მიშელ უელბეკი – პლატფორმა

mh5

2001 წელს მიშელ უელბეკმა რომან `პლატფორმის~ სა­ხით მკითხველებს თავისი პლატფორმა წარუდგინა და სკანდალიც მაშინვე აგორდა. მიუხედავად იმისა, რომ რომანის პირველი პუბლიკაციიდან ათ წელზე მეტია გასული, წიგნი აქტუალურობას და პოპულარობას არ კარგავს. რომანი ქართულ ენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა, მთარგმნელი ირმა ტაველიძეა.

შეიძლება ითქვას, `პლატფორმა~ თანამედროვე სამყაროს სარკედ იქცა. ის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური რომანია, რომელიც ჩვენს ცივილიზაციას ასახავს. მე ვერ ვიტყოდი, რომ წიგნის სკანდალური იმიჯი მასში ჭარბად არსებულმა სექსუალურმა სცენებმა განაპირობა. რატომღაც მგონია, პურიტან მკითხველსაც არ შეაწუხებს წიგნის ეს მონაკვეთები, რადგან ისინი ძირითადი სათქმელის და სინამდვილის აღქმაში გვეხმარება.

კითხვის დასაწყისში მიღებული შოკი მალევე იცვლება სიუჟეტის განვითარებისადმი უზომო ინტერესით და კითხვას გულდამძიმებული და ფიქრით სავსე ამთავრებ. საფიქრალი კი არაერთი მიმართულებით ჩნდება: იქნება ეს თანამედროვე ადამიანის მარტოსულობა, ბიზნესი და თამაშის წესები, კულტურა და მისი კომერციალიზაცია, პირადი ურ­თიერთობები, რელიგია, რასიზმი თუ, უბრალოდ, ცხოვრების არსი. უელბეკი თანამედროვე ცივილიზაციას სარჩულის ­მხრიდან გვაჩვენებს და ამბობს: `ჩვენ ის სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუ­ხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ­ჯიუტად ვაგრძელებთ~. ამ სისტემას `მსოფლიოს სხვა ნაწილში~ გაურბის რომანის მთავარი გმირიც.

მიშელი 40 წლის მარტოსული მამაკაცია, `ზომიერი სოციალიზმის~ ქვეყნიდან. აქვს არაფრით გამორჩეული ­ცხოვრება, შეიძლება ითქვას, უღიმღამოც. მისი გაცნობა მამისეულ სახლში გვიწევს _ მამის სიკვდილის შემდეგ მიშელი მემკვიდრეობას იღებს და რამდენიმე დღეში ტურისტული საგზურით ტაილანდში მიემგზავრება. მისი უღიმღამო ­ცხოვრებაც სწორედ ტაილანდში იცვლება.

`შეიძლება სამყაროში ისე იცხოვრო, რომ მისი საერთოდ არ გესმოდეს, უბრალოდ, საკვების, ალერსისა და სიყვა­რულის მოპოვებას უნდა ახერხებდე~_ მიშელს ­უმართლებს _ სამივეს მოიპოვებს, თუმცა დროებით. რო­მანის მეორე მთავარ გმირს, ვალერის, მიშელი ტურისტული მოგზაურობისას ხვდება და სწორედ მისი დამსახურებით ამოუბ­რუნდება აწმყო. `მხოლოდ რამდენიმე თვე ვიცხოვრე~, _ ამბობს მიშელი ვალერისთან გატარებულ ერთობლივ ­პერიოდზე და ამატებს, რომ ესაც კარგია, რადგან ამის თქმა ყველას არ შეუძლია. ბედნიერების მოულოდნელად დასრულება სიცოცხლის სურვილს აქრობს; რაც, თავის მხრივ, საკმარისი არ ყოფილა იმისთვის, რომ სიკვდილის სურვილი გაჩნდეს. რჩება მხოლოდ მოვაჭრეებთან ურ­თიერთობა და მიშელი ისევ ტაილანდს უბრუნდება, სადაც ცხოვრების თავიდან დაწყება კი არა, ასატან პირობებში დასრულება სურს; თუმცა მიდის დარწმუნებული, რომ `ბოლომდე ­ევროპის შვილად _ შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად~ დარჩება.

ერთ-ერთი თემა, რომელზეც ავტორი მთავარი გმირის პირადი ტრაგედიის ფონზე საუბრობს, რელიგიაა. უელბეკი არ მალავს უარყოფით დამოკიდებუ­ლებას მუსლიმების მიმართ, რაც პრობლემადაც ექცა _ მას საფრანგეთის დატოვება და ესპანეთში გადაბარგება მოუხდა. 2002 წელს `პლატფორმა~ დაჯილდოვდა პარიზის კინოფესტივალის პრიზით `კინორომანი~. ამ პრიზით ის საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები აღინიშნება, რომელთა ეკრანიზაციაც რეკომენდირებულია. ფილმი ჯერაც არავის გადაუღია, თუმცა `პლატფორმა~ ესპანური თეატრის ­სცენაზე უკვე დაიდგა.

და ბოლოს, რომანში წამოწეული თემების სიუხვის მიუხედავად, რომლებზეც ავტორი ჩვეული პირდაპირობით და ცინიზმით მიგვითითებს, მაინც ვიტყოდი, რომ ეს წიგნი სიყვარულზეა და იმაზე, რომ ასეთ გაუსაძლის თანამედროვე სამყაროში ჯერაც არსებობს ის.

ქეთი გზირიშვილი

Leave a comment

Filed under პირველი ნომერი, რევიუ

Leave a comment