბიუროში მყოფს, მომნუსხველი აურის მქონე ექიმი ესტუმრა. ამ უკანასკნელისგან შეიტყო, რომ ხელმეორე და ამჯერად სამუდამო წასვლის თარიღი მოახლოვდა. ნათანი აგონიაშია; იმის დრო, რომ კარიერული წინსვლის ნაცვლად, ახლობელ ადამიანებზე იზრუნოს, აღარ არის…

„…ღმერთო ჩემო, რა სულელი ყოფილა! სიცოცხლეზე ძვირფასი რა უნდა იყოს? მოწყენილად გატარებული დღეც კი ცოცხალ ადამიანად ყოფნის დღე იყო. ამას ახლა ხვდებოდა. სამწუხაროა, უფრო ადრე რომ არ გაიაზრა ეს ყველაფერი.

ჰო, რას იზამ, შენ არ ხარ პირველი, ვინც ეს იგრძნო, მეგობარო. სწორედ ესაა სიკვდილის პრობლემა: კითხვების დასმას მაშინ იწყებ, როცა უკვე ძალიან გვიანია…“

მოუწევს თუ არა სასოწარკვეთილ პერსონაჟს გარდაუვალთან შეგუება, ნაწარმოებიდან შეიტყობთ. გარდა ამისა, ავტორი ადამიანის დანიშნულებაზე, გრძნობათა მარადიულობასა და სიკვდილ-სიცოცხლის ვიწრო ზღვარზეც დაგაფიქრებთ.

ნინო ნოზაძე

Leave a comment

Filed under ნინო ნოზაძე, რევიუ, Uncategorized

რადიარდ კიპლინგი აი, ასეთი ამბები

 

Just So Stories_Cover_PLC 5.5.indd

რადიარდ კიპლინგის სახელის შესახებ ასეთი რომანტიკული მითი არსებობს: მწერლის მშობლებს ერთმანეთი სტაფორდში, ინგლისის ერთ-ერთ საგრაფოში,  „რადიარდის“ ტბაზე გაუცნიათ და საკუთარი შვილისთვისაც ამიტომ დაურქმევიათ იმ დროისთვის უცნაური სახელი.

კიპლინგის შემოქმედებაზე უზარმაზარი გავლენა მისმა მოგზაურობებმა იქონია. მოგზაურობდა ინდოეთში (სადაც დაიბადა და საკუთარ სამშობლოდაც  მიიჩნევდა), აფრიკაში, იაპონიაში… დაგროვილ ამბებს, მოსმენილ ისტორიებს, შთაბეჭდილებებს ტექსტებად აქცევდა.  იგი ახალი ტიპის ლიტერატურული ზღაპრის შემქმნელია, განსხვავებული კეროლისგან და უაილდისგან.

ინდოეთის, აფრიკის სამყარო, რომელიც ასე განსხვავდებოდა დასავლეთისაგან, მისი უბრალოება, უჩვეულო, საინტერესო ისტორიები – არა მხოლოდ ტურისტული თვალით დაკვირვება, არამედ მისი შინაგანი ხედვა ჩანს კიპლინგის შემოქმედებაში.

ცხოველთა სამყაროს ფანტასტიკურ აღწერას სთავაზობს კიპლინგი ბავშვებს წიგნში „აი, ასეთი ამბები“. ავტორი პატარა მკითხველს უშუალოდ მიმართავს და მასაც  უფრო და უფრო იტაცებს, უფრო და უფრო უყვარდება „აი, ასეთი ამბები“.

რატომ არ ჭამს ვეშაპი ბიჭებს და გოგოებს, რატომ აქვს მას ასეთი ხახა, ვინ იმარჯვა და ვინ გადააჩვია იგი ადამიანების ჭამას; რატომ აქვს სპილოს ამხელა ხორთუმი, ლეოპარდს – ლაქები, აქლემს – კუზი; იცით თუ არა რატომ გაუჩნდა მარტორქას კანის ნაოჭები, პირველი ანბანი როგორ შეიქმნა, კატა თავისით როგორ დადის?

პატარ-პატარა მითები, ამბები პასუხებია კითხვებზე, რომლებიც ბავშვებს უჩნდებათ მას შემდეგ, რაც ისინი სამყაროს აღქმას და შეცნობას იწყებენ.  ამ კითხვებზე ზღაპრულად, ჯადოსნურად  გაცემული პასუხი  თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ინდოეთში ცხოვრებისას კიპლინგი აგროვებდა ამბებს, რომლებსაც ტრადიციული  გადმოცემის ფორმები და თემები ჰქონდათ, თავად კი მათ ძალიან სასაცილო და მხიარულ ელფერს აძლევდა.

გაინტერესებთ, რატომ აქვს ხორთუმი სპილოს, რომელსაც ადრე მხოლოდ ერთი მოშავო, ამობურცული ღილივით ცხვირი ჰქონია?  ამ პატარა სპილოს ძალიან ჰყვარებია მოულოდნელი და ზოგჯერ უადგილო შეკითხვების დასმა.  მისი ერთი კითხვა თურმე ნიანგსაც ეხებოდა: „რომელია ნიანგი?“, „სად არის ნიანგი?“ ჰოდა, ერთხელ თავად ნიანგს მიადგა. აი, შემდეგ რა მოხდა და მიიღო თუ არა კითხვაზე პასუხი პატარა სპილომ, ან ის ღილივით ცხვირი როგორ ექცა ხორთუმად, ამის  გასაგებად აუცილებლად უნდა წაიკითხოთ  „აი, ასეთი ამბები“. წიგნი რომელიც დიდსაც და პატარასაც ერთნაირად დააინტერესებს, ჯადოსნურ,  წარმოუდგენლად საინტერესო სამყაროში ამოგზაურებს, ფანტაზიის უნარს განუვითარებს და  ბოლოსდაბოლოს, ცხოველების, ცოცხალი სამყაროს  მიმართ სიყვარულის  და თანაგანცდის გრძნობას გაუღვივებს. „აი, ასეთი ამბები“ განსაკუთრებით ძილის წინ საკითხავი წიგნია, რომლის წაკითხვის შემდეგაც ტკბილი, მშვიდი ძილი, ლამაზი, ფერადი სიზმრებით – გარანტირებულია.

ინა იმედაშვილი

 

Leave a comment

Filed under ინა იმედაშვილი, რევიუ, Uncategorized

წიგნები ცხოველებზე

44620_1

ბავშვების და მოზარდების უმრავლესობა დიდ სიამოვნებას იღებს ცხოველების შესახებ წიგნების კითხვით. მათი საინტერესო ისტორიების, განსაკუთრებული თვისებების და ხასიათის გაცნობით ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიას გრძნობს. ეს ჰარმონია კი უაღრესად საჭირო და აუცილებელია დღესდღეობით, როდესაც სამყარო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. გარდა ამისა, თანაგრძნობის, თანაგანცდის და სიყვარულის ჩამოყალიბებას ასეთი წიგნები მეტად ეხმარებიან და სხვა თვალით, სიღრმისეულად ახედებენ მკითველს ცხოველთა სამყაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცხოველების შესახებ წიგნებზე, იმაზე, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ ბავშვებზე და მოზარდებზე, „ბუქსითის“ ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე ესაუბრა:

  1. წიგნები ცხოველებზე – მოგვიყევით მათზე, რომლებს გამოყოფდით?

 

ალბათ პირველი წიგნი, რომელიც ნებისმიერ მკითხველს გაახსენდება ცხოველებთან მიმართებაში, არის კიპლინგის „მაუგლი“, სადაც ადამიანი, პირდაპირი მნიშვნელობით, ცხოველების მიერ გაიზარდა. უფრო სწორად კი, მტაცებელი, ველური ცხოველების მიერ. ამას გარდა, მრავალ ნაწარმოებში ცხოველები მთავარ გმირებადაც კი გვევლინებიან – მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის ლიტერატურულ შედევრებში.  თუ ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, კანადელი მწერალი, ერნესტ სეტონ-თომპსონი მსოფლიოში პირველი ყოფილა, რომელსაც თავისი მოთხრობების გმირებად ცხოველები და ფრინველები გამოუყვანია. მთელი ცხოვრება ის თავისი გმირების ცხოვრებას სწავლობდა, შესაბამისად, ძალიან ნათლად აქვს გადმოცემული მათი ბუნება („მოთხრობები ცხოველებზე“,   „ როლფი ტყეში“…). შეგვიძლია გავიხსენოთ აგრეთვე სამი გოჭი, ჩექმებიანი კატა და ა.შ.  ამასთან, აღსანიშნავია ისიც რომ, ცხოველები არა მხოლოდ საბავშო წიგნებში გვხვდებიან მთავარ როლებში.

 

  1. როგორ გავლენას ახდენს ასეთი წიგნები მკითხველზე, ბავშვებზე?

ნაწარმოები,რომელის მთავარი პერსონაჟიც ცხოველია, არაერთგვარ რეაქციას იწვევს მკითხველში. ფსიქოლოგიურად ცხოველების სიმბოლოს საკმაოდ ღრმა და მნიშვნელოვანი   დატვირთვა აქვს. მაგალითად, ძაღლი ასოცირდება  მეგობრობასთან, ლომი – სიძლიერესთან და ა.შ. შვლის ნუკრი კი დაუცველ, უსუსურ არსებასთან, რომელსაც ადამიანისგან სითბო სჭირდება. ამ ნაწარმოებში განსაკუთრებულად ვხედავთ, თუ რამხელა ზიანი შეუძლია მოუტანოს ადამიანმა გარემოს, ცხოველს… ვფიქრდებით ჩვენს ცხოველურ (ველურ) ბუნებაზე.

 

  1. რამდენად საჭიროა ბავშვისთვის თავიდანვე შეუყვარდეს ცხოველთა სამყარო?

ცხოველის სიყვარულით ბავშვი სწავლობს ჩვენგან განსხვავებულის სიყვარულს, უსიტყვოდ გაგებას, ზრუნვას, რის განზოგადებაც ხდება სამომავლოდ ადამიანებზეც.  რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ფანატიკურ სიყვარულს, ფანატიზმის ნებისმიერი გამოვლენა არაჯანსაღია.

 

  1. უწყობს თუ არა ხელს წიგნები ცხოველებზე იმას, რომ ბავშვი ტოლერანტული, შემწყნარებელი, ეკოლოგიური აზროვნების მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბდეს? ხომ არ დაგვისახელებდით კონკრეტულ მაგალითებს კონკრეტული წიგნებიდან?

 

დიახ, ზუსტად ამას ვგულისხმობდი განსხვავებულის დაფასებაში. როდესაც ვეცნობით  მათ სამყოფელს, იმ არეალს, სადაც უწევთ ცხოველებს ცხოვრება,  განსაკუთრებული ემპათიით ვიმსჭვალებით მათ მიმართ. არაერთ მულტფილმსა თუ ნაწარმოებშია გადმოცემული ტყის გაჩეხვის შედეგად უსახლკაროდ დაჩენილი ცხოველების ბედი.

მაგალითად, „ნემოს ძიებაში“ – სიუჟეტში ვხედავთ, როგორ დაზარალდა თევზების ოჯახი ადამიანის ქმედების გამო, როგორ ეძებს მამა თავის ერთადერთ შვილს, რომელიც ძლივს გადარჩა ოკეანის პირობებში და ადამიანმა დაიჭირა.

 

  1. ჯაჭვივითაა – ბავშვი, მოზარდი კითხულობს წიგნს ცხოველებზე, შემდეგ მას უჩნდება თანაგრძნობის და სიბრალულის განცდა მათ მიმართ.  ეს შეგრძნება მერე უკვე ადამიანების მიმართაც უყალიბდება. ცხოველებიდან – ადამიანებამდე. რას იტყვით ამაზე?

ადამიანის ბუნება, როგორც ცნობილია, მიმართულია განზოგადებისკენ, მას შეუძლია განაზოგადოს როგორც ნეგატიური გამოცდილება, ასევე პოზიტიურიც. მაგალითად, თუ უკბენს ძაღლი, დიდია ალბათობა, რომ შემდგომში ყველა ძაღლის მიმართ ჰქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება. ზუსტად ასევეა პოზიტიურიც – თუ ბავშვს ვასწავლით სხვაზე ზრუნვას, სიყვარულს, ვუხსნით, რომ დაუცველ, უსუსურ არსებას სჭირდება ყურადღება და მოვლა, ამით მყარ საფუძველს ვუქმნით მის ჰუმანურ ბუნებას.

  1. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ბავშვს სახლში შინაური ცხოველი ჰყავდეს და უვლიდეს. რატომ?

 

ცხოველებთან ურთიერთობით ადამიანი დადებით მუხტს იღებს, ისინი გვჩუქნიან უანგარო სიყვარულს, სითბოსა და მადლიერების გრძნობას. როგორც წესი, ცხოველი ოჯახის სრულფასოვან წევრად იქცევა ხოლმე.  ბავშვი, რომელიც ცხოველს უვლის, მეტად აფასებს იმ მზრუნველობას, რომელსაც თავად იღებს ოჯახის წევრებისგან.

თუმცა, ეს ყველაფერი უცხოა იმ ადამიანისთვის, ვისაც ცხოველი არასოდეს ჰყოლია, არც ბავშვობაში და არც ამის შემდეგ.
ხშირად ადამიანს, რომელსაც ცხოველები არ უყვარს, უჭირს ადამიანის გარდა სხვა ცოცხალი არსების პატივისცემა.

 

  1. რას იტყვით ზოოპარკზე? ბავშვისთვის სტრესი ხომ არ არის დატყვევებული, შეწუხებული ცხოველების ყურება, ან ხომ არ ჩამოუყალიბებს მას გარკვეულ შეხედულებებს ცხოველებზე – რომ ისინი აუცილებლად ვოლიერებში უნდა იყვნენ? ან რომელი წლიდან არის მიზანშეწონილი ზოოპარკში მათი წაყვანა და მშობელმა როგორ უნდა აუხსნას ეს ყველაფერი?

ზოოპარკების არსებობა სადაო თემად თვლება უკვე დიდი ხანია. ერთის თქმით,  მისი არსებობის წყალობით ცხოველთა მრავალი ჯიში გადაურჩა გადაშენებას, მეორენი თვლიან, რომ არ გვაქვს უფლება შევაჩეროთ ბუნების კანონზომიერება და ცხოველი, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშე დგას, თავად უნდა ადაპტირდეს. გარდა ამისა, კრიტიკის საგანი ხდება პირობები, რომლებშიც ცხოველები იმყოფებიან. თუმცა xx საუკუნის დასაწყისში ზოოპარკის არსებობის ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, რევოლუციური ცვლილება მოხდა – გალიები ცხოველთა საბინადრო გარემოს ანალოგის მიხედვით შექმნილი ვოლიერებით შეიცვალა. ამ რევოლუციის ავტორი – გერმანელი კარლ ჰაგენბეკი – ჰამბურგთან მდებარე ზოოპარკის მფლობელი და დირექტორი იყო.

ასეთ პირობებში ცხოველების ნახვა სასიამოვნო პროცესია და ფსიქოლოგიური ტრავმაც მათი დატყვევებული მდგომარეობის გამო მინიმალურია.

ვერ გეტყვით, რომ ვოლიერებში ცხოველების ნახვას შეუძლია მათი აუცილებლად ვოლიერში ყოფნის შეხედულების გაჩენა. ამ დროს მთავარია მშობლისა და შვილის კომუნიკაცია, როგორ მიაწოდებს მშობელი შვილს ზოოპარკში მყოფ ცხოველზე ინფორმაციას.

 

  1. ამავე თვალსაზრისით, რას გვეტყვით ცირკზე?

 

ცირკზე ნაკლებად დადებითი შთაბეჭდილების ვარ და აქ სუბიექტურ აზრს ვერ გავექცევი. იქ ძირითადად შოუსთვის იყენებენ თითოეულ ცხოველს, და გარკვეული ასაკის შემდეგ (როდესაც ვეღარ ღებულობენ წარმოდგენებში მონაწილეობას) მათ ზოოპარკში ან თავშესაფარში აბარებენ.

 

  1. თბილისში დატრიალებული ტრაგედიის დროს საზოგადოების ერთი ნაწილი წუხდა იმაზე, რომ საზოგადოების მეორე ნაწილს მხოლოდ ცხოველები ეცოდებოდა და მათ ამბავს განიცდიდა. რას ეტყვით მათ ამის შესახებ? ამბობენ, რომ თუკი ცხოველი გიყვარს, შეუძლებელია ადამიანი არ გიყვარდეს.

კიდევ ვიტყვი, რომ რადიკალიზმი და ცალხაზოვნად რაღაცის მტკიცება არასწორად მეჩვენება.  მართალია, ნამდვილი ტრაგედია იყო რაც თბილისში დატრიალდა, ნამდვილად არ შეიძლება მიემხრო და გეცოდებოდეს მხოლოდ ადამიანები ან მხოლოდ ცხოველები. თითოეულმა ადამიანმა უნდა გავაცნობიეროთ ის პასუხისგებლობა, რაც სხვაზე ზრუნვის აღებას მოჰყვება. სახელმწიფო ზრუნავს მოსახლეობაზე, ზოოპარკის ადმინისტრაცია – ცხოველებზე და ა.შ. შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, არ გვეცოდებოდეს ჩვენ მიერ დატყვევებული ცხოველი.

 

  1. დავუბრუნდეთ ისევ წიგნებს ცხოველებზე. ამ წიგნებს, უფრო მასშტაბურად, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ბავშვისთვის, მისი ღირებულებების და პიროვნების ჩამოყალიბების თვალსაზრისით?

 

წიგნები ასწავლიან ადამიანს ჰუმანურობას, მეგობრობას, ზრუნვას, ურთიერთობას, სიყვარულს… სიმართლე გითხრათ, ნაკლები მნიშვნელობა აქვს მეგობრობის მაგალითისთვის, ცხოველების  მეგობრობის ისტორია გვხვდება თუ ადამიანების. მთავარია ასაკის შესაფერისი ლიტერატურის შერჩევა, მერე კი კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ ისინი გაჩნდებიან კითხვის დასრულების შემდეგ.

Leave a comment

Filed under ბავშვები და მოზარდები, ირმა კვაჭაძე

ჟურნალი „ფანტასტი“ – ფანტასტიკური ლიტერატურა

shop_product_image_155710

წიგნიერების პოპულარიზაციისთვის, მკითხველთა რიცხვის გაზრდისთვის და ზოგადად საინტერესო კულტურული ცხოვრებისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია ლიტერატურული კლუბების და გამოცემების არსებობა. კლუბები იძლევა იმის საშუალებას, რომ ლიტერატურით დაინტერესებულ, საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს ჰქონდეთ სივრცე, ადგილი, სადაც შეიკრიბებიან, ისაუბრებენ, იმსჯელებენ, გაცვლიან მოსაზრებებს,  წაუკითხავენ ერთმანეთს საკუთარ ტექსტებს. ასეთი კლუბები უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუკი ისინი საკუთარ თავზე ჟურნალის გამოცემას აიღებენ და უკვე ბეჭდური სახით გააგრძელებენ წიგნიერების თუ ჟანრის პოპულარიზაციას, კლუბის წევრების სტატიების, თარგმანების, ტექსტების, კვლევების ბეჭდვას. სწორედ ამ საქმიანობას ეწევა „ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულთა კლუბი“ და ჟურნალი „ფანტასტი“. კლუბის და ჟურნალის დამაარსებელი, იდეის ავტორი მწერალი ირაკლი ლომოურია. „ბუქსითი“ მას კლუბის და ჟურნალის ფუნქციებზე, მიზნებზე ესაუბრა.

მოგვიყევით თქვენს შესახებ. როგორ გაჩნდა იდეა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია, მაგრამ მოკლედ გეტყვით: დავიბადე 1959 წელს თბილისში. მამაჩემი და დედაჩემი ექიმები იყვნენ, –  კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა და კითხვა ადრეული ასაკიდან დავიწყე.  გულჩათხრობილი ბავშვი ვიყავი და ეზოში ჩასვლასა და ტოლებთან თამაშს მერჩია შინ ვყოფილიყავი და წიგნი მეკითხა.  თორმეტიოდე წლის ასაკში აღმოვაჩინე სამეცნიერო ფანტასტიკა  – მამაჩემს გამოწერლი ჰქონდა „თანამედროვე ფანტასტიკის ბობლიოთეკა“, რომელსაც რუსები გამოსცემდნენ… ერთი სიტყვით, ძლიერ შემიყვარდა და დღესაც მიყვარს, თუმცა მე თვითონ უფრო აბსურდულ, ირონიულ ტექსტებს ვწერ. ვიბეჭდები 1981 წლიდან. გამოცემული მაქვს მოთხრობების რამდენიმე კრებული.

შარშან აგვისტოში დასვენება მოვიწყე – პლანშეტი ჩამივარდა ხელში, წამოვწექი

და ვიკითხე და ვიკითხე ფანტასტიკა – ინტერნეტიდან ვქაჩავდი… ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 150 მოთხრობა წავიკითხე (ზოგიც გადავიკითხე) და ისეთი სიამოვნება მივიღე, ისე მომინდა, რომ სხვამაც ისიამოვნოს, გავბედე და “ფეისბუქზე” გამოვაცხადე – მოდი, ფანტასტიკის მოყვარულთა ლიტერატურული კლუბი შევქმნათ და ჟურნალი გამოვცეთ-მეთქი…

მადლობა ღმერთს, ვიპოვე ფანტასტიკის მოყვარული შესანიშნავი ადამიანები –

შევქმენით კლუბი, დავმეგობრდით, და მოვამზადეთ ჟურნალის პირველი ნომერი,

რომელიც რეი ბრედბერის ეძღვნება და უკვე გაყიდვაშია.

 

 

რა არის კლუბისა და ჟურნალის მიზანი?

ჩვენი მიზანია ფანტასტიკის პოპულარიზაცია საქართველოში, ახალგაზრდა ქართველი ფანტასტების აღმოჩენა, წახალისება და ხელშეწყობა.

 

3.როგორ ფიქრობთ, თანამედროვე საქართველოში რას უნდა უკავშირდებოდეს ფანტასტიკის ჟანრის პოპულარობა?

 

ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვე საქართველოში ფანტასტიკა ზოგადად პოპულარულია. მოზარდ თაობაში პოპულარულია ფენტეზი, რომელიც, ცხადია, ფანტასტიკის ერთ-ერთი ჟანრია.  მისი პოპულარობის ზრდას  კინემატოგრაფმა შეუწყო ხელი.

 

 

თავად ამ ჟანრზე რას გვეტყვით, რომელ ქვეჟანრებს მოიცავს?

პირადად მე ცნება “ფანტასტიკას” ძალზე ფართოდ განვიხილავ და ეს ჩვენი ჟურნალის კონცეპტუალური მიდგომაა. ჩვენ დავბეჭდავთ სამეცნიერო ფანტასტიკასაც, ფენტეზისაც,

ჰორორსაც, მისტიკასაც, აბსურდსაც, სიურრეალიზმსაც, “მაგიურ პროზასაც“

და ლიტერატურულ ზღაპარსაც… ანუ ყველაფერს, რაც ყოფით განზომილებას, პროზაულ რეალობას  სცდება და აღემატება.

რაც შეეხება სამეცნიერო ფანტასტიკას, ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ესაა მხოლოდ და მხოლოდ ზღაპრები მანქანებსა თუ მექანიზმებზე, ტექნიკასა და ტექნიკურ პროგრესზე. არადა,

საუკეთესო ფანტასტიკას აინტერესებს ადამიანი, ჰუმანიტარული, საკაცობრიო პრობლემები და არა მექანიზმები, ყოველ შემთხვევაში, იმ ფანტასტიკას, რომელიც მიყვარს და რომელსაც ჟურნალში გამოვაქვეყნებთ.

რაც შეეხება ფანტასტიკის ქვეჟანრებსა და  ისტორიას – ეს საფუძვლიანი საუბრის თემაა. მოკლე ინტერვიუში შეუძლებელია სრულყოფილად მიმოიხილო ფანტასტიკის ქვეჟანრები  – ძალზე ბევრია და ისტორია  – ძალზე ვრცელი.  ჩვენი ჟურნალის პირველ ნომერში გამოქვეყნებულია ახალგაზრდა მწერლისა და მკვლევრის, ლევან გელაშვილის (თსუ-ს დოქტორანტია, ფილოლოგი) წერილი „ფანტასტიკა, როგორც ჟანრი“. პასუხი თქვენს კითხვაზე  იქ  შეიძლება მოიძიოთ.

 

 

 ჟურნალი „ ფანტასტი “ – რა პრინციპით ირჩევა დასაბეჭდი მასალა, ავტორები?

პრინციპი ერთია – მასალა უნდა იყოს ორიგინალური, საინტერესო, აკმაყოფილებდეს გარკვეულ მხატვრულ დონეს.  ჩვენ დავბეჭდავთ  უცხოური ფანტასტიკის საუკეთესო ნიმუშებს და ასევე ქართველი ავტორების ნაწარმოებებს. ჩვენი კლუბი ფაქტობრივად ლიტერატურული სტუდიაა, სადაც ერთმანეთს ვეხმარებით ჩვენი ტექსტების დახვეწაში – ვუკითხავთ ერთმანეთს ჩვენს ნაწერს და ერთობლივად ვარჩევთ.

 

პირველი ნომერი ბრედბერის მიეძღვნა, რატომ მაინდამაინც ეს ავტორი?

 

პასუხი მარტივია – ბრედბერი განუმეორებელია . ბრედბერი ბრედბერია. არავის არ ჰგავს. დიდი მწერალია – დიდი ფანტასტი. და კიდევ უფრო მეტიც. ამიტომ სრულიად ლოგიკური მგონია, რომ პირველი ნომერი მას მივუძღვენით. ჟურნალში მისი რვა მოთხრობის თარგმანის გარდა (აქედან ექვსი პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე), დაბეჭდილია მისი ინტერვიუ და ქართველი ავტორიების – თამარ კოტრიკაძის, იმგა მილორავას, მარიამ ცინცაძის  – წერილები მისი პიროვნებისა და შემოქმედების შესახებ. ანუ მკითხველს გარკვეული შთაბეჭდილება ნამდვილად შეექმნება.

 

როგორია ჟურნალის სამომავლო გეგმები?

მეორე ნომერი ჰოვარდ ლავკრაფტს მიეძღვნება. დაიბეჭდება ქართველი ავტორების ორიგინალური მოთხრობები და ზღაპრები. ჟურნალი გამოვა კვარტალში ერთხელ.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა პირველი ნომრის მომზადებაში, ანდა გარკვეული თანხა შემოგვწირა, ჟურნალი რომ გამოგვეცა (300 ცალი დავბეჭდეთ).

ჟურნალის მომზადებაში განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვით ბატონ მალხაზ რუსაძეს, ჩვენს ილუსტრატორს (და მთარგმნელს) და ბატონ ალექსანდრე ელერდაშვილს, ჩვენს დიზაინერს (და მთარგმნელს). უღრმესი მადლობა ბატონ ირაკლი ბაკურიძეს, ბათუმელ გამომცემელს, ჩვენი ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრს, რომელიც ფლობს ბრედბერის მოთხრობების საავტორო უფლებებს და მათი თარგმნისა და გამოქვეყნების  ნება უშურველად დაგვრთო.

ასევე, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან ბეიტრიშვილს, ჩვენი ჟურნალის „ნათლიას“ (სახელწოდება მისი შემოთავაზებულია  – თავიდან მინდოდა „ფანტაზმა“ დამერქმია, მაგრამ მივხდი, არ ივარგებს), რომელმაც თან საიტიც შეგვიქმნა. (male amuSavdeba Semdeg misamაrTze:  http://www.fantast.ge )

 

სად შეიძლება ჟურნალის შეძენა?

ჯერჯერობით ორ ადგილას – „პარნასში“ (ჭავჭვაძის 22) და „წიგნის სახლში“ (პეკინის 31). ვაპირებთ კიდევ რამდენიმე წიგნის მაღაზიაშიც შევიტანოთ.

 

რას იტყვით კლუბის სამომავლო გეგმებზე?

ვეცდებით, გავაფართოვოთ საქმიანობა, მივალთ უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, გავმართავთ ლიტერატურულ საღამოებს, ჩავატარებთ ლექციებს… ინტერნეტრადიოსაც გავაკეთებთ და მერე იქნებ ტელევიზიაც ავამუშაოთ. ჟურნალის გარდა წიგნებსაც გამოვცემთ… ერთი სიტყვით, დიდი გეგმები გვაქვს. ამ ეტაპზე უნდა ვიპოვოთ სპონსორი (ან სპონსორები), მოვიპოვოთ გრანტი (ან გრანტები), რომ ჟურნალი ყოველთვე თუ არა, ორ თვეში ერთხელ მაინც გამოვიდეს და ჰონორარის გაცემაც შევძლოთ. აქამდე ყველაფერი კლუბის წევრთა ენთუზიაზმით კეთდებოდა.

როგორ ფიქრობთ, შეუწყობს თუ არა ხელს კლუბის არსებობა და კლუბური შეხვედრები  წიგნიერების პოპულარიზაციას? როგორია კლუბის მუშაობა?  ერთ-ერთი შეხვედრა რომ აღგვიწეროთ…

რასაკვირველია, შეუწყობს! და ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ასევე შეუწყობს ხელს თვალსაწიერის გაფართოებას, ახალი ჰორიზონტების, ახალი სამყაროს აღმოჩენას _ სამყაროსი, რომელიც თავის თავში ურიცხვ სამყაროებს იტევს.

ჩვენი  შეხვედრების აღწერას არ შევუდგები, უბრალოდ გეტყვით, რომ უშუალო, მეგობრულ ატმოსფეროში მიმდინარებს და თანაც ჭიქა ღვინით ხელში.

ერთი სიტყვით,  ჩვენს მომავალ მკითხველს მინდა ვუთხრა: თუ გიყვართ ოცნება, – ან ჯერ კიდევ გახსოვთ, რომ ოდესღაც გიყვარდათ,  თუ ხედავთ სიზმრებს, – ან ჯერ კიდევ გახსოვთ, რომ ოდესღაც ხედავდით,  დიდი შანსია, ჩვენი ჟურნალი გვერდზე არ გადადოთ, წაიკითხოთ და ისიამოვნოთ… კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფანტასტიკის სამყაროში!

 

 

 

Leave a comment

Filed under ინა იმედაშვილი, ინტერვიუ, წიგნიერება

ნამდვილი ამბების პოეზია

2013-05-11-17-37-09-11

თქვენთან ჩვიდმეტი წელი გავიდა.
აქეს წუთია მორჩა დაბომბვა.
მანძილს ვჯობდით მხოლოდ წარწერით:
კვლავ
ეშბას ქუჩა. 33.
ეკატერინე
მიყვარხარ.
მორჩა

ბოლო ფრაზის ბოლო ასო გახვრეტილია.“

ეკა ქევანიშვილი, „მოჩვენებები, ეშბას ქუჩა. 33

 

ეკა ქევანიშვილი  თანამედროვე ქართველი პოეტია. მის შემოქმედებაში პოეზიაა ჩვეულებრივი ამბები, ყოველდღიური მოვლენები, ადამიანური ტრაგედიები, სოციალური პრობლემები, ნივთები, საგნები და ადამიანები.  ეკა რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია: „ჭორია“, „სახლის გაყიდვა“,  „აქ ნუ დადგებით“.

 

როგორ მიხვედით წიგნთან, როგორ დაიწყეთ კითხვა?  მოგვიყევით თქვენი ბავშვობისდროინდელი შეგრძნებები, შთაბეჭდილებები, ემოციები წიგნებთან დაკავშირებით.

ჩემმა ბავშვობამ და შემდეგ თინეიჯერობამ ლამფის შუქზე ჩაიარა. 90-იანი წლები იყო, მე მგონი, ყველაზე რუხი პერიოდი, რაც კი მახსოვს. მე რაჭაში ვცხოვრობდი, იქ კი დიდი და გრძელი ზამთრები იცოდა. მალე ღამდებოდა,  ჩვენ კი ავანთებდით ლამფას, მივუსხდებოდით ცეცხლს და რა უნდა გეკეთებინა ასეთ დროს? გარშემო ყველას წიგნი ეჭირა. მამას, ბაბუას, დედაჩემს, მამიდაჩემს, მერე ჩემს ძმასაც.  ვისხედით ასე სიჩუმეში და ვკითხულობდით. ჩვენი სახლის მეორე სართულის მთელი კედელი წიგნის თაროებით იყო სავსე. ხან ერთ თაროს მივადგებოდი, ხან მეორეს. ვკითხულობდი, რაც ხელში მომხვდებოდა, ვკითხულობდი, რასაც მირჩევდნენ. მათ შორის, დღეს რომ ვინმემ  მკითხოს, ათასი სისულელე იყო. რაღაცნაირი დრო იდგა, წიგნის ყიდვა პრესტიჟულად მიიჩნეოდა,  წიგნის ჩუქებაც. საჩუქრად გაზეთებში გახვეულ წიგნები მოჰქონდათ. ხშირად რამდენიმე კლასელს ერთი და იგივე წიგნიც უჩუქნია. ბიბლიოთეკა ცალკე რიტუალი იყო – რაღაცნაირი იდუმალი ადგილი, სადაც დამტვერილ თაროებს შორის შემეძლო დიდხანს  მეძრომიალა და წიგნები ამერჩია. მახსოვს, ასე მოვათრევდი ხოლმე სახლში რამდენიმე წიგნს და განსაზღვრულ დროში მათი წაკითხვა უნდა მომესწრო. მეტი თითქმის არაფერი ხდებოდა. მხოლოდ წიგნები. და ეს წიგნები არღვევდა საზღვრებს, ახტებოდა მთებს, რომელთა შორის ჩემი პატარა ქალაქი იყო ჩამალული და სწავლობდა დანარჩენ მსოფლიოს გრაფი მონტე-კრისტოებით, ანჟელიკებით, ნილსისა და გარეული ბატების მოგზაურობით თუ პეპი გრძელიწინდას თავგადასავლებით. კი, მართლა ყველაფერს ვკითხულობდი – სტიქიურად და ბევრს. და ეს იყო სიამოვნება. დღემდე ასეა – წიგნები ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, კითხვა კი – სიამოვნებაც, ჩვევაც და თავისუფალი დროის საუკეთესოდ გატარების გზაც.

როგორ გგონიათ, შეუძლია თუ არა წიგნს ადამიანის ცხოვრების შეცვლა, მის აზროვნებაზე, მის ღირებულებებზე თუ ახდენს გავლენას?

გააჩნია, რას ნიშნავს თავისთავად წიგნი შენთვის. რას განიცდი, როცა მას ეხები, რას გრძნობ, როცა ხელში გიჭირავს  და ფურცლავ. რამდენად გჯერა წიგნების მაგიის. მე – მჯერა და მგონია, რომ ზოგადად, სიტყვას დიდი საქმეების კეთება შეუძლია. ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ წიგნი უკეთესს ან უარესს გაგხდის,  მაგრამ მგონია ,რომ  წიგნს შეუძლია დაგაეჭვოს – კითხვის ნიშნები გაგიჩინოს, რაშიც ურყევად დარწმუნებული იყავი, უეცრად ის შეხედულებები შეანჯღრიოს. სხვა აზრი დაგაშვებინოს. დანარჩენი უკვე ძალიან ინდივიდუალური არჩევანია და ადამიანზეა დამოკიდებული – რას და როგორ გადააფასებს, როგორ შეიცვლება. მთავარია, რომ ყველა ახალი წიგნის წაკითხვის შემდეგ რაღაც ერთი ახალი ამბავი იცი. ბევრი ამბის ცოდნა უკვე მრავალფეროვნებაა. მრავალფეროვნებაზე სასურველი კი ცოტა რამ მგონია ამ ცხოვრებაში.

რას გვეტყვით თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე? რას გამოარჩევდით?

აქ სუბიექტური ვიქნები. ჩემი უახლოესი მეგობარი თეა თოფურია, გარდა იმისა, რომ  პოეტია და მოთხრობებსაც წერს, მეზღაპრეცაა. ხანდახან არ მჯერა ხოლმე, რომ „გასაღვიძებელი ზღაპრები“ ან „პარადიის არდადეგები“ ჩემმა მეგობარმა თეამ დაწერა. უცნაური ფანტაზია აქვს, სხვებისგან გამორჩეული. კიდევ თეა ლომაძის საბავშვო წიგნები მიყვარს. სანამ  ნიცა (ჩემი შვილი) პატარა იყო, ერთად ვკითხულობდით, მერე უკვე თავისით, დამოუკიდებლად კითხულობდა. გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები მიყვარს. არც ის ჰგავს სხვებს და სულ სხვანაირ, ცოტა სევდიან, მაგრამ ჯადოსნურ სამყაროზე გიყვება. რაღა საბავშვოა, ჩემი მეგობრებიც სიამოვნებით კითხულობენ ნატო დავითაშვილის წიგნებს.

წიგნები ცხოველებზე – რომელია თქვენი ფავორიტი? როგორ ფიქრობთ,  შეუძლია თუ არა წიგნს, სადაც გადმოცემულია ცხოველების ისტორიები, იმოქმედოს ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბებაზე?

კიპლინგი. ის ჩემთვის შეუცვლელია. შარშან წავიკითხეთ ერთად კიპლინგის ახალი გამოცემა მე და ნიცამ. ძილის წინ საკითხავებს შორის გვქონდა გადადებული.  და მგონი ყველა ღამე იყო გამორჩეულად ეგზოტიკური.

 

როდის დაიწყეთ წერა? რატომ მოგინდათ, რომ დაგეწერათ?

გააჩნია წერას რას დავარქმევთ. პირველი ლიტერატურული „ქმნილებები“ სკოლის რვეულებში გაჩნდა. უკანა გვერდებზე მიჯღაბნილი. მერე ნელ-ნელა სკოლისთვის ნაყიდი ახალი რვეულების ყდებზე გაჩნდა წარწერა – მოთხრობა. და შიგნით ათასი სისულელე. ალბათ, მაინც გავლენის ამბავი იყო, კარგ წიგნს რომ წაიკითხავ და შენც გინდა რამე დაწერო. ამ მხრივ, ახლაც ასე ვარ, კარგ ავტორს რომ წავიკითხავ ხოლმე, მაშინვე ხელები მექავება, თითქოს მინდა რაღაც მსგავსი მეც დავწერო. დღეს უკვე, ცხადია, არასოდეს ასეთ დროს არ ვწერ. მაშინ კი, ვჯდებოდი და რაღაც ალტერნატიულ ამბავს ვიგონებდი. მსგავსს. მერე ვაკითხებდი მეგობრებს, მეზობლებს… დღეს ამაზე ძალიან მეცინება. ალბათ, როგორ ეზარებოდათ, მაგრამ გულს არ მიტეხდნენ.  პოეზია უფრო ბოლო კლასებში მოვიდა. პირველ-მეორე კურსზე. თუმცა მაშინაც ასეთი დეფინიცია არ მიმიცია. რაღაცის წერა მინდოდა და ვწერდი. მერე აღმოჩნდა, რომ თავისუფალ ლექსებს ვწერდი.

გინდოდათ მწერლობა?

მე მგონი კი, მინდოდა. თან რაღაც რომანტიკული წარმოდგენები მქონდა  მწერლობაზე, როგორ მექნებოდა მშვიდი ცხოვრება, დავჯდებოდი ფანჯარასთან – მშვენიერი ხედით და ვწერდი და ვწერდი. კი, იყო ასეთი პერიოდიც, რომელიც იმ სენტიმენტალურ-რომანტიკულ ტალღას გაჰყვა.

რატომ მაინცდამაინც ვერლიბრი?

არავინ იცის, და არც მე. იმიტომ, რომ ასე მეწერებოდა. ასე მესმოდა. ასე მინდოდა ამბის თხრობა და დღემდე ასეა. რითმიანი ლექსი თითქმის არასოდეს დამიწერია. არც ვიცი, გამომივა თუ არა. აი, ასე, ერთ დღეს დავჯექი და დავწერე და ეს იყო. თუმცა როცა ლექსს  ურითმოს უწოდებენ ხოლმე, კარგად ვერ ვხვდები რატომ, მე – მუსიკა ნამდვილად  მესმოდა, მაგრამ არა ისეთი, როგორ ლექსებსაც სკოლაში მასწავლიდნენ.

 თქვენ პოეზიად აქცევთ  ყოველდღიურობას, მთელ ცხოვრებას, ჩვეულებრივ მომენტებს, თითქოს რეპორტაჟებია ლექსებად გადმოცემული. როგორ ფიქრობთ ამას თქვენს პროფესიასთან (ჟურნალისტობასთან)  აქვს კავშირი?

კი, მე ნამდვილი ამბები მაინტერესებს. ალბათ, ესეც პროფესიის ბრალია, მაგრამ მე ვწერ იმაზე, რაც დღესაა და აქაა და ნამდვილია. ადრე იმაზეც ვწერდი, რა მინდოდა მომხდარიყო ან რა არ მოხდა. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ჩემს ლექსებშიც უფრო დიდი დოზით შემოიჭრა სინამდვილე. არ ვიცი, როგორ უნდა წერო იმაზე, რაც არ გაწუხებს. მე კი სწორედ ამაზე მეწერება – დაამთავრებ ერთი რომელიმე რეპორტაჟის კეთებას და გგონია, რომ რაღაც ნაკუწები მოგრჩა, რაც მასში ვერ ჩატიე. ან არ ჩატიე. რა უნდა უქნა მათ? ადგები და ლექსს დაწერ… ყოველთვის ასე არაა, მაგრამ ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე.

რა გჭირდებათ რომ წეროთ? როგორ წერთ, როგორია თქვენი წერის პროცესი?

დეტალები. დიდი ამბები. გაღიზიანება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო  – ხელისუფლების რაიმე გადაწყვეტილებიდან დაწყებული, ჩემი თუ სხვისი დარდი, ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც ჩვენ, ადამიანებმა გამოვიწვიეთ თუ უცხო ქვეყანიდან წამოღებული ემოცია. ადრე უფრო ქაოტურად და ბევრს ვწერდი, ავტობუსიდან  ჩამოხტომებით და შუაღამით გაღვიძებებით. სანამ პირველმა დიდმა ტალღამ არ გადაიარა და ამის შედეგად ის სამი პოეტური კრებული არ გაჩნდა, რომელიც დღეს არსებობს. რამე განსაკუთრებული – სიჩუმე, მუსიკა, ჩემი მაგიდა და ფანჯარა წერისათვის არ მჭირდება. ხანდახან თავშია ყველაფერი დაწერილი, მერე ფურცლამდე მივდივარ და გადავწერ ხოლმე. თუმცა, რაღა ფურცლამდე. ფურცლებზე თითქმის აღარ ვწერ. ეგ დროც წავიდა.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მწერალს სჭირდება?

ეგეც ინდივიდუალური მგონია, ვიღაცას მრავალფეროვნება და თავგადასავლები სჭირდება, ვიღაცას – ყვავილებიანი ბაღი და ძაღლი.  მე პირველს ავირჩევდი. რუტინა პოეზიის მკვლელია. ხანდახან მოდის და მკლავს. მაგრამ პოეზია ეგეთია – ცოცხლდება ხოლმე დროდადრო.

როგორ ფიქრობთ, დღეს თანამედროვე მწერალი როგორია? რა განსხვავებაა თუნდაც საუკუნის წინანდელ მწერლებსა და თანამედროვეებს შორის?

არა მგონია, დიდად განსხვავდებოდნენ. კი, შეიცვალა ენა, სტილი, მაგრამ ეს მუდმივი პროცესია. ადრეც ასე იყო. იყვნენ  ძალიან პოპულარული და აუღიარებელი მწერლები. ზოგს მეტი ფული ჰქონდა, ზოგს ნაკლები. მაგრამ ყველას აერთიანებდა ერთი დაუოკებელი სურვილი – სხვებისთვის ამბების თხრობის. დღესაც ასეა.

როგორ შეაფასებთ თანამედროვე ქართულ პოეზიას? საყვარელი თანამედროვე პოეტები (ქართველი და უცხოელი), რატომ მოგწონთ, რა მოგწონთ მათ ტექსტებში? როგორი უნდა იყოს „ კარგი “ პოეტი?

მე არ მივეკუთვნები იმ სკეპტიკოსებს, ვინც ფიქრობს, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში რაღაც გაუგებრობა ხდება. პირიქით, მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო ავტორები გვყავს და არავის ჩამოვუვარდებით. ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარებულმა ლიტერატურულმა ფესტივალმაც დამარწმუნა ამაში. რომელი ერთი ჩამოვთვალო. მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ მე პოეზიაში მიყვარს სიცხადე. მიყვარს დღევანდელობასთან კავშირების პოვნა. მიყვარს, როცა ვკითხულობ ლექსს და ის აქაურობაზეა, ამ დროზეა, ჩემს გვერდით მდგომ ადამიანზეა. მეც შეიძლებოდა გადამხდენოდა.  მიყვარს, როცა ლექსი ყალბი არ არის. მიყვარს, როცა ავტორი თვითირონიულია. მიყვარს, როცა სხვების დახმარება არ სჭირდება თხრობისას. როცა მესმის გამორჩეულად მისი, ამ ავტორის ხმა. მიყვარს ენ სექსტონი. ბროდსკი მიყვარს.  თამაზ ბაძაღუა მიყვარს. შოთა ჩანტლაძე. ვისლავა შიმბორსკა.  ბევრნი არიან.

თანამედროვეებიდან რომელ პოეტურ კრებულებს გამოარჩევდით?

ჩემს წიგნის თაროსთან თუ მიხვალ, რომელსაც პოეზია აწერია, ბევრ ასეთ კრებულს იპოვი. რომელიც საგანგებოდ ვიყიდე. თუ ქართველებს და მაინცდამაინც თანამედროვე ქართველებს ვიტყვი,  მათ შორისაა ლელა სამნიაშვილის, პაატა შამუგიას, დათო ბარბაქაძის, შალვა ბაკურაძის, ნიკა ჯორჯანელის, შოთა იათაშვილის, ზვიად რატიანის, ლია ლიქოკელის, თეა თოფურიას, რუსუდან კაიშაურის, ელა გოჩიაშვილის წიგნები. სხვებიც, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

პირველად რა დაწერეთ?

რაღაც სასიყვარულო მოთხრობა იყო ერთ გოგოზე, რომელსაც ძალიან უნდოდა განსხვავებული ყოფილიყო, რომელიც არავის მოსწონდა და ბოლოს ერთ ძალიან უცნაურ ბიჭს შეუყვარდა. ახლა მეცინება, მაგრამ მთელი გზნებით ვწერდი. ლექსებში, როგორც ზემოთაც ვთქვი, ამ ჩემმა  მოჭარბებულმა ფანტაზიამ მოგვიანებით გადაინაცვლა.

თუ მოუხდენია რომელიმე წიგნს მნიშვნელოვანი ზეგავლენა თქვენი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე?

ბავშვობაში ეს იყო „პატარა პრინცი“, როცა მივხვდი, რომ დიდები მართლა  ძალიან უცნაური ხალხია და ძალიან მალე, მეც ამ უცნაურ ხალხს შევუერთდებოდი. შესაძლოა, ამიტომ მქონდა გამუდმებით ეს ამბიცია თუ სურვილი, დავრჩენილიყავი ისეთად, როგორიც მინდოდა და არა ისეთად, როგორიც სხვებს სურდათ, საზოგადოებას სურდა, როგორიც „უნდა“ ვყოფილიყავი. ბოლომდე არც მე გამომივიდა, მაგრამ როცა რაღაც არ გამოდის, როცა ვინმეზე გული მწყდება, გულში მაინც პატარა პრინცის სიტყვებს გავივლებ ხოლმე – რა უცნაური ხალხია ეს დიდები.  მას მერე, ცხადია, ძალიან ბევრი შთამბეჭდავი წიგნი წავიკითხე, გენიალური მწერლები, ყველამ თავისი როლი შეასრულა. თუმცა, დიდი ხანია ისეთი მძაფრი შთაბეჭდილება არ მიმიღია კითხვისას, რაც ამ ბოლო დროს დამემართა „ჩერნობილის ლოცვის“ კითხვისას, ბელორუსი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის დოკუმენტური პროზაა. შოკიდან ვერ გამოვდივარ.

ძირითადად რას კითხულობთ?

ვერ ვიტყვი, რომ რაც ხელში მომხვდება, იმას. ბოლო დროს უფრო ვცდილობ, არაფერი გადავიმეორო და უფრო თანამედროვე მწერლებს ვკითხულობ.  თან  ბევრი ისეთი მწერალი ითარგმნა, ვინც წლებია დასავლეთში ძალიან ცნობილ ავტორებად ითვლებიან, ჩვენ კი მათ შესახებ ყურმოკვრით ვიცოდით. როცა ეს ფუფუნება გაქვს – შენს ენაზე იკითხო დიდი ნაწარმოებები, მაგას რა სჯობს. თან თუ თარგმანი კარგია. ამიტომ ვკითხულობ ხოლმე ერთი მხრივ, თანამედროვე პოეზიას – მაინტერესებს რაზე წერენ პოეტები სხვა ქვეყნებში და ვკითხულობ მწერლებს, რომლებიც დღევანდელობაზე მიყვებიან.

 

თუ გამხდარა რომელიმე წიგნი თქვენი შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო?

შემოქმედებით ინსპირაციაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ პოლ ოსტერი და მიშელ უელბეკი კი შემიყვარდნენ. ნამდვილად.

 

დაასახელეთ წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობთ და წიგნი, რომელიც განსაკუთრებით მოგეწონათ ამ ბოლო პერიოდში.

ახლა მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნს“ ვკითხულობ, ანი კოპალიანმა თარგმნა ქართულად და გადაშვებული ვარ თავით. „ჩერნობილის ლოცვაზე“ უკვე ვთქვი. „რუკა და ტერიტორია“ მომეწონა ძლიერ, ისევ უელბეკის.  და ახლა ამ მწერლის ახალი რომანის თარგმანი მიცდის. ზოგადად მე მიყვარს ჟანრების ცვლილება. ერთი პერიოდი, მაგალითად, სტივენ კინგის მეტი არაფერი წამიკითხავს. მივადექი და ვერაფერმა გამაჩერა. ზოგადად, ერთ წიგნს ვერ ვკითხულობ ხოლმე. რამდენიმე წიგნი მაქვს სულ – ჩანთის, ძილისწინა, უცებ გადაშლილი და ა.შ.

როგორ ფიქრობთ, თუ შეუძლია თანამედროვე  მწერალს  ზეგავლენა მოახდინოს ზოგადად (ადამიანების, ქვეყნის, გარკვეული ჯგუფების და სხვ.) ცხოვრების სტილზე?

მაგალითის ჩვენება ალბათ, შეუძლია. როგორც კარგის, ისე ცუდის. გავლენა – არ ვიცი, თუ მაგალითად 19 წლის ხარ და უცებ კერუაკის წიგნი გადაშალე, ამის შემდეგ კი ავტოსტოპით მოგზაურობა გადაწყვიტე, გავლენის ქვეშ ხარ? არ ვიცი. ასე არ შემიხედავს. ჩემთვის წიგნები და მათი ავტორები სხვა, პარალელურ სამყაროში დროებით გადაბარგების საშუალებაა. იქიდან ისევ ისეთი ვბრუნდები ხოლმე, როგორიც ვარ. შეიძლება ოდნავ უკეთესი ან ოდნავ უარესი.

როგორ ფიქრობთ, დღეს ქართველი ბავშვები, მოზარდები თუ კითხულობენ და რა ჟანრი უფრო იტაცებთ? უფროსები თუ კითხულობენ?

ჩემ გარშემო ყველა კითხულობს. სხვებს კი ვერ განვსჯი. ბავშვებში „ჰარი პოტერმა“ მგონია, რომ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ძალიან ძნელი აღმოჩნდა ამ წიგნის ფანტაზიის სხვა რამით გადაფარვა – ამას ჩემს შვილზე დაკვირვებით ვამბობ, რომელსაც ვერ ვიტყვი, რომ ცოტა წიგნი აქვს წაკითხული. და დიდები, დიდებიც ასე – მე გამიმართლა. უმრავლესობამ არც იცის უწიგნოდ ცხოვრება როგორია.

 

თქვენი სამომავლო გეგმები – ახალი პროექტები, წიგნები, რას აპირებთ?

არ ვიცი, პოეტები ამას როგორ გეგმავენ. აი, მომავალ წელს, მე გამოვცემ ახალ კრებულს! და იმ დროისათვის მე მექნება 9859385 ლექსი! ვერა. არ ვიცი. მოგროვდება იმდენი, რომ წიგნად ქცევას დაიმსახურებს? მივაბრძანებ წიგნში. არა და იქნებიან ასე. ვნახოთ. პოეტობა ჩემი ძირითადი საქმე არ არის, ამიტომ დიდად გრანდიოზული გეგმები არც უკავშირდება.

როგორია თანამედროვე საქართველოში პოეტობა?

სიმართლე რომ ვთქვა, არასოდეს ამის გამო გამორჩეულად თავი არ მიგრძვნია. არც ცუდად, არც კარგად. ჩვეულებრივი ყოფაა. არც ძნელი, არც ადვილი. უბრალოდ ხანდახან თუ კარგ ლექსს დაწერ და ადამიანებს ეს მოსწონთ, ემოციით ივსები. მერე ეს ემოციაც გადის, ლექსები ავიწყდებათ და გრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრება, სადაც ხანდახან არცკი გახსოვს, რომ ლექსებს წერ.

 

Leave a comment

Filed under ინტერვიუ, Uncategorized

ედრიან მოულის საიდუმლო დღიური

news_5114e193e5e54

სიუ ტაუნსენდი 1946 წელს ინგლისში დაიბადა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა. მას მერე ბევრი საქმიანობა გამოიცვალა – ხან ფაბრიკის მუშა იყო, ხანაც მაღაზიის გამყიდველი. 1982 წელს ”ედრიან მოულის საიდუმლო დღიური” გამოქვეყნდა და ავტორი მაშინვე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა.

სიუ ტაუნსენდი არაერთი რომანისა და პიესის ავტორია, თუმცა კონან დოილისა და ა. ა. მილნის მსგავსად მისი მთელი შემოქმედება ერთმა პერსონაჟმა დაჩრდილა. ბრიტანეთში ედრიან მოული ისეთივე ცნობილი ვინმეა, როგორც შერლოკ ჰოლმსი ან ვინი ფუუჰი.

 

ედრიან მოული 13-ნახევარი წლის ბიჭია, როგორც თვითონ ამბობს, ნამდვილი ინტელექტუალი. ეს სტატუსი მის ცხოვრებაში მიმდინარე ამბების ერთგვარი ახსნაა. ესაა პასუხი იმაზეც, რატომ არ მოწონს პანკი და იმაზეც, რატომ უჩივის ხშირად უგუნებობას.

 

არ მესმის, რატომ უნდა მოვისმინო სიმღერა, თუკი სიტყვებს მაინც ვერ ვიგებ. ნამდვილ ინტელექტუალად ვყალიბდები, ამიტომაც მაქვს ამდენი პრობლემა.

………

კი, ყველაფერი ისე მაქვს, როგორც ნამდვილ ინტელექტუალს შეეფერება: მძიმე ბავშვობა, არასრულფასოვანი კვება და უარყოფითი დამოკიდებულება პანკების მიმართ. ბიბლიოთეკაში უნდა ჩავეწერო და ვნახო ერთი, რა გამოვა. რა ცუდია, რომ ჩვენს გარშემო ინტელექტუალები არ ცხოვრობენ, ყველაფერს ბედი უნდა.

….

ჩვენთვის, ინტელექტუალებისთვის, უგუნებობა ხომ ჩვეულებრივი მდგომარეობაა! სხვებს ჩვენი არ ესმით და უგუნებობას უჟმურობად გვითვლიან ხოლმე. 

 

სინამდვილეში ედრიანი ერთი ჩვეულებრივი მოზარდია და დიდად არაფრით განსხვავდება სხვა თანატოლებისგან, რომლებიც სკოლაში დადიან, მშობლების დაძაბულ ურთიერთობაზე ღელავენ, თინეიჯერობისთვის დამახასიათებელ გამონაყარს განიცდიან, ეპრანჭებიან გოგონებს, რომლებსაც შემდეგ მათი საუკეთესო მეგობრები უყვარდებათ, ბიბლიოთეკიდან ათასნაირი წიგნები გამოაქვთ, ეროტიკულ ჟურნალებს საბნის ქვეშ მალავენ, კეთილი საქმეების გაკეთების სურვილი ამოძრავებთ, გაურკვეველი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობებს ლექსიკონში ეძებენ, უხეში თანატოლებისგან ბულინგის მსხვერპლები ხდებიან, ჯიბის ფულს მსუბუქი სამუშაოთი შოულობენ და ა.შ.

 

ის, რაც ედრიანს სხვებისგან განასხვავებს, მისი დღიურია, რომელიც დაბადების დღეზე აჩუქეს და რომელსაც ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ამბავს გულწრფელად უყვება, ის არის მისი პასუხგაუცემელი კითხვებისა და საჭირბოროტო თემების მცოდნე. დღიური ერთი წლის ამბებს მოიცავს და სეზონების მიხედვითაა დაყოფილი. ზამთრიდან მეორე ზამთრამდე ბევრი რამ მოხდა.

31 დეკემბერის ჩანაწერში ვკითხულობთ:

 

წელს ბევრი რამ მოხდა. სიყვარული და მარტოხელა მშობლის შვილობა გამოვცადე. ინტელექტუალი გავხდი. ბიბისი-დან ორი წერილი მივიღე. 14 ¾ წლის ბიჭისთვის ნამდვილად არ არის ცოტა.

დედა და მამა ახალი წლის საღამოს გრანდ ოტელში იყვნენ საცეკვაოდ. დედას, საოცარია და, კაბა ეცვა! ერთი წელია, რაც საზოგადოებაში ფეხები არ გამოუჩენია.

მე და პანდორა ახალ წელს ერთად შევხვდით. მაგარი ვნებიანი საღამო გავატარეთ ენდი სტიუარტის გუდასტვირის აკომპანემენტით.

პირველ საათზე მამა შემოგლიჯა კარი, ხელში ნახშირის ნატეხი ეჭირა. მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის.

დედამ ბევრი ილაპარაკა, რა შესანიშნავი შვილი ვარ და რა საოცრად ვუყვარვარ. საწყენია, რომ სიფხიზლეში ეგეთს არაფერს ამბობს!”

 

გულგრილობა და ალკოჰოლი ერთადერთი არ არის, რაც მშობლების მხრიდან ედრიანს აღიაზიანებს.

 

დედაა და მიყვარს, მაგრამ დიდი გონიერებით ვერ დაიტრაბახებს, არც სხვა დედებს გავს (ტელევიზორში რომ აჩვენებენ, იმათ). აი მაგალითად, ხვალ სკოლა იწყება და ჩემი სპორტული შარვალი ჯერაც არ გაურეცხავს.

………..

“კანის მოვლა” ძალიან მაგარი წიგნია, გადაშლილი დავტოვე იმ გვერდზე, სადაც ვიტამინების აუცილებლობაზე წერია. წესით, დედაჩემი უნდა მიხვდეს, რისი თქმა მინდა. სამზარეულოს მაგიდაზე დავტოვე, საფერფლის გვერდით, რომ ეგრევე შეამჩნიოს. “

 

როცა ედრიანის დედა და მამა ცალ-ცალკე ცხოვრებას გადაწყვეტენ, ბიჭი ფიქრობს, რომ ეს მამამისის გაუპარსავი წვერისა და ძველმოდური ჩაცმის ბრალია. ბებო ეუბნება, რომ დამნაშავე არა მამა, არამედ დედას ავხორცობაა. ედრიანმა სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, ლექსიკონში ეძებს და ბებოს არ ეთანხმება. მას უყვარს მშობლები და მათზე არა ცუდი ამბების მოსმენა, არამედ მათი ერთად ყოფნა ჭირდება. ედრიანის სამწუხაროდ, ეს მის გარშემო არავის ესმის;

 

გუშინ ქვემოდან საშინელი აყალმაყალი მომესმა. ჯერ სამზარეულოს ნაგვის ვედრო წააქციეს, შემდეგ კარი ისე გააჯახუნეს, გეგონება მოგლიჯესო. ჩემი მშობლები ზოგჯერ ჩემზეც უნდა ფიქრობდნენ. მე ხომ ემოციურად ძალიან რთული პერიოდი მაქვს და ძილი მჭირდება. მაგათ რა იციან, რა ძნელია სიყვარული. ეგენი ხომ თოთხმეტნახევარი წელიწადია, რაც დაქორწინებულები არიან. “

 

ედრიანის სიყვარული პანდორაა, გოგო, რომელიც სანამ ედრიანს შეამჩნევდა, მისი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული გახდა. ასეთი ამბები, თუ გახსოვთ, კლასიკაა 14-15 წლის მოზარდების ცხოვრებაში, მაგრამ ეს ედრიანს ვერ ანუგეშებს. ის მძიმედ განიცდის “ღალატსაც” და გახარებულია, როცა ბოლოსდაბოლოს პანდორა მასთან აღმოჩნდება. თუმცა სანერვიულო არ ელევა – შეყვარებულობას თავისი წესები აქვს.

 

პანდორა თვლის, რომ ჩვენი გრძნობების გამოსაცდელად მცირე ხნით დაშორება არ გვაწყენდა. ამბობს, ასეთი მსუბუქი და საშუალო დონის მოფერება მალე უფრო სერიოზულში გადაიზრდებაო. უნდა ვაღიარო, რომ ასეთმა დაძაბულობამ ჯანმრთელობა შემირყია. ძალღონე გამომაალა, ძილი დამაკარგვინა. ღამეში ასჯერ მეღვიძება და თუ მძინავს, სულ ანდორას თეთრი ბიკინი და მისის ლირის მაქმანებიანი საცვალი მესიზმრება. “

 

თუ ამ წიგნის შესახებ ინფორმაციას მოძებნით, აუცილებლად წაიკითხავთ, რომ ეს არის მოზარდზე დაწერილი წიგნი მოზარდებისთვის, მე კი მგონია, რომ ეს წიგნი უფროსებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. დიახ, რასაკვირველია, აქ პატარებს შეუძლიათ თავიანთი თავი ან მეგობარი ამოიცნონ; თუ წაიკითხავენ, რომ სხვებსაც ისევე აწუხებთ აკნე, როგორც მათ, შეიძლება დამშვიდნენ, იმასაც გაიგებენ, რომ სრულფასოვანი კვება ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნახევარფაბრიკატების ჭამა პრობლემების გარდა არაფერს იწვევს; მეორე სქესსთან ურთიერთობის თანმხლები ვნებათაღელვებიც უფრო ბუნებრივი მოეჩვენებათ და საერთოდ, ედრიანი ისეთი ბიჭია, აუცილებლად შეუყვარდებათ, მაგრამ უფროსებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მას იცნობდნენ.

 

მაგალითად, უფროსებს ხშირად გვგონია, რომ ბავშვებს უყვართ კვება სწრაფი კვების ობიექტებში, არ ღელავენ მათი ტანსაცმლის მდგომარეობაზე და მხოლოდ ის აწუხებთ, რის შესახებაც კითხვებს სვამენ. ედრიანი გვეუბნება, რომ ძალიან ვცდებით. ედრიანს მაცივარსა და ქურას შორის ჩაჭედილი ლორის ნაჭერიც კი არ რჩება შეუმჩნეველი, მეტიც, ძალიან აღელვებს. რა გასაკვირია რომ ოჯახის წევრებზე დარდობს.

 

უფროსებს ისიც ხშირად გვგონია, რომ პატარები უმნიშვნელო რამეებზე წუხან და მათ სადარდებელს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ. რა პრობლემაა გამონაყარი სახეზე, მაგრამ ასეც არ არის. თუ ეს ბავშვს აწუხებს, მას თანადგომა ჭირდება, ყველაზე ცოტა –  მოსმენა და საუბარი თავის ვნებებზე. საერთოდაც, ეს ის წიგნია, რომელიც მხიარულად, მსუბუქად ეხება ოჯახური ცხოვრების ყველა მეტ-ნაკლებად ტიპურ შემთხვევებს, ამიტომ სასურველია,  ის ოჯახის ყველა წევრმა წაიკითხოს. ზაფხული ასეთი საკითხავებისთვის იდეალური დროა.
ნასტასია არაბული

 

 

 

Leave a comment

Filed under ნასტასია არაბული, რევიუ

მიხაკო წერეთელი

1

 

მხოლოდ მწერლებზე ხომ არ მოგიყვებით, მინდა გენიალურ მეცნიერებსა და მთარგმნელებზეც გიამბოთ, რომელთა მოღვაწეობის შესახებ ან არაფერი ვიცით, ან სრულიად ფრაგმენტულად გვახსენდება, ისიც ძალიან იშვიათად.

იმ ფაქტების რიგში, რომლითაც რეალურად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ იმ, ძველ, მითოლოგიურ დროში, ჩვენთან, ოქროს საწმისის აჩრდილს გამოდევნებულ ბერძნებს შესანიშნავი კულტურა და ცივილიზაცია დახვდათ, რომ 14 ანბანს შორის ერთ–ერთი ქართულია, რომ „ვეფხისტყაოსნით” რენესანსი ჩვენთან გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ევროპაში, რომ ღვინის აკვანი სწორედ ჩვენთან დაირწა – შეიძლება ის მოვლენაც შევიყვანოთ, რომ ქართული ენა მეოთხეა ინგლისურის, გერმანულის და ფრანგულის მერე, რომელზეც გენიალური ბაბილონური ეპოსი „გილგამეშიანი”ითარგმნა. მიხეილ წერეთლის ნათარგმნი ეპოსი გამოიცა 1924 წელს, კონსტანტინეპოლში, „ქართველთა კათოლიკე სავანის” სტამბაში.

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი – პუბლიცისტი, მწერალი, პოლიტიკოსი და მეცნიერი – ქართული ასირიოლოგიის სკოლის ფუძემდებელი, ძალიან აქტიური პოლიტიკური და სამეცნიერო ცხოვრებით ცხოვრობდა. ჯერ კიდევ საფრანგეთში სწავლისას, ანარქისტული იდეებისათვის პარიზიდან ლონდონში გაასახლეს. 1918 წელს იგი უნივერსიტეტის დამფუძნებელთა რიგებშია  – ივანე ჯავახიშვილს გვერდით უდგას უმნიშვნელოვანეს ქართულ საქმეში – ქართული უნივერსიტეტის დაარსება-განვითარებაში, ხელმძღვანელობს ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის კათედრას. სამეცნიერო მუშაობა მთელი დატვირთვითა და ენერგიით მიმდინარეობს ტრაგიკულ 1921 წლამდე…

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო მიხაკო წერეთელს სამშობლოს დატოვება უწევს. სამწუხაროდ, დიდი მეცნიერი საქართველოში აღარასოდეს დაბრუნებულა.

ამის შემდეგ ის წარმატებით მოღვაწეობდა ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში, ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიამ 1928 წელს გერმანულ ენაზევე გამოაქვეყნა მისი „ურარტული ეტიუდები”. 30-იან წლებში ბერლინში გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე-სიცრუისა”-ს  მ. წერეთლისეული გერმანული თარგმანი.

1963 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ქარული ლიტერატურისა და მეცნიერების, კერძოდ, რუსთველოლოგიის ისტორიაში – პარიზში გამოქვეყნდა “ვეფხისტყაოსნის” მ. წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს – პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.

გარდა ამისა, მიხაკო წერეთელი იყო ქართული პატრიოტული ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი, ხოლო II მსოფლიო ომის წლებში გერმანიაში მოქმედი “ქართული სამოკავშირეო შტაბის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სწორედ ამ შტაბის ძალისხმევით, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე.

აკაკი ბაქრაძე მიხაკო წერეთლისადმი მიძღვნილ წერილში წერს:

„მარტო ის, რომ 1878 წელს, იმერეთში, ცხრუკვეთში, დაბადებული კაცი 1965 წელს გერმანიაში, მიუნხენში, გარდაიცვალა, ნათლად მეტყველებს რა ბედი ერგო მიხეილ წერეთელს. ნახევარი ცხოვრება სამშობლოში გაატარა, მეორე ნახევარი – უცხოეთში. აქაც და იქაც მეცნიერებას ემსახურებოდა. დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ჩვენ მიხეილ წერეთლის მეცნიერულ შემოქმედებაზე დღეისდღეობით ზერელე წარმოდგენა გვაქვს. აქამომდე ყველა კარი დაკეტილი იყო, არ ვიცით, რას აკეთებდნენ ქართველი სწავლულები ემიგრაციაში. ახლა ვითარება შეიცვალა. დაფანტულ სულებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ. ყველაფერი შესწავლილი იქნება.

ყოველი მოღვაწე საქართველოს ისტორიაში იმ ადგილს დაიჭერს, რაც მათ სამართლიანად დაიმსახურეს.”

მიხაკო წერეთელი გარდაიცვალა 1965 წელს მიუნხენში, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე მან ითხოვა თავისი ფერფლის საქართველოში გადაგზავნა, თუმცა შესანიშნავი მოღვაწისა და მეცნიერის ეს თხოვნა ჯერჯერობით ისევ შეუსრულებელია.

მეოცე საუკუნის მშფოთვარე და ტკივილიანმა 20-იანმა წლებმა გარდამტეხი (პირდაპირი მნიშვნელობით, ხერხემალში გარდამტეხი) ცვლილებები მოუტანა საქართველოს. წითელმა ტერორმა, რეპრესიებმა, ტოტალიტარიზმმა სამშობლოს დაუკარგა თავისი ტვინი – მისი საუკეთესო ნაწილი, მეცნიერები, ხელოვანები, მოაზროვნეები… ამათგან ზოგმა სხვა ქვეყანას შეაფარა თავი და ემიგრაციაში გარდაიცვალა, ზოგი წამებით მოკლეს, ზოგიერთი გადაასახლეს, ზოგიერთმა კი თავი მოიკლა…

მათი ნაღვაწი დიდი ხნის განმავლობაში დალუქული, ტაბუდადებული, აკრძალული იყო, დადგა დრო, ჩვენმა შვილებმა და მოსწავლეებმა გაიცნონ ის ადამიანები, რომლებიც იდეებს შეეწირნენ და ემიგრაციაშიც ქართულ საქმეს ემსახურებოდნენ.

 

დიანა ანფიმიადი

Leave a comment

Filed under ბიოგრაფია, დიანა ანფიმიადი, Uncategorized