Monthly Archives: December 2020

ლეანა და სიხარულების შემგროვებელი

„ლეანა, ფრთებქათქათა გოგოვ, ფიფქების შემქმნელო,  შენთან ერთი პატარა ბიჭი გამოვაგზავნეთ, საკუთარი თვალით უნდოდა ეხილა ფიფქების შექმნის პროცესი, ჰოდა აუხდა ოცნება და ახლა სულ ზემოთ და ზემოთ უნდა იყოს უკვე.

ო, ეს ბიჭი როგორი ხელმარჯვეა რომ იცოდე! რასაც კი ხელს მოკიდებს ყველაფერს ოქროსა და ბრილიანტებად აქცევს, პატარა ჭანჭიკებისგან სამყაროებს ქმნის, ძველმანებისგან სასახლეებს, ჩვეულებრივი ქვიშისგან წითლად მოელვარე, ნამდვილ პლანეტებს!

აი, ესეთი ბიჭი წამოვიდა შენთან.

არ შეგეშალოს, დაუკვირდი: ბიჭს ოქროსფერი კულულები უნდა ჰქონდეს, დიდი თაფლისფერი თვალები, ცისფერი ზედა ეცმევა აუცილებლად, მაგრამ მთავარი მისი ღიმილია, როცა გაიცინებს, მაშინვე მიხვდები რომ ის ის არის – ბიჭი დედამიწიდან, ლეანასთან ფიფქების შესაქმნელად აფრენილი“.

ასეთი წერილი მიიღო ჩვენმა ლეანამ დედამიწიდან. ვისგან? ერთ-ერთი მეგობრისგან. ალბათ ყვითელგულა გვირილასგან, პატარა ცუგასგან ან კეთილი მოხუცისგან, ან პეპლის ფრთება ფერიასგან, ვინ იცის. მთავარი კი ისაა, რომ ლეანამ როგორც კი წერილი წაიკითხა ისე აფორიაქდა, ისე აუთრთოლდა პაწაწინა გული, რომ მისი თეთრი კაბა სულ ლურჯად აციმციმდა, ხოლო თვალები, ეს იასამნისფერი თვალები, ნამდვილ იასამნებად იქცნენ, გაზაფხულის სურნელებაც კი დააყენეს რამდენიმე წამი. სიხარულისგან ლეანამ ერთი შეიფართხალა, პაწაწინა ფრთები გამალებით ააფართხალა, აიჭრა ზემოთ, და სქელ, მბზინავ ნისლზე ისე გასრიალდა, როგორც ჩვენთან ყინულის მოედანზე სრიალებენ და ათასნაირ ჩახლართულ აკრობატულ ნომრებს ასრულებენ. გასრიალდა და რა გასრიალდა! მისი ნაკვალევი ცისარტყელებად იქცა, დედამიწაზე ჩამოწვა და ადამიანებს კიდევ ერთხელ მიეცათ ფიფქების შემქმნელის სიხარული ეხილათ და განეცადათ.

და, როდესაც ლეანა, დაეშვა თავის სამფლობელოში, ბიჭიც იქ დახვდა. იდგა მორცხვად, აღფრთოვანებული გასცქეროდა თვალისმომჭრელ სითეთრესა და აღტაცებისგან ტაშსაც კი შემოსცხობდა ხოლმე. ლეანამ მაშინვე იცნო ეს უცნაური ბიჭი, ერთის დანახვით ისე, ისე შეუყვარდა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩაეხუტა. გულში მაგრად ჩაიკრა. ბიჭის თმებს დედამიწის სურნელება წამოჰყოლოდა, ცაცხვის ყვავილების, იებისა და ენძელების, მაისის ვარდების განუმეორებელი არომატი.  იქ, შორეულ, წყლის პლანეტაზე გაზაფხული იდგა და ბიჭიც სწორედ გაზაფხულის მზის სხივს ამოჰყოლია ლეანასთან.

 და ლეანა მიხვდა, რომ დადგა დრო ფიფქების შემადგენლობაში რაღაც განსაკუთრებული ინგრედიანტი დაემატებინა, რომ მოსულიყო დრო ფიფქები შეცვლილიყვნენ. და ეს განსაკუთრებული ინგრედიანტი ამ ბიჭს უნდა ჰქონოდა თან, ჯერ არ იცოდა ლეანამ ზუსტად რა იყი ეს, მაგრამ გული უგრძნობდა რომ განსაკუთრებული რამ უნდა მომხდარიყო.

  • სიხარული, თან სიხარული წამოვიღე – ამოთქვა ბიჭმა. ლეანამ ახლაღა შეამჩნია,

მის პატარა სტუმარს ხელთ პაწაწინა გაქექილი ტომარა ეჭირა, ტომარა თითქოს მოძრაობდა და  მბრწყინავი ნაპერწკლები სცვიოდა. აშკარა იყო შიგნით რაღაც ან ვიღაც მალაყებზე გადადიოდა.

  • მაშ, მარტო არ ამოსულხარ? – ჰკითხა ლეანამ და თვალით ტომარაზე ანიშნა.

ბიჭმა გაუბედავად დაწყო:

  • ყველაფერი დეკემბრის ერთ ღამეს დაიწყო, როდესაც ყველას მშვიდად ეძინა,

როდესაც  ფანჯრიდან მხოლოდ უზარმაზარი მრგვალი მთვარე და სხვა ჩაბნელებული ფანჯრები მოჩანდა. მთვარე დეკემბრის იმ ღამეს უზარმაზარ სინათლის ბურთს წააგავდა, იმდენადა ახლოს იყო ჩემთან რომ მისი ლაქების თვალიერებას შევყევი, ამიტომ დაძინებაც შემაგვიანდა. მივშტერებივარ ამ  უზარმაზარ ბურთს, თვალს ვერ ვწყვეტ და  უცებ რაღაც წკარუნის ხმა მესმის, თითქოს ზანზალაკის, თითქოს ნაცნობი მაგრამ გახსენება რომ გიჭირს ისეთი მელოდიის,  ჭრიჭინას და ფუტკრის ბზუილი რომ შეართო,  წვიმის წვეთების რაფაზე წკარუნის. აი ასეთი არეულ-დარეული ხმები მოდის ჩემამდე. ხმებს ერთი ციცქნა ნათებაც მოყვა. ღია ფანჯრიდან შემოიჭრა, სინათლის წერტილი უცებ პატარა ფერიად იქცა, მწვანე ქუდითა და მხრებამდე ყვავილების საყურეებით, ყვითელ, ყავისფრად დაწინწკლულ ფრთებს იქნევს და წკრიალა ხმით მეუბნება, სიხარულების შეგროვება უნდა დაიწყოო, ძალიან გვჭირდება სიხარულების შემგროვებლებიო, ჩვენ კი არა უფრო სწორად თქვენ ადამიანებს გჭირდებათო, ყველანაირ სიხარულს რომ შეაგროვებ ლეანას წაუღეო, ის კი თავის ფიფქებით ისევ ადამიანებს დაუბრუნებთო. ოღონდ ისე რომ ყველას შეხვდეს სიხარულის პატარა ნამცეცი მაინცო.

ბიჭმა ამოსუნთქა. დაღლილიყო კიდეც, აბა როგორია ამხელა გზა გამოეარა. დედამიწიდან ცამდე. ლეანამ ღრუბლის სკამი შესთავაზა და ერთი ჭიქა თეთრი, ქათქათა ტკბილი სასმელითაც გაუმასპინძლდა. თეთრი ორცხობილებიც მიართვა. ბიჭი ჭამდა, გაოცებული ათვალიერებდა ლეანას საოცარ სამყაროს, თან ხელთ მოხტუნავე ტომარა ჩაებღუჯა რომ არ გაქცეოდა.  

ლეანა ყურადღებით უსმენდა, და გრძნობდა რომ მოვიდა დრო ფიფქების შემადგენლობის შეცვლის. თან უხაროდა, თან ეშინოდა, ვაითუ არ გამოვიდეს, ვაითუ ადამიანებს იმედი გაუცრუოს. მაგრამ ბიჭის კეთილი, ღრმა, სულ ცოტა სევდიანი თვალები, მისი თავდაჯერებულობა, შიშს უქარწყლებდა.

  • დამიტოვა ფერიამ აი ეს ჯადოსნური ტომარა და ასევე წკრიალითა და წკარუნით

გაუჩინარდა, ბოლოს თვალი მთვარის ერთ-ერთ ლაქაზე მოვკარი. მერე გავიგე თურმე ფერიებს ძალიან სწრაფად შესძლებიათ გადაადგილება. ისინი გონებით და აზრებით მოძრაობენ, საკმარისია გაიფიქრონ რომ მაგალითად აი, ახლა მარსზე მინდა გავჩნდეო და მაშინვე მარსის წითელ ქვიშაში ამოყოფენ თავს, ან უჰ, ეხლა სატურნის რგოლზე გავქროლდებოდიო, დამთავრებული არ აქვთ ფიქრი რომ სატურნის გარშემო ფარფატს იწყებენ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ლეანამ კარგად იცოდა, მაგრამ ბიჭი ისე საინტერესოდ ყვებოდა, რომ ინტერესით უსმენდა და შიგადაშიგ თავსაც უქნევდა.

  • ტომარა ჯადოსნური აღმოჩნდა. სხვანაირად აბა როგორ იქნებოდა, როცა ფერია

რამეს გჩუქნის, ის აუცილებლად ჯადოსნური უნდა იყოს. მას მერე სულ თან ვატარებდი.   ვცდილობდი ბავშვების, დიდების, ცხოველების, ფრინველების სიხარულებს შევსწრებოდი, რომ მათი კისკისი, წამიერი ბედნიერება, სიხარული – ტომარაში ჩასკუპებულიყვნენ. – ეს ბოლო სიტყვა ბიჭმა რაღაცნაირად ძალიან საყვარლად წარმოთქვა, გაიცინა და სიცილისას კი უცებ ნამდვილი იების კონა გადმოუცვივდა, ესეც კიდევ ერთი საჩუქარი მწვანექუდა ფერიასგან.

  • სიხარულები ცოცხლები აღმოჩნდნენ – ბიჭი თან ყვებოდა ამბავს, თან მორიდებით

კრეფდა ძირს დაყრილ იებს. ამ სითეთრეში იები და ლეანას თვალები ერთნაირად ბრწყინავდნენ.

 – ისინი უცნაურ ფორმებსა და ფერებს იღებდნენ და ტომარაშიც  უზომოდ ხმაურობდნენ და ჭყლოპინებდნენ. მოზრდილი ადამიანების სიხარული – ვარდისფერი გულებია, ბავშვის – ლურჯად მოკაშკაშე ვარსკვლავები, ძაღლის – ყვითელი მზესუმზირები, ჩიტების მწვანე სამყურები, ფისოების – ვერცხლისფერი ზარები, ნაძვის ხეების ოქროსფერი გირჩები, ყვითელგულა გვირილების – ცისფერი წვიმის წვეთები… სახლებსაც ჰქონიათ თურმე სიხარული, თეთრგულა მერცხლის ბუდეები – ცვიოდნენ და ცვიოდნენ ტომარაში.  ეს პაწაწინა ტომარა უამრავ სიხარულს იტევს. ვცდილობდი ყველას სიხარულს შევსწრებოდი და მათთვის ჩემი ტომარა შემეთავაზებინა. სიხარულები უარს არასდროს მეუბნებოდნენ, ტომარაში საკუთარ ადგილებს პოულობდნენ და იქიდან იწვევდნენ სხვა სიხარულებს. სანამ აქ ამოვიდოდი, სად აღარ ვიყავი ვეცადე რომ რაც კი სულიერი არსება არსებობს ყველას სიხარული შემეგროვებინა… ყველაზე კაშკაშა სიხარულები, მაინც ისინი არიან, ტირილისა და დიდი სევდის მერე რომ ჩნდებიან, დარდის მერე დაბადებული სიხარული – ცისარტყელები.

ლეანამ სიხარულის შემგროვებელს ტომარა ფრთხილად გამოართვა და გულზე მიიხუტა. ტომარამ მოძრაობა შეწყვიტა, მაგრამ ასმაგად გაკაშკაშდა…

  • სულ რამდენიმე თვე დაგვრჩა ფიფქების დედამიწაზე გაშვებისკენ – ისეთი წკრიალა

ხმით თქვა ლეანამ, ბიჭმა გაიფიქრა ლეანას და ფერიას ერთნაირი ხმა ჰქონიათო. – ამიტომ უნდა ვიჩქაროთ….

და დაიწყეს, ფიფქების შექმნის ამაღელვებელი, იდუმალი და საოცარი პროცესი… პატარა ღრუბელიც ყოველდღიურად ამარაგებდა მათ სასწაული ინგრედიანტებით, რომლებსაც როგორც უკვე იცით ჯადოსნური თვისებები აქვთ.

ჭრიან და ჭრიან ბიჭი და ლეანა ფიფქბეს, ას წახნაგებსა და ბზრიალებს, მოელვარეებსა და მაკურნებლებს. თან ლეანა უამბობს საოცარ ამბავს, ერთხელ, შორეულზე შორეულ წარსულში, როგორ გადაწყვიტა ცამ ადამიანებისთვის სიხარული და სიყვარული პატარა, ჩვილი ბიჭის სახით გამოეგზავნა, როგორ გაიზარდა მერე და ადამიანებს სიკეთე ასწავლა, სიყვარული ჩაუნერგა მათ გულებში. მერე… მერე აღარ გვინდაო თქვა ლეანამ და იისფერი ცრემლის ჩამოუგორდა, ამ ამბავზე მუდამ ეტირებოდა. მთავარი ის არისო, რომ ის დედამიწაზე დაიბადაო და  საბოლოო ბინა ყველა ცოცხალი არსების გულში დაიდოვო.

ბიჭი ბედნიერი იყო. აბა, რა ჯობია, ძალიან, ძალიან, წარმოუდგენლად მაღლა, იჯდე ფიფქების შემქმნელ ლეანასთან ერთად, თან ფიფქებს ჭრიდე, თან გასაოცარ ამბებს ისმენდე. და როცა ბიჭი იღიმებოდა, ამ უსაზღვრო სითეთრეში იისფერი იების ზღვა ჩნდებოდა,  ბიჭი ხომ გაზაფხულის მზის სხივებს აუყვანიათ ზემოთ და თან გაზაფხულის სურნელიც გაჰყოლია…

ლეანამ ფიფქებს სიხარულის შემგროვებლის მიერ შეგროვებული სიხარულები დაამატა. უნდა გენახათ, ეს სიხარულები რამხელა სიხარულით ამოფრინდნენ ტომრიდან, ერთი ჟრიამული და მხიარულობა გამართეს, მონაცვლეობით სკუპდებოდნენ ფიფქებზე და თავადაც ფიფქების ფორმას იღებდნენ. ზოგი წახნაგზე მოკალათდა, ზოგი შუაგულში, ზოგიც  გარშემო შემოერტყა. ბიჭი გაოცებული უყურებდა, როგორ იცვლიდნენ ფორმასა და ფერს, როგორ ემსგავსებოდნენ ფიფქებს… მოინუსხა იმ  სინათლითა და ბრწყინვალებით ისინი რომ ასხივებდნენ.

და როცა დედამიწის ყველა ფიფქი შექმნეს, ლეანამ ხელი მოკიდა, თავის ორი პატარა ფრთა შეაფრთხიალა და სულ ზემოთ აიჭრნენ. ერთი კი გაიფიქრა, გულში ბიჭმა, იქნებ მთვარეც ვნახო ახლოდანო ან სატურნის რგოლია, ვინ იცის იქნებ მართლაც…

ფიფქები პირველად დეკემბრის იმ დღეს წამოვიდა დედამიწაზე, ოდესღაც ბიჭს სავსე მთვარის ყურებაში რომ დაათენდა და ფერია ესტუმრა.

ეს ზამთარი დაუვიწყარი იყო. ცვიოდა სიხარულებთან შერწყმული ფიფქები დედამიწაზე და ადნებოდნენ ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს, სახლებს.

ჩიტების სიხარული მწვანე სამყურები – ადამიანებს ერგოთ, ჩიტებს – ძაღლების ყვითელი მზესუმზირები, ძაღლებს – ფისოების ვერცხლისფერი ზანზალაკები, სახლებს – ადამიანის ვარდისფერი გულები, ბავშვებს- სახლების მერცხლის ბუდეები, ნაძვის ხეებს – ბავშვების ლურჯი ვარსკვლავები და ყველა ცოცხალმა არსებამ დედამიწაზე ამ ზამთარს სიხარული გაცვალა.  ერთმანეთის სიხარული უხაროდათ და ყველა ბედნიერი იყო. პაწაწინა კენჭის სიხარულიც კი საგრძნობი და ხელშესახები გამხდარიყო.

ჰარმონიას მოეცვა ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, სახლები…

თოვდა და თოვდა, ცვიოდა ფიფქები და თან ზემოდან სიხარული მოჰქონდათ. ახალი წლის ღამეს კი ფიფქებმა ნამდვილი ფერხული მოაწყეს და ვინც სახლიდან არ გამოვიდა, ფანჯრები მოუხატეს და მათი წილი სიხარული იქ დაუტოვეს.

იმასაც ამბობენ, ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე თუ კი ცას ახედავ და ძალიან, ძალიან კარგად დააკვირდები, შესაძლოა მოფარფატე ლეანა და სიხარულების შემგროვებელიც კი შენიშნო, ცისფერ მაისურიანი, ოქროსფერ კულულებიანი, სევდიან თვალება ბიჭი. ოღონდ ამ დეტალებს რა თქმა უნდა ვერ დაინახვ, უნდა წარმოიდგინო. და იქნებ გაგიმართლოს, ბიჭმა გაიცინოს და ერთი იების კონა შენც გერგოს.

და კიდევ, როგორ გგონია პაწაწინა კენჭის სიხარული როგორ გამოიყურება, რა ფერია და რის ფორმა აქვს?

მომწერე.

ინა იმედაშვილი

1 Comment

Filed under Uncategorized