მკვლევარი მწერალი ჰერმან ჰესე

hermann-hesse-watercolor-portrait4-fabrizio-cassetta

იყო და არა იყო რა, იყო მამა, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა. ერთი მათგანი ლამაზი და ძლიერი იყო, მეორე კი _ პატარა და კუზიანი. ლამაზი ძმა მახინჯს დასცინოდა და აბუჩად იგდებდა. მანაც გადაწყვიტა, უკიდეგანო, ვრცელ სამყაროში წასულიყო სახეტიალოდ. კუზიანი ძმა თავის გზაზე საამურ ცხოვრებას ეწევა, ხოლო ლამაზი ძმა ომში მკლავს დაიზიანებს და მათ­ხოვარი გახდება. ერთხელაც, ისინი შეიყრებიან. ­ბედნიერი კუზიანი ძმა ლამაზს თავისთან დაიტოვებს, _ ამიერიდან არაფერი გაგიჭირდებაო.

„ორი ძმა~ _ ასე ერქვა ათი წლის გერმანელი ნობელიანტი მწერლის, ჰერმან ჰესეს ყველაზე ადრეულ პროზაულ ნაწარმოებს, სადაც უკვე კარგად ჩანდა მომავალი მწერლის ჰუმანისტური მისწრაფება. `ვრცელ­ სამყაროში სახეტიალოდ წასული~ კუზიანი ძმის გადაწყვეტილება სრული სისავსითა და მრავალფეროვნებით წარმოჩინდა თავად ჰესეს ცხოვრებაში.

რომანები, მოთხრობები, ლექსები, ზღაპრები, ­ესეები, პუბლიცისტური და კრიტიკული ჩანაწერები, წერილები _ ამ ყველაფერს მოიცავს მწერლის ბიბ­ლიოგრაფია. საინტერესოა, რომ მწერალს არ დაუტოვებია არც დღიურები, არც მოგონებები და არც რაიმე განზოგადებული ჩანაწერი თავისი ­ცხოვრებისა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მცირე ­ავტობიოგრაფიულ ესკიზს, თუმცა მისი შემოქმედება მთლიანადაა ­გადაჯაჭვული მის ბიოგრაფიასთან და განსაკუთ­რებით კი, ბავშვობასთან.

მწერალი 1877 წლის 2 ივლისს, ქალაქ კალვეში დაიბადა, გერმანელი ქრისტიანი მისიონერების ოჯახში. 1891 წელს მაულბორნის მონასტრის თეო­ლოგიური სემინარის მსმენელი ხდება, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ მონასტერი მიატოვა და კალვეში ჯერ მექანიკოსად, შემდეგ კი წიგნებით მოვაჭრედ მუშაობდა. პირველი რომანის, `პეტერ ლამენცინდის~ (1904) წარმატებამ, მწერალს საშუალება მისცა, თავი ­ლიტერატურისთვის მიეძღვნა. წარმატება პირველი მსოფლიო ომის მოახლოებამ დაჩრდილა, რამაც შეძრა მწერალი და დააეჭვა კაცობრიობის კეთილგონიე­რებაში. ინტელიგენციის მიმართ მოწოდება, გამოეჩინათ სოლიდარულობა, არ შეუწყვეტია მეორე მსოფლიოს ომის დროსაც. ის აქვეყნებს სტატიების კრებულს სათაურით `ომი და მშვიდობა~ (1940), მხატვ­რულ სიტყვასთან ურთიერთობისას კი გამო­რიცხავ- და ყოველგვარ პოლიტიკურ მოტივს.

მწერალმა 1923 წელს შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო, სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჰქონდა გატარებული. ახალგაზრდობაში ბევრს მოგზაურობდა როგორც ევროპაში, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე უდიდესი მნიშვნელობა იქონია ინდოეთისა და ჩინეთის ფილოსოფიამ. მასში ერთდროულად თანაარსებობდა დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების ესთეტიკა, თუმცა მწერალი აღიარებდა, რომ არასოდეს უცდია საკუთარ თავში გადაემეტებინა გერმანე­ლისთვის, ყოველთვის ერთგულებდა გოეთესა და რომანტიკოსების ტრადიციას თავის შემოქმედებაში.

39 წლის მწერალმა ხატვა დაიწყო. მას ყველაზე მძიმე პერიოდი უდგება ცხოვრებაში: ცოლს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ათავსებენ, გარდაეცვლება მამა, ხოლო შვილი მძიმედ უავადდება. კრიზისისგან თავის დასაღწევად ფსიქოთერაპიის კურსს გადის ი. ბ. ლენგთან (იუნგის მოწაფე), რომელმაც ურჩია ხელში კალმის ნაცვლად ფუნჯი აეღო. `აუტანელი სევდისგან გასათავისუფლებლად მე ახალი ხერხი მოვძებნე _ ხატვა დავიწყე~, _ განმარტავდა მწერალი ერთ-ერთ თავის წერილში.

2014 წლის მაისში, ბონში, მწერლის გამოფენა­ გაიხს­ნა, სადაც მნახველს შეეძლო დაეთვალიერებინა როგორც აკვარელში შესრულებული ადრეული ნახატები, ასევე სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დახატული ნამუშევრები. ხატავდა ზეთში, იყენებდა გუაშს, პასტელებს, ფერად ფანქარს. თვითნასწავლ მხატვართან სხვადასხვა სტილი გვხვდება: ნაივური ხელოვნებიდან დაწყებული, მოდერნიზმით გაგრძელებული და გრაფიკით დამთავრებული. ძირითადად პეიზაჟებს ხატავდა. ბუნება ჰესესთვის ყოველთვის იყო შთაგონების წყარო, შინაგანი წონასწორობის აღდგენის საშუალება. განიცდიდა ლუი მუალიესა და ავგუსტ მაკეს გავლენას და მიაჩნდა, რომ მაკეს შემოქმედება აკვარელში შესრულებული ხელოვნების ­იდეალი იყო. `მე მხოლოდ და მხოლოდ დილეტანტი ვარ, და ეს არასოდეს მავიწყდება~ _ ხაზგასმით ამბობდა მწერალი. მისი 170-მდე ნამუშევარი საზოგადოებამ პირველად სწორედ ამ გამოფენაზე იხილა. კოლექცია მწერლის შუათანა ვაჟის, ჰაინერ ჰესეს, პირად საკუთრებაშია.

რომან `დემიანის~ (1919) დაწერიდან მწერლის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დგება. მის ყველა შემდ­გომ რომანში `ბიპოლარობის~ პრინციპი ამოქმედდება. ის ჰერმეტისტული (მეცნიერება, რომელის ბუნების ამოუცნობ ძალებსა და ადამიანის ბუნებასთან ურთიერთკავშირს შეისწავლის) ტრადიციების ­გავლენის ქვეშ ექცევა და მისი შემოქმედების მთავარი თემა ურთიერთსაწინააღმდეგო იდეების შეერ­თება-­შეკავშირება ხდება. `იყო ადამიანი _ ეს ნიშნავს იტანჯებოდე განუკურნებელი გაორებით, ეს ნიშნავს იხლიჩებოდე სიკეთესა და ბოროტებას შორის~ _ ­ამბობდა მწერალი.

`დემიანში~ ის ღმერთ აბრახას ფორმულირებას ახდენს, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბოროტსაც და კეთილსაც. მწერლის მეორე პერიოდის რომანებს ახასიათებთ ერთგვარი ჰესეს მიერ შექმნილი `სამყაროს სურათი~, სადაც ადამიანის ორპოლუსიანობის წარმოჩენა ხდება და სულისა და მატერიის დაპირის­პირება მიმდინარეობს. მწერლის მიზანს შეადგენს ამ განსხვავებული ცხოვრებისეული ნატეხებისგან შექმ­ნას სრულყოფილი ადამიანი. ეს თემა განივრცობა მის რომანებში: `კლინგზორის უკანასკნელი ზაფ­ხული~ (1920), `ზიდჰარტა~ (1922), `ტრამალის მგელი~ (1927), `ნარცისი და გოლდმუნდი~ (1930), `მოგზაურობა აღმოსავლეთში~ (1932) და `თამაში რიოში მარგალიტებით~ (1943). ყველაზე უკეთ ეს პრინციპი ჰესემ `ზიდჰარტასა~ და `ტრამალის მგელში~ წარმოაჩინა. პირველ მათგანში ბუდა გაუტამების პერიოდია, სადაც ისინი ცხოვრების სხვადასხვა სტადიას გადიან, უკიდურესი ასკეტიზმიდან დაწყებული, ჰედონიზმით დამთავრებული. მეორე მათგანში გადმოცემულია ადამიანის სულის მდგომარეობები, სადაც იკითხება თავად მწერლის ლენგთან გატარებული ფსიქოანალიზის დროს მიღებული გამოცდილება. ევროპაში დაწყებული სამოციანი წლების სულიერი რევოლუცის დროს ჰე­სემ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობა მოიპოვა, რაც ერთგვარი ამბოხი იყო იუდეურ-ქრისტიანული მორალის დამკვიდრებული ნორმების მიმართ. მისი წიგნები სულიერი იმპულსის მატარებელი და დამხმარე გახდა დასავლური ქვეყნებისთვის, ადამიანის შინაგანი ­სამყაროს ახლიდან გააზრება მოახდინა და წინ წამოსწია ინდივიდუალური თვითჩაღრმავების, ღმერთთან პირადი დამოკიდებულების შექმნის კონცეფცია.

„ჩემი თემაა, გამოვსახო ადამიანობისა და სიყვარულის სფეროები, პირადი ცხოვრებისა და სუბლიმაციის სფეროები, რომელთაც ჩემი საკუთარი ­გა­მოცდილებიდან ვიცნობ, სიზუსტე, გულწრფელობა და საიმედოობაა ის, რისი გარანტირებაც ძალმიძს~. ჰესეს შემოქმედება _ ეს თვითგამოხატვა და თვით­ანალიზია, კამათი საკუთარ თავთან, თვითჩაღრმავება და თვითგამორკვევა, საკუთარი `მეს~ სფეროში გააზრებული ყოფნა და კვლევა. თვითანალიზის ­წყალობით, საკუთარი ცხოვრების გამორკვევით, ჰერმან ჰესე აფართოებს ადამიანის შინაგანი რეა­ლობის სფეროს.

ჰერმან ჰესემ ნობელის პრემია 1946 წელს მიიღო, ხოლო მისი შემოქმედების გვირგვინად უკანასკნელი რომანი, `თამაში რიოში მარგალიტებით~ (1943) სახელდება, სადაც მხატვრული შემოქმედების უნივერსალური ფორმა შექმნა, რომელიც მოიცავდა კაცობრიობის მიერ დაგროვილ მთელ ინტელექ­ტუალურ მასალას. ამ რომან-უტოპიაში შეხვდებით ­ვირტუალური რეალობის წინასწარმეტყველებას.

ჰერმან ჰესემ მთელი ცხოვრების განმავლობაში სამი ათასამდე სტატია დაწერა ორმოცდაათამდე ­სხვადასხვა დასახელების ჟურნალ-გაზეთისთვის. მისი შემოქმედება 49 ენაზეა თარგმნილი.

მწერალი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მას სამი შვილი შეეძინა. მესამე ცოლი, ნინონ ოსტლანდერი, მწერალს სიკვდილამდე უწევდა მეუღლეობას. ჰერმან ჰესე 1962 წლის 9 აგვისტოს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბექა სუხიტაშვილი

Leave a comment

Filed under ბიოგრაფია, მეორე ნომერი

Leave a comment