ოლდოს ჰაქსლი „საოცარი ახალი სამყარო“

shop_product_image_1924_top

ოლდოს ჰაქსლი XX საუკუნის ინგლისელი მწერალია, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ამერიკაში გაატარა. ჰაქსლი ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი იყო. საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება მან 20-იან წლებში დაიწყო და მრავალი რომანის, მოთხრობისა თუ ესეს ავტორი გახლავთ.

ჰაქსლის შემოქმედების მწვერვალად მიჩნეულია რომანი „საოცარი ახალი სამყარო“, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და დაიბეჭდა გამომცემლობა „სიესტას“ მიერ.

სამყარო, რომელსაც ამ წიგნში ვხვდებით, მართლაც საოცარი და ამავდროულად, შემზარავია. თუმცა, თანამედროვეობისა და ტექნიკის უფრო და უფრო მზარდი განვითარების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, გარკვეული დროის შემდეგ ჰაქსლის წიგნი რეალობად იქცეს.

რომანში მომავლის ცივილიზაციაა აღწერილი, _ მსოფლიო სახელმწიფო, რომლის დევიზიცაა ერთობა, იდენტობა, სტაბილურობა. მეცნიერება იმ დონეზეა განვითარებული, რომ ადამიანებს ბავშვის გაჩენაც აღარ სჭირდებათ. ამას აკეთებენ ინკუბატორული ცენტრები, რომლებიც ბავშვებს აწარმოებენ და მათ თავიდანვე განუსაზღვრავენ ყველაფერს _ ზრდიან სხვადასხვა კლასის წარმომადგენლებად. სულ ხუთი კლასია _ ალფა, ბეტა, გამა, დელტა და ეპსილონი.

ინკუბატორული და აღმზრდელობითი ცენტრები ზრუნავენ, რომ ყველა ნაყოფი თავისი კლასის შესაბამისად განვითარდეს. მაგალითად, დაბალ კლასებს დროდადრო ჟანგბადის მიწოდებას უზღუდავენ, რათა ისინი ფიზიკურად და გონებ-რივად ჩამორჩენილები დაიბადონ და მზად იყვნენ თავიანთი სოციალური როლისთვის, არ გაუჩნდეთ რაიმე სახის პრეტენზიები. დაბადების შემდეგ ბავშვები იქვე, ცენტრში იზრდებიან. მათ უტარებენ ჰიპნოპედიას ანუ ძილის დროს ურთავენ ხოლმე ხმას, რომელიც იმ შეხედულებებსა და ფრაზებს იმეორებს, რომლებიც ბავშვებს უნდა ჩაუნერგონ. შედეგად, ეს არის აბსოლუტურად კონფორმული საზოგადოება, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობს…

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „საოცარი ახალი სამყარო“ ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ორუელის „1984“-სა და „ცხოველების ფერმას“. წიგნი სხვადასხვა დროს ბევრ ქვეყანაში იყო აკრძალული. დღესდღეობით კი, ამერიკული „უახლესი ბიბლიოთეკის“ ას საუკეთესო რომანშია შესული.

მარი ბექაური

Leave a comment

Filed under მარი ბექაური, მეოთხე ნომერი, რეცენზია

Leave a comment