როგორ შექმნა მერი პოპინსმა პამელა ლინდონ ტრევერსი

mary-poppins1

 

იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდა ალუბლების ქუჩაზე მდებარე სახლ #17-ში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ძიძა, თავად ზღაპარიც ძალიან ცოტას გვეუბნება: ის აღმოსავლეთის ქარს გამოჰყვა თან. მერი პოპინსის შემქმნელიც ასევე გულმოდგინედ მალავდა თავის წარმომავლობას. პამელა ტრევერსი თუკი ვინმეს ინგლისში დაბადებულ მწერლად მიაჩნია, სწორედ ამ გულმოდგინე მალვის დამსახურებაა, მაგრამ საიდუმლო რაღა საიდუმლო იქნება, თუკი ის ერთხელაც არ გამჟღავნდა.

თავიდან ცოტამ თუ იცოდა, რომ პამელა ლინდონ ტრევერსიც ისევე გამოჰყვა აღმოსავლეთის ქარს (უფრო სწორად, ავსტრალიიდან მომავალ გემს), როგორც მერი პოპინსი. დიახ, ტრევერსი სწორედ ავსტრალიაში, ქალაქ მერიბოროში დაიბადა 1899 წლის 9 აგვისტოს. აქვე გავამხილოთ მისი მომდევნო საიდუმლოც და ვთქვათ, რომ მისი ნამდვილი სახელი ჰელენ ლინდონ გოფი იყო. ტრევერსი ჰელენის მამას ერქვა, რომელიც ბანკს მართავდა, თუმცა მალე საქმე ცუდად წაუვიდა, რადგან ეპილეფსიით იტანჯებოდა, სასმელს მიეძალა და საბოლოოდ, ჩვეულებრივი კლერკის სამუშაოზე გაამწესეს. 1905 წელს გოფები ქალაქ ალორაში გადადიან საცხოვრებლად, ორი წლის შემდეგ კი ეპილეფსია ხელიდან აცლის ოჯახს ერთადერთ მარჩენალს. ჰელენის დედა, მარგარეტი, სამ ქალიშვილთან ერთად უსახსროდ რჩება. ისინი კვლავ სხვა ქალაქში, ბოირალში გადადიან. სასოწარკვეთილებამ და დეპრესიამ მარგარეტი თვითმკვლელობამდე მიიყვანა და თავის დახრჩობა სცადა, თუმცა წარუმატებლად. სწორედ იმ საშინელ დღეს ჰელენმა, როდესაც თავისი უმცროსი დების დამშვიდებას ცდილობდა, დაიწყო ჯადოსნური ამბების შეთხზვა.

ჰელენი 17 წლის ასაკში სიდნეიში გადადის საცხოვრებლად. თავიდან მსახიობობაზე ოცნებობდა, რისთვისაც სამი სახელისგან შემდგარი ფსევდონიმი მოიფიქრა: თეატრისთვის ლამაზი სახელი _ პამელა, ქალიშვილობის სახელი _ ლინდონი და მამის სახელი _ ტრევერსი. მალევე გაირკვა, რომ მისგან „სცენის ვარსკვლავი“ არ დადგებოდა და ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. საბოლოოდ, პამელამ ავსტრალიიდან წასვლა გადაწყვიტა და 1923 წელს ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც გაზეთებისთვის წერა განაგრძო.

ინგლისში ტრევერსმა მალევე გაიჩინა ბევრი ნაცნობი, მათ შორის იყო ირლანდიელი პოეტი-მისტიკოსი ჯორჯ უილიამ რასელი, და ასევე ირლანდიელი პოეტი _ უილიამ ბატლერ იეიტსი. გარდა პოეზიისა, ორივე მათგანი გატაცებული იყო მითოლოგიით, ოკულტიზმითა და ეზოტერიკით. ეს სფეროები პამელასთვისაც ახლობელი აღმოჩნდა, მით უმეტეს, ბავშვობიდან დაჰყვა ფანტასტიკური აზროვნების სიყვარული. მოგვიანებით ის გატაცებული ხდება კიდევ ერთი მისტიკოსით _ გიორგი გურჯიევით, სიცოცხლის ბოლომდე წერდა სტატიებს ეზოტერული გამოცემისთვის და ბავშვის აყვანის საქმეც კი პირად ასტროლოგთან შეათანხმა.

გულჩათხრობილობა, იდუმალება და ტრევერსის ცხოვრების წესი მასზე გავრცელებული სხვადასხვა ჭორების წყაროა. მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ მწერალი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურისთვის მუშაობდა და 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირშიც იმყოფებოდა.

„მერი პოპინსის“ შემქმნელი არასოდეს გათხოვილა. პირადი ცხოვრებაც ისევე ჰქონდა გასაიდუმლოებული, როგორც სხვა დანარჩენი. სწორედ ამიტომ, მას რომანებს მიაწერდნენ როგორც კაცებთან (მაგალითად, რასელთან, თუმცა გარშემომყოფნი ამბობდნენ, რომ მათი ურთიერთობა წმინდად პლატონური იყო), ასევე ქალებთანაც (პირველ რიგში აღსანიშნავია ჯესი ორეჯი, რომელიც ტრევერსის სახლში ცხოვრობდა რამდენიმე წელი).

„მე არ ვარ მიჩვეული პირად პრობლემებზე წერას, მხოლოდ იდეები მაღელვებს. ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი ფაფა უყვარდა ჯონ ქითსს? ვინმესთვის ეს საინტერესოა? ნამდვილი ბიოგრაფია _ ეს სულის ისტორიაა.

…თქვენ შეგიძლიათ მკითხოთ ყველაფერზე, რაც ჩემს სამუშაოს ეხება, მაგრამ ჩემ შესახებ არასდროს ვისაუბრებ. თუკი თქვენ ფაქტები გაინტერესებთ ჩემი ბიოგრაფიიდან, იცოდეთ, რომ ჩემი ცხოვრების ისტორიას „მერი პოპინსი“ და ჩემი სხვა წიგნები შეიცავენ“.

ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ ზღაპარი, რომელმაც ტრევერსს მსოფლიო აღიარება მოუტანა, სასექსის სახლში შეიქმნა 1933 წლის ზამთარში, პლევრიტით ავადმყოფობის შემდგომ.

„ეს იყო პატარა, ცარიელი სახლუკა ერთ მამულში, იმდენად ძველი, რომ ის მოხსენიებულიც კი იყო „საშინელი სამსჯავროს წიგნში“ [1086 წელს ინგლისში ჩატარებული საყოველთაო საადგილმამულო აღწერა], სასექსის ველების ლეგენდებთან ერთად. თუმცა მე არც მჭირდებოდა ამ ზღაპრული ატმოსფეროთი გარემოცვა, რადგან ბავშვობიდან სავსე ვიყავი ამ ყველაფრით და ერთი დღითაც კი არ მივუტოვებივარ მას. ყოველთვის მივიჩნევდი, რომ მერი პოპინსი თავად გაჩნდა ჩემთან, ავადმყოფობის შემდგომი გამოჯანმრთელებისას, მხოლოდ იმიტომ, რომ მე გავერთე. თავში აზრადაც არ მომსვლია მასზე წიგნი დამეწერა, სანამ ერთმა მეგობარმა არ წაიკითხა მასზე გაკეთებული ჩანახატები და საინტერესოდ არ მოეჩვენა ისინი [სავარაუდოდ, ეს იყო რასელი, რომელსაც თავიდან ეგონა, რომ ტრევერსი წიგნს ჯადოქარზე წერდა]. არასოდეს აღმიქვამს, რომ მე გამოვიგონე მერი პოპინსი. შესაძლებელია, მან მომიგონა მე და სწორედ ამიტომ მიჭირს ასე ძალიან ავტობიოგრაფიული ჩანაწერების გაკეთება“.

რეალურად მერი პოპინსის გმირი ცოტა უფრო მოგვიანებით შეიქმნა, ოღონდ როგორც არაზღაპრული მხატვრული სახე. 1926 წელს ახალზელანდიურ გაზეთში ტრევერსმა გამოაქვეყნა „მერი პოპინსი და ასანთების გამყიდველი“. მოთხრობაში მკაცრი ძიძა რომანტიკულ გმირად არის გამოყვანილი. თუკი უფრო ღრმად ჩავეძიებით მერი პოპინსის პროტოტიპულ სახეს, მას პამელას ავსტრალიური ბავშვობის პერიოდში შეგვიძლია მივაგნოთ, როდესაც მისი ოჯახი ბოირალში ცხოვრობდა. მაგალითად, ზღაპრული ძიძის ხასიათის რამდენიმე თვისება აღებულია მათი ექსცენტრული ირლანდიელი დამლაგებლისგან.

„ბელას _ თუ ბერტას ეძახდნენ? _ ქოლგის სახელურს თუთიყუშის თავის ფორმა ჰქონდა. ამან მომნუსხა. დასვენების დღეებში, სეირნობისას, თეთრებში გამოეწყობოდა, ხოლო დაბრუნებისას გულმოდგინედ ფუთავდა ქაღალდში თავის „საგარეო ტანისამოსს“. ის გვიყვებოდა ზღაპრულ ისტორიებს იმაზე, რაც თავს გადახდენოდა და რასაც თავად აკეთებდა და ხედავდა. ჩვენ უბრალოდ კი არ გვიყვებოდა, უკეთესად იქცეოდა _ ის მიგვანიშნებდა. „აჰ, _ ამბობდა კასანდრას სახით _ ნეტამც გცოდნოდათ, რა დაემართა ჩემი ბიძაშვილის მაზლს!“. ჩვენი ხვეწნის საპასუხოდ ამოუცნობ გამომეტყველებას მიიღებდა და გვარწმუნებდა, რომ ამბავი სრულიად აღუწერელია და საერთოდ, ბავშვის ყურებისთვის მოსასმენი არაა… ის, რასაც ჩვენ არ გვიყვებოდა, ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი, საინტერესო იყო, ვიდრე ცხოვრება“.

ბევრი თვისება შეხვდა პოპინსს კრისტინა კარასეტისგან _ პამელას დეიდისგან, რომელსაც ყველა „დეიდა კესს“ ეძახდა. ამ მოხუც ქალბატონს, როგორც ტრევერსი იხსნებს, მერისავით უყვარდა „ჩაფრუტუნება“, მწარე ენის პატრონი იყო, მაგრამ ოქროს გული ჰქონდა. ზღაპრის ბევრი გმირი ასევე ბოირალის რეალური ცხოვრებიდან არის აღებული და მათი ნამდვილი სახელებიც კი შენარჩუნებულია (საკონდიტროს მფლობელი _ მის კორი, ორ ქალიშვილთან ერთად; პაპა ჯორჯ ვუდსი; მის კვიგლი).

მთავარი გმირის სახელს რაც შეეხება, ზუსტად არავინ უწყის, მაგრამ არსებობს ცნობა, რომ პამელამ პირველად მინაწერის სახით „მ. პოპინსი“ დაინახა ბავშვობაში, რომელიღაც წიგნის ფურცელზე. მეორე ვერსიით _ სახელი აღებულია ლონდონის ქუჩის სახელიდან („Pოპპინ’ს ჩოურტ“). აქ მდებარეობდა გამომცემლობის ოფისი, სადაც პამელა მუშაობდა.

1934 წელს მერი პოპინსის ზღაპარი დასრულებული იყო. ჯერი წიგნის ილუსტრირებაზე მიდგა. თავიდან, ის უნდა დაესურათებინა ერნესტ ჰოვარდ შეპარდს, ცნობილს თავისი „ვინი ფუჰის“ ილუსტრაციებით. ის დაკავებული აღმოჩნდა და უარის თქმა მოუწია, თუმცა შეპარდის გვარი მაინც მოხვდა წიგნის გარეკანზე _ სამუშაოს შესრულებას ერნესტის ქალიშვილი, მერი დათანხმდა.

ყველაზე დიდი კამათი მთავარი გმირის იერსახეზე გაიმართა. ბოლოს პამელამ დამსწრეთ ფაიფურის ულამაზეს ჰოლანდიურ თოჯინაზე მიუთითა _ აი, ასეთი უნდა იყოს პოპინსი! დღეს ეს თოჯინა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში ინახება და ის ძალიან ჰგავს მერის: მბრწყინავი შავი თმა, დახვეწილი ფიგურა, გრძელი ხელ-ფეხი და პატარა ლურჯი თვალები. მწერალი და მხატვარი შეთანხმდნენ, რომ ილუსტრაციები შავ-თეთრი უნდა ყოფილიყო. ზღაპრის პირველმა გამოცემამ დღის სინათლე 1934 წლის გაზაფხულზე იხილა. წიგნზე ავტორის სახელ-გვარი ასე ეწერა: პ. ლ. ტრევერსი. ეს მეთოდი საკმაოდ გავრცელებული საგამომცემლო სვლაა, რომლის მიზანია დაფაროს ავტორის სქესი და არ დააფრთხოს ბიჭი მკითხველები („ჰარი პოტერის“ ავტორიც ასევე მოიქცა _ „ჯ. კ. როულინგი“).

საინტერესოა, რომ ზღაპრის პირველი გამომცემელი გახდა ასევე ცნობილი მეზღაპრის, ჯეიმს მეთიუ ბარის აყვანილი შვილი. ტრევერსი ყოველთვის აღიარებდა, რომ „მერი პოპინსის“ დაწერისას პიტერ პენზე შექმნილი ისტორიის დიდ გავლენას განიცდიდა. ორივე ნაწარმოებში მკითხველის წინაშე იშლება და ვითარდება ბავშვობასა და მოზარდობას შორის გაჩენილი კონფლიქტი. ბარისთან კონფლიქტი გადაუჭრელია: პენი კვლავ ბიჭუნად რჩება, ხოლო გაზრდილი ვენდი ივიწყებს მის არსებობას.

ტრევერსის ზღაპარმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა არა მარტო ბიჭებსა თუ გოგოებში, არამედ უფროს მკითხველშიც, რაც ძალიან ახარებდა მწერალს. მერი პოპინსის ისტორია სულ 8 ნაწილს მოიცავს და უკანსკნელი მათგანი მწერალმა 1988 წელს გამოაქვეყნა.

პამელა ტრევერსს „მერი პოპინსის“ გარდა რამდენიმე რომანი და საბავშვო წიგნიც აქვს დაწერილი. 1977 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა. გარდაიცვალა ლონდონში, 1996 წლის 23 აპრილს, 96 წლის ასაკში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, როგორც მისმა შვილიშვილებმა განაცხადეს, „მოკვდა ისე, რომ არავინ ჰყვარებია და არც ის ჰყვარებიათ“.

ბექა სუხიტაშვილი

Advertisements

Leave a comment

Filed under ბიოგრაფია, მესამე ნომერი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s