Tag Archives: მეოთხე ნომერი

“აღდგომა”- სტივენ კინგი საშინელებათა ჟანრს დაუბრუნდა

stephen-king_web

ამ რომანში ერთ-ერთი პერსონაჟი, რომლის ბედიც გვადარდებს და რომელიც ფილტვების კიბოს გამო სასიკვდილო აგონიაშია, ამბობს ერთ პატარა, თითქმის შეუმჩნეველ ფრაზას, რომელიც ზუსტად ასახავს კინგის ჩანაფიქრს (და რომელიც, კონტექსტის გათვალისწინებით, ჟრუანტელის მომგვრელია): „რაღაც… _ ამოაყოლა მან ხრინწიან, ღრმა ამოსუნთქვას, _ რაღაც ცდილობს მოგვატყუოს. მე ასე მგონია.“

ეს კინგის 58-ე რომანია და ცალსახად საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება. თავად კინგმა „საზიზღარი, ბნელი ნამუშევარი“ უწოდა და დაამატა, რომ „ის ზედმეტად საშიშია. ამ წიგნზე ფიქრიც კი აღარ მინდა.“

წიგნი შეიძლება მატყუარაა, მაგრამ თავად კინგი დასაწყისიდანვე გვაძლევს მინიშნებებს იმაზე, თუ სად გავყავით თავი: სათაურით; წინათქმაში მერი შელის იმ ადამიანებს შორის მოხსენიებით, რომლებმაც „თავიანთი აგურები დადეს ჩემში“ ჰოვარდ ლავკრაფტთან და არტურ მახენთან ერთად, რომლის “The Great God Pan~ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოვიშორე თავიდან“.

მოგვიანებით კინგი რეი ბრედბერის Mr. Electrico-საც საკადრის პატივს მიაგებს, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს ლავკრაფტი და ციტატა _ „და გარდაცვლილთა ბოლო სამყოფად იქნებ მუდმივი არც საფლავია, მარადისობის უცნაურობით თავად სიკვდილიც წარმავალია“ _ რომლის სულისკვეთებითაც გაჟღენთილია მთელი წიგნი.

„აღდგომაში“ მთხრობელი ჯეიმი მორტონია, ბიჭი პატარა ქალაქიდან _ საშუალოდ ნიჭიერი, ერთი ჩვეულებრივი რითმ-გიტარისტი და ყოფილი ნარკომანი, რომელიც თავგამოდებით უარყოფს განგებას, რადგან თუკი „ყველა ეს საშინელება“, რომელიც უნდა გადაგხვდეს, გარდაუვალია, მაშინ „არ არსებობს ნათელი და ჩვენი რწმენა მხოლოდ ილუზიაა. თუკი ეს ასეა, ჩვენ ვცხოვრობთ სიბნელეში, როგორც ცხოველები სოროში, ან როგორც ჭიანჭველები თავიანთ ღრმა ბუდეში.“ ნამდვილად ბნელი ამბებია.

თუმცა, მიუხედავად ისეთი წინადადებებისა, როგორიცაა „მის ქერა თმას ახლა უკვე მიწა აყრია და ნელ-ნელა იფშვნება უკუნით მოცულ ატლასის ბალიშზე“, „აღდგომის“ დიდი ნაწილი შორს დგას საშინელებათა ჟანრისგან.

ჯეიმი ექვსი წლის არის, როცა პირველად ხვდება პროტესტანტული ეკლესიის ახალგაზრდა მეთოდისტს, ჩარლზ ჯეიკობს. საქმეზე შეყვარებული ჯეიკობი თავისი ენთუზიაზმით ახალ სულს ჩაჰბერავს მეთოდისტის საქმიანობას და ახალგაზრდებს ელექტროენერგიის გამოყენების მაგალითებით ხიბლავს. „ბავშვებო… ელექტროენერგია ღვთის ერთ-ერთი კარიბჭეა მარადისობაში.“

თუმცა, ჯეიკობის ოჯახში ტრაგედია დატრიალდება და ის ჯერ ქადაგებისას კიცხავს ორგანიზებულ რელიგიას _ „იგი დაშენებულია მათ სისხლზე, ძვლებსა და განწირულ ყვირილზე, ვისაც ეყო თავხედობა ღმერთის იდეისთვის თავი არ მოედრიკა“, შემდეგ კი ქალაქს ტოვებს.

წლების შემდეგ, როცა ჯეიმი მას კვლავ ხვდება, იგი უკვე ბნელ გზაზეა შემდგარი: ელექტრობით შეპყრობილის ექსპერიმენტები და მისი სურვილი შეუცნობელ ობიექტებზე ექსპერიმენტების ჩატარებისა სიგიჟეშია გადაზრდილი. ჯეიმი ერთდროულად დაინტრიგებული და შეშფოთებულია: „ღმერთო, მიშველე! მე მინდა ვიხილო, როგორ ახდის თავს პანდორას ყუთს და ჩაიჭვრიტება მასში!“

„აღდგომაში“ უფრო მეტად ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო მომენტები გვხვდება, ვიდრე საშინელი და საზარელი ტრაგედიის მომასწავე-              ბელი ნიშნები:

ჯეიმის დედა, რომელიც „საუთოებელთან ჩუსტებში იდგა და წარმოუდგენლად ლამაზი იყო დილის ნათებაში“. მისი პირველი სიყვარული _ „თოვდა. ასტრიდი აქ იყო, ბეწვის კაპიუშონიანი პარკა ეცვა. სახანძრო კიბის ქვეშ შევუძეხი და ვაკოცე. მის პომადას მარწყვის გემო ჰქონდა.“

მისი პირველი სექსი, პირველი გიტარა, პირველი კონცერტი.

ცოტაა ისეთი მწერალი, რომელსაც შეუძლია ამდენად ძალდაუტანებლად, გულწრფელად და ინტიმურად ასახოს ცხოვრების დეტალები. ალბათ ამიტომაც დაუფიქრებლად მივყვებით ჯეიმის, საითკენაც მიგვიძღვის, მაშინაც კი, როცა წიგნი ნელ-  ნელა სცილდება ჩვენს რეალობას _ ჩვენ გაგვაცურეს, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენი მთხრობელი, და დაგვავიწყეს, თუ რა წიგნთან გვქონდა საქმე.

კინგი ყოველთვის ბრწყინვალეა საშინელებისთვის სცენის მომზადებაში, განსხვავებით საიდუმლოს გამჟღავნებისა და ურჩხულის გამოაშკარავებისგან, სადაც ხანდახან იმედს გვიცრუებს ხოლმე. „აღდგომაში“ კი დიადი საშინელებისთვის თვალის შევლებასთან გვაქვს საქმე, რაც მას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.

„ელვის დარტყმის წინ ყოველთვის იგრძნობა სულისშემხუთავი აურა ჰაერში, რაღაცნაირი… არ ვიცი… წვის წინათგრძნობა,“ _ ეუბნება ჯეიკობი ახალგაზრდა ჯეიმის. დაიმახსოვრეთ ეს წინათგრძნობა, არ მისცეთ კინგს თქვენი გაცურების უფლება.

„აღდგომა“ იქნებ არ არის მდიდარი შემაძრწუნებელი, საშინელი სცენებით, თუმცა ის, რასაც იდუმალი ფარდის მიღმა თვალის შევლების შემდეგ ვხედავთ, ნამდვილად შავ-ბნელი და საშინელია.

მოამზადა სანდრო დოლიძემ

Leave a comment

Filed under მეოთხე ნომერი, რევიუ

აღუ – ზეციური ზმანება

9e668eb1-fe8d-48ad-86d4-d23ae954d6d6

იაპონელი მწერლის, ქენძაბურო ოეს მოთხრობების პირველად წაკითხვა საგნების დანისლული სათვალით თვალიერებას ჰგავს: ყველაფერი თავის ადგილზე დევს, რაკურსი ოპტიმალურად შერჩეულია, გულისა და გონებისკენ მიმავალი გზები აღსაქმელად _ ღია, მაგრამ მაინც ვხვდები, რომ კიდევ ერთხელ მსურს წაკითხვა. ამიტომ, გარემოს უკეთ შესაცნობად თუ გმირების ტყავის კარგად მოსარგებად, „სათვალის“ მინებს გულმოდგინედ ვაპრიალებ და ვიწყებ:

პირველი მოთხრობა, რომლის სახელწოდებაც კრებულის გარეკანზეა გამოტანილი, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია _ მთავარი გმირის პროტოტიპი წიგნის ავტორის შვილია. ამ ფაქტის გამო ამბავი კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება. ქენძაბურო ოეს ვაჟი შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა. ის მუსიკის ენით მეტყველებს, მუსიკას კი ფრინველებისგან იწერს. მოთხრობის მთავარ გმირში გაზავებულია მამაც და შვილიც _ ქენძაბუროც და მისი ხიკარიც.

„ატომის საუკუნის სული _ მფარველი“, „ტვირთის გადატანა“, „ატომის საუკუნის ტყის განდეგილი“ ამ კრებულიდან ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მოთხრობებია. თითოეულ მათგანზე ალბათ ცალკე ჩანაწერსაც გავაკეთებდი _ მათზე ბევრის თქმას შევძლებდი. „ტვირთის გადატანაში“ იმდენად ნატურალურია თხრობა, რომ ხბოს თანთალა, ახალგატყავებულ ხორცს ჩემი ხელებიც ეხებოდნენ, სუნიც მძაფრად მცემდა, სიმძიმეც წელს მწყვეტდა, ძაღლებსაც გავურბოდი… საერთოდაც, ეს, ფიზიკურობამდე დასული თანაგანცდა არაერთხელ გამიჩნდა ამ წიგნის კითხვისას, რაც იშვიათია ჩემთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მკვეთრი, ოსტატურად მოსმული შტრიხებით გამოსახული ფსიქოლოგიური პორტრეტები, რომლებსაც ავტორი ამ პატარა მოთხრობებში ქმნის.

ქენძაბურო ოეს 1994 წელს ნობელის პრიზი გადასცეს. სანობელო ლექციაში იგი ამბობს: „ვიზრდებოდი და გამუდმებით ვაწყდებოდი სიძნელეებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: ოჯახში, იაპონურ საზოგადოებასთან ურთიერთობაში და საერთოდ მთელ ჩემს ყოფაში XX საუკუნის მეორე ნახევარში. გადავრჩი იმის წყალობით, რომ ჩემს ტანჯვა-ვაებას რომანის ფორმას ვაძლევდი. წერისას ვამჩნევდი, რომ ჩემდა უნებურად ვიმეორებდი, თითქოსდა ამოვიოხრებდი: „მე ისევ ადამიანი ვარ!“ ალბათ, შეუფერებელია აქ, ამ გარემოებაში საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი ნაწარმოებების სტილის საფუძველი ყოველთვის იყო ის, რომ ვიწყებდი პირადი გამოცდილებიდან, შემდეგ ვუკავშირებდი საზოგადოებას, მერე ქვეყანასა და მთელ მსოფლიოს.“ და მართლაც, ოეს ყოველი მოთხრობის ბოლოს მთავარი გმირები სტრიქონებს შორის ტოვებენ გზავნილს: _ „მიუხედავად ამ ყველაფრისა, „მე ისევ ადამიანი ვარ!“

ქეთი გზირიშვილი

Leave a comment

Filed under მეოთხე ნომერი, რევიუ, ქეთი გზირიშვილი

ბერნარ ვერბერი „ჭიანჭველები“

200px-Verber_-_Qarışqalar

შეგიძლიათ ასანთის ექვსი ღერით ოთხი ტოლგვერდა სამკუთხედის აგება? სცადეთ. თუ შეძლებთ, ე. ი. თქვენ ყველასნაირად არ ფიქრობთ. თქვენ გაქვთ შანსი, ბნელი, დაკეტილი, მიტოვებული სარდაფები გააღოთ და იქ სიცოცხლე შეიტანოთ. და იმის შანსიც გაქვთ, ბერნარ ვერბერს და ჭიანჭველებს გაუგოთ.

ბერნარ ვერბერი სწორედ ის კაცია, რომელსაც ასანთის ექვსი ღერით ოთხი ტოლგვერდა სამკუთხედის აგება შეუძლია. მისი პერსონაჟებიც ეგეთები არიან _ უცნაურები და უკუღმართები. აი, ვერბერს კი კიდევ ბევრი საოცარი რამ შეუძლია: მაგალითად, ის თავისუფლად მოახერხებს, ჭიანჭველებზე დაწერილი სქელი წიგნი თავიდან ბოლომდე ისე წაგაკითხოთ, ერთხელაც ვერ ამოისუნთქოთ. განა ეს ტოლგვერდა სამკუთხედების ამბავზე ნაკლები საოცრებაა? წარმოიდგინეთ ჭიანჭველების ცხოვრების შესახებ დაწერილი სქელი წიგნი. ასეთი დახასიათება, ალბათ, არც ისე მიმზიდველად ჟღერს _ თანამედროვე მკითხველის დაინტერესება და გაოცება იმდენად ძნელია, ამას ადამიანური ისტორიებიც ძნელად ახერხებენ, მწერების ისტორიამ კი ვინ უნდა მიიზიდოს? ომების, ტექნოლოგიების, კოსმოსის სამყაროში ვის რაში უნდა აინტერესებდეს პაწაწკინტელა, შეუმჩნეველი, მშვიდი და წყნარი მწერების ცხოვრება? ადამიანების ცხოვრებაშიც ისეთი დიდი და გრანდიოზული ამბები ხდება… მაგრამ რა მოხდება, თუ აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილეში ჭიანჭველების საზოგადოება ძალიან ჰგავს ადამიანებისას, ხოლო ეს მწერები, შესაძლოა, ადამიანებზე უფრო გონიერები არიან? ამაზე, ალბათ, არ გიფიქრიათ. არც მე მეფიქრა. აი, ბერნარ ვერბერმა კი იფიქრა, ერთი დიდი აკვარიუმი იყიდა, იქ ჭიანჭველები დაასახლა, წლების განმავლობაში დააკვირდა და ბოლოს „ჭიანჭველებიც“ დაწერა _ დიდი წიგნი ჭიანჭველებსა და ადამიანებზე.

„ჭიანჭველები“ „ჭიანჭველების ტრილოგიის“ პირველი წიგნია. ვერბერი, ფაქტობრივად, ბავშვობიდან მუშაობდა ამ წიგნზე, 7 წლის ასაკიდან წერდა სხვადასხვა ისტორიებს ჭიანჭველების ცხოვრებაზე. საბოლოო სახე `ჭიანჭველებმა~ მაშინ მიიღო, როცა მწერალი 28 წლის გახდა. რომანი 12 წლის განმავლობაში იწერებოდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ დაიწუნეს გამომცემლებმა, საბოლოოდ კი წიგნი გამოვიდა და დიდი ამბებიც მოახდინა.

„ჭიანჭველებში“ სამი ხაზია _ მწერების, ადამიანების და ერთი იდუმალი წიგნის. რაღაც მომენტში ძაფები ხელიდან სხლტება და რთულია გარჩევა, სად მთავრდება ჭიანჭველების ამბავი და სად იწყება ადამიანებისა, იმიტომ, რომ აღმოაჩენთ _ ჭიანჭველების ამბები ძალიან ჰგავს ადამიანებისას. მათაც სცოდნიათ ძალაუფლების სიყვარული, მბრძანებლობის სურვილი; სიყვარული, სიცოცხლის სიყვარული და საოცარი ჟინიც ჰქონიათ, მაგრამ ადამიანებისგან და მათი ისტორიებისგან მაინც განასხვავებთ ერთი რამ _ წესრიგის სიყვარული. და გადარჩენის უდიდესი სურვილი, გნებავთ, ვნება. სწორედ ესაა ის მექანიზმი, რაზეც მათი იმპერიები შენდება. იცით, ამ წიგნში კიდევ რა არის? იდუმალი სარდაფი, სადაც ადამიანები ჩადიან და უკვალოდ უჩინარდებიან. კიდევ არის „შეფარდებითი და აბსოლუტური ცოდნის ენციკლოპედია“. ეს ენციკლოპედია შექმნა ადამიანმა, რომელმაც დაფარული დაინახა. ადამიანმა, რომელიც ჭიანჭველებს დაელაპარაკა და მიხვდა, რომ ადამიანური, და განსაკუთრებით, ევროპული ცივილიზაციის ერთადერთი ხსნა ჭიანჭველების წესრიგის მიბაძვაა. ჰოდა, ეს ენციკლოპედია ბევრ რამეს ამბობს, ბევრ ისეთ რამეს, რაზეც აქამდე წარმოდგენაც არ გვქონდა. აქამდე, ანუ ჭიანჭველების გაცნობამდე.

ევროპული ცივილიზაციის აღსასრულის წინასწარმეტყველება თანამედროვე ფრანგ მწერლებს ძალიან უყვართ. ჰოდა, არც ვერბერი აღმოჩნდა გამონაკლისი. თუმცა, მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ვერბერი იმ ძაფსაც გვთავაზობს, რომელსაც შეგვიძლია, ჩავეჭიდოთ _ ჭიანჭველების შეურყვნელობასა და მუყაითობას, მათ სიცოცხლისუნარიანობას და პროგრესისკენ მისწრაფებას. ეს თუ გადაგვარჩენს. და კიდევ, დანდობა, ერთმანეთისაც და ჭიანჭველებისაც. იმიტომ, რომ შეიძლება, ადამიანებიც ძალიან პატარებად ჩანან ზემოდან. შეიძლება, ვიღაც ზუსტად ისე დაგვყურებს, როგორც ვერბერი დაჰყურებდა თავის ჭიანჭველებს და ზუსტად ისე, როგორც ვერბერმა ამცნო ჭიანჭველების გამოგონების შესახებ მკითხველს, ისიც ამცნობს თავის თანამოძმეებს: „ღმერთო ჩემო, ეს-ესაა, ადამიანმა ტანკი გამოიგონა.“

პ.ს. ჩვენს სახლში ჭიანჭველები ძალიან მომრავლდა. მეუღლის დედამ მითხრა, წამალი დავყარეო. მე ცოტა ხანს დავფიქრდი, ეს წამალი მოვაგროვე და უნიტაზში ჩავრეცხე.

მარი კორინთელი

Leave a comment

Filed under მარი კორინთელი, მეოთხე ნომერი, რეცენზია

ერთსახოვნების ეპოქიდან, დიდი ძმის ეპოქიდან, ორაზრის ეპოქიდან სალამი

1984_14_event

„_ ამას ვერ იზამენ, _ თქვა ბოლოს, _ ეს ერთადერთი რამაა, რასაც ისინი ვერ შვრებიან. ყველაფერს გათქმევინებენ, ყველაფერს, მაგრამ შენში ვერ შემოვლენ.

_ ვერა, თქვა უინსტონმა ოდნავ მეტი იმედით _ ვერ შემოვლენ, ეს ნამდვილად ასეა. შენში ვერ შემოვლენ. როცა გრძნობ, რომ ნამდვილად ღირს ადამიანად დარჩენა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს არავითარ შედეგს არ იძლევა, მაშინ ისინი დამარცხებული გყავს.“

პოლიტიკური და სოციალური კატაკლიზმებით სავსე გასულ საუკუნეში, ამბიციური ხელოვანი ცდი- ლობდა მკითხველის გულამდე მისასვლელად კიდევ ერთხელ გადაელახა რუბიკონი. სწორედ ამ პერიოდის ნაყოფია ჯორჯ ორუელის „1984“, რომელშიც მთელი სიმწვავით დგება თავისუფალი ინდივიდისა და ტოტალიტარული სახელმწიფოს ურთიერთმიმართების პრობლემა, როგორც გადაუწყვეტელი წინააღმდეგობა. აღნიშნულ ნაწარმოებში არაერთი სიღრმისეული მომენტი იკვეთება, ამიტომაცაა იგი ეპოქალური მნიშვნელობის, განსაკუთრებით კი პოლიტიკისა და ხელოვნების კუთხით. ნაწარმოებში უსამართლობა, ტერორი, ძალადობა არის იმ დიდი ქაოსის შემადგენელი ნაწილი, რომლიდანაც პოლიტიკური საზოგადოება წარმოიშვება. გავიხსენოთ მაკიაველი, _ „არსებობს ბრძოლის ორი სახე: „ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე _ ძალის. პირველი ნიშნეულია ადამიანებისთვის, მეორე კი მხეცებისთვის. მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია და ძალაუნებურად უნდა მივმართოთ ხოლმე მეორეს, ამიტომ მთავრისთვის აუცილებელია, რომ თანაბარი წარმატებით იბრძოდეს როგორც მხეცი და როგორც კაცი“…

რომანის თავდაპირველი სახელწოდება იყო „უკანასკნელი ადამიანი ევროპაში“. წიგნის გამომცემელი, ფრედერიკ უორბურგი მის შეცვლას მოითხოვდა. უცნობია, თუ რატომ დაერქვა ნაწარმოებს „1984“. გავრცელებული ვარაუდით, 1984 არის რომანში მოვლენათა განვითარების წელი და თავად მისი შექმნის წლის, 1948-ის უკანასკნელი ორი ციფრის შებრუნებით შეარჩიეს. 1984 შესაძლოა იყოს ფაბიანური საზოგადოების 100 წლისთავის თარიღიც _ ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ბრიტანული სოციალისტური ორგანიზაცია, რომელიც 1884 წელს ჩამოყალიბდა.

1949 წელს, ბირთვული ეპოქის დასაწყისში, სანამ ტელევიზია მასობრივ სახეს მიიღებდა, ორუელის მიერ ყოველივეს მოთვალთვალე ტელეეკრანების აღწერამ საზოგადოების ნაწილი შოკში ჩააგდო. მეორე მხრივ, ნაწარმოებში ომის შემდგომ პერიოდში მცხოვრები პირქუში ბრიტანელების სისასტიკე და სიღატაკეც გამოვლინდა.

დამეთანხმებით, სხვა პერიოდში შექმნილი ლიტერატურის გაცნობისას ნებისმიერ მკითხველს უწევს ეპოქის მსოფლმხედველობის გათვალისწინება, ყველა ნაწარმოები თავისი დროის ნაყოფია და შესაბამისად, იმდროინდელი რწმენისა და ცნობიერების გათვალისწინების გარეშე მისი სრულყოფილი გაგება ერთი შეხედვით რთული უნდა იყოს. თუმცა, „1984“ ცალსახად გამონაკლისია. დროის სვლამ მის აქტუალურობას და დღევანდელობასთან რელევანტურობას ვერაფერი დააკლო.

„ზემოდან“ მართვის რწმენა, ან ისეთი მმართველობის გატარება, რომლის დროსაც ხორციელდება ავტორიტარული ძალაუფლება ხალხზე, როგორც წესი, იმ იდეალზეა აგებული, რომ სოციალური წესრიგის მიღწევის ერთადერთი პირობა უსიტყვო მორჩილებაა. თუ „ზემოდან“ მართვა ტოტალიტარულზე მეტად ავტორიტარული ხასიათისაა, მაშინ საქმე გვაქვს მონარქიულ აბსოლუტიზმთან ან ტრადიციულ დიქტატურასთან, რომელიც აქცენტებს მეტწილად პოლიტიკური თავისუფლების დათრგუნვაზე აკეთებს. რაც შეეხება ტოტალიტარიზმს, იგი პოლიტიკური მმართველობის ყოვლისმომცველ სისტემას წარმოადგენს, მისი მთავარი იარაღი იდეოლოგიური მანიპულაცია, ღია ტერორი და სისასტიკეა. ნაწარმოებში არსებული სახელმწიფო მოწყობა ავტოკრატიის, ავტორიტარიზმისა და ტრადიციული დიქტატურისგან იმით განსხვავდება, რომ საზოგადოებრივი და პირადი არსებობის ყველა ასპექტის პოლიტიზირების გზით ტოტალური ძალაუფლება აქვს მოპოვებული. იგი უარყოფს პლურალიზმს, ღია საზოგადოებას და შემწყნარებლობას. ოკეანიის იდეოლოგიის საფუძველში არსებული უკიდურესი კოლექტივიზმი, ერთგული და უპირობოდ მორჩილი ქვეშევრდომის შექმნის ამოცანა ეფექტურად აქრობს სხვაობას „საზოგადოებრივსა“ და „კერძო“ არსებობას შორის. კოლექტიური ეგოიზმი შთანთქავს ინდივიდუალურ ეგოიზმს. უნებლიეთ მახსენდება ფილოსოფოსი ჯოვანი ჯენტილე, რომელიც ამბობდა: „ყველაფერი სახელმწიფოსთვის; არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ; არაფერი სახელმწიფოს მიღმა.“

ინდივიდის პოლიტიკური მოვალეობები ყოვლისმომცველი და აბსოლუტურია. მას მუდმივი ერთგულება და უპირობო მორჩილება მოეთხოვება. ოკეანიის მმართველი ძალის ფილოსოფია გულისხმობს სახელმწიფოს თაყვანისცემას კრიტიკის გარეშე, ინსტიტუციური და პიროვნული კონკურენციის არარსებობის ფონზე.

ლიტერატურული ევოლუციის მანძილზე არაერთი ნაწარმოები შექმნილა საზოგადოების/მასის/თემის და შინაგანად დამოუკიდებელი, თავისუფალი პიროვნების შეუთავსებლობის პრობლემაზე. „გაზაფხულის პირველი მერცხალი“ თვითკმაყოფილი საზოგადოების ცხოვრებაში მტკიცედ არსებულ და შეუმჩნეველ ბოროტებას ამხელს, დახავსებულ აზროვნებას ემიჯნება და საბოლოოდ სულიერი განვითარების წარმმართველ ძალად განსხეულებული, იდეასთან ბრძოლას ეწირება. თავისუფლად მოაზროვნე პიროვნების დაპირისპირება ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან შეუქცევადი პროცესია; იგი შემაწუხებელი განსხვავებულობის აღმოჩენით ვლინდება, შემდეგ საკუთარ არსთან ჩაღრმავებაში გადაიზრდება, საბოლოოდ კი პიროვნული თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლა იწყება, რაც ხშირ შემთხვევაში ისეთივე უნაყოფოა, როგორც სიზიფეს შრომა. რუსი ეგზისტენციალისტი ნიკოლაი ბერდიაევი ამბობდა: „სწორედ პიროვნებაა ღმერთის ხატი და მსგავსება ადამიანში. პიროვნება უპირატესად ზნეობრივი საწყისია, რომელიც განსაზღვრავს დამოკიდებულებას ყოველგვარ ფასეულობათა მიმართ. ზნეობრივი ცხოვრების ცენტრი პიროვნებაა და არა საზოგადოება. სიკეთის და ბოროტების ნამდვილი შეჯახება მხოლოდ პიროვნებაში ხდება. ტრაგედია ყოველთვის დაკავშირებულია პიროვნებასთან, პიროვნების გაღვიძებასთან, მის შინაგან ბრძოლასთან. პიროვნების ცხოვრების არსია არა თვითშენარჩუნება, არამედ საკუთარი თავის გაზრდა, საკუთარი თავის გადალახვა, ძლევა. პიროვნების არსებობა მსხვერპლის გაღებას გულისხმობს. თავისი ფასეულობის დამკვიდრებისას პიროვნება გარდაუვალად შეეტაკება საზოგადოებას. პირადი პასუხისმგებლობის გაღვიძება მთავარი ზნეობრივი პროცესია, რომელიც კაცობრიობის ცხოვრებაში მიმდინარეობს.“

კაცობრიობის განვითარების მანძილზე ხშირად საზოგადოება ხელოვანისგან რაღაც მორალურად კარგს და მიმბაძველურს ითხოვდა. „1984“ სწორედ იმიტომ არის დამთრგუნველი და საშინელი პერსპექტივის მაჩვენებელი, რომ სხვებთან შედარებით თავისუფლად მოაზროვნე პერსონაჟი უძლური აღმოჩნდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ. უინსტონის მხრიდან დიდი ძმის გაცნობიერებული სიყვარული მკითხველს იმედგაცრუებულს ტოვებს, ამ უკანასკნელს გმირები სჭირდება, მედგრად მებრძოლი ინდივიდები, მას სურს, ავტორის მოქმედების არეალი გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არავინ შეიძლება იყოს უფრო თავისუფალი, ვიდრე მწერალი თავისი ნაწარმოების შექმნისას. გოეთეს აქვს ნათქვამი: „ხელოვანს მორალური მიზნები და განზრახვები მოსთხოვო, ეს ნიშნავს ხელობა წაუხდინო მას.“ ხელოვანს დაკისრებული აქვს გარკვეული არაპირდაპირი მოვალეობა სამყაროს გაუკეთესებისა, მაგრამ არა მორალური კუთხით, არამედ იმით, რომ თავის და სხვა დანარჩენთა ცხოვრებასაც „ამაგრებს სიტყვაში, სახეში, აზრში, ანიჭებს მას აზრსა და ფორმას“… ორუელის „მოვალეობა“ ამ შემთხვევაში არის შემაძრწუნებელი პერსპექტივის ჩვენება, გაფრთხილება და მკითხველის გონს მოგების მცდელობა.

ნინო ნოზაძე

Leave a comment

Filed under ესე, მეოთხე ნომერი, ნინო ნოზაძე

ინტერესები და ჩვენი პროფესიული არჩევანი

Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background

პროფესიის არჩევის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საკუთარი ინტერესების გაანალიზებაა. ინტერესი _ ეს არის სურვილი, მიდრეკილება, მოტივაცია, მოთხოვნილება გარკვეული საგნის ან მოვლენის მიმართ. პროფესიული ორიენტაციის კონტექსტში ინტერესი გამოხატავს ადამიანის მოწონებას გარკვეული საქმიანობის, მისი შემადგენლობისა და ხასიათის მიმართ. თუ ინდივიდს მოსწონს სამუშაოს მახასიათებლები, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული საქმიანობა საინტერესოა მისთვის და, შესაბამისად, ის ამ პროფესიაში უფრო მეტად მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, ავტორიტეტის მოპოვებას, წარმატების მიღწევასა და, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი იქნება საკუთარი სამუშაოთი.

კარიერის დაგეგმვა იმთავითვე მოიაზრებს იმ პროფესიის არჩევას, რომელიც ადამიანს მოსწონს და რომლის კეთებაც გამოსდის. თუმცა არსებობს გარკვეული სახის სირთულეები: ადამიანთა უმრავლესობას გააჩნია ინტერესთა ფართო სპექტრი, რომელიც სხვადასხვა სამუშაოსთან თუ პროფესიასთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი ინტერესი შეიძლება მხოლოდ ერთ პროფესიას უკავშირდებოდეს, ზოგიერთი კი საქმიანობათა მთელ სფეროს, რომელშიც უამრავი პოზიციაა თავმოყრილი. თუმცაღა ინტერესი კონკრეტული სფეროს მიმართ არ ნიშნავს, რომ ადამიანს ამ პროფესიაში წარმატების მიღწევისათვის საკმარისი უნარები და შესაძლებლობები გააჩნია. მაგალითად, შეიძლება მოგწონდეთ ხალხის დახმარება, მაგრამ არ გქონდეთ შესაბამისი უნარები და შესაძლებლობები იმისათვის, რომ ექიმი გახდეთ; გსურდეთ მომღერლობა, მაგრამ არ გქონდეთ მუსიკალური სმენა და ხმა; თუ კონკრეტული საქმის კეთებით ხართ დაინტერესებული, არ ნიშნავს, რომ ამ ინტერესის გათვალისწინებით პროფესიის შერჩევის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოს შესრულება სიამოვნებას მოგანიჭებთ. მაგალითად, შეიძლება მოგწონდეთ საკუთარი თავისათვის ტანსაცმლის შეკერვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკერავად მუშაობის შემთხვევაში კერვა მთელი სამუშაო დღის განმავლობაში მოგანიჭებთ სიამოვნებას.

ინტერესების საკვლევი მეთოდები ადამიანებს ეხმარება დაფიქრდნენ საკუთარი ინტერესების შესახებ. თითოეული ადამიანი საკუთარი ინტერესების უნიკალური ერთობლიობით ხასიათდება. პროფესიული თვითგამორკვევის პროცესში უსარგებლო იქნებოდა ინტერესთა კომპონენტზე კონცენტრირება მისი გარკვეულ კატეგორიაში მოთავსებისა და შრომითი სფეროს კონტექსტში გაანალიზების გარეშე. იმისათვის, რომ ადამიანებმა თვითშემეცნების პროცესში საკუთარი მიდრეკილებების სპეციფიკურ შრომით სფეროსთან დაკავშირება შეძლონ, ინტერესების კატეგორიზების არაერთი გზა არსებობს. ინტერესთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოყენებადი კლასიფიკაცია შეიმუშავა ჯონ ჰოლანდმა, რომელმაც ინტერესები ექვს ჯგუფში გააერთიანა: რეალისტური, კვლევითი, შემოქმედებითი, სოციალური, ინიციატივიანი და საკანცელარიო. ქვემოთ წარმოდგენილია ინტერესთა თითოეული კატეგორიის მოკლე აღწერილობები:

⇒ რეალისტური სფერო მოიცავს საქმიანობებს, რომლებიც სამუშაოს ხელით შესრულებას, შენობის გარეთ მუშაობას ან ფიზიკური ტიპის აქტივობას მოითხოვს. ამგვარი სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა პროდუქტიულობა და პრაქტიკულობა. ამასთან, ახასიათებს მუშაობის პრინციპული, მკაცრი, რისკიანი და გაბედული სტილი. რეალისტური ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ისეთი სამუშაო, როგორიცაა ავტომობილის მექანიკოსობა, ავიადისპეჩერობა, ტოპოგრაფია, ფერმერობა, ელექტრიკოსობა და ა. შ. როგორც წესი, მათ გააჩნიათ მექანიკური უნარები, მაგრამ აკლიათ სოციალური შესაძლებლობები, შესაბამისად, თავს არიდებენ ადამიანებთან ურთიერთობას. რეალისტურ ინტერესებს მიეკუთვნება მიდრეკილება ხელსაწყოების, მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების გამოყენების მიმართ

⇒ კვლევით სფეროში შემავალი პროფესიები მომუშავისაგან კომპლექსური მეცნიერული პრობლემების ანალიზს, მათი გადაჭრის გზების ძიებას, საგნებისა და მოვლენების შესწავლასა თუ გაგებას მოითხოვს. შესაბამისად, კვლევით სფეროში სამუშაოდ აუცილებელია ანალიტიკური, ტექნიკური, მეცნიერული უნარები, წერისა და ვერბალური გადმოცემის შესაძლებლობა და ა. შ; კვლევითი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ისეთი პროფესიები, როგორებიცაა: ბიოლოგის, ქიმიკოსის, ფიზიკოსის, ანთროპოლოგის, გეოლოგის, სამედიცინო ტექნოლოგის, მკვლევრისა და სხვა. როგორც წესი, მათ გააჩნიათ საბუნებისმეტყველო კვლევის უნარები, უყვართ კვლევა-ძიების გზით საკითხის გადაწყვეტა და ახლის აღმოჩენა, მაგრამ მოკლებულნი არიან ლიდერის თვისებებს.

⇒ შემოქმედებითი პროფესიები ხელს უწყობს ადამიანის შემოქმედებითობის, პიროვნული ინდივიდუალობის, ემოციის გამოხატვასა და ინტელექტუალურ აქტივობას წერის, მუსიკის, ხელოვნების საშუალებით. შემოქმედებითი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმიანობები: კომპოზიტორობა, მუსიკოსობა, რეჟისორობა, მწერლობა, დეკორატორობა, მსახიობობა, დრამატურგობა და სხვა. როგორც წესი, მათ აქვთ შემოქმედებითი უნარები, მაგრამ მოკლებულნი არინ საკანცელარიო უნარებს, შესაბამისად, არ აინტერესებთ რუტინული, განმეორებადი, სტანდარტებს დაქვემდებარებული და ორგანიზებული სამუშაო.

⇒ სოციალური პროფესიები ადამიანებს საშუალებას აძლევს დაეხმარონ, ასწავლონ, მოემსახურონ სხვებს და იზრუნონ მათ კეთილდღეობაზე. სოციალური ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ საზოგადოებრივი საქმიანობა, როგორებიცაა: მასწავლებლის, ადვოკატის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ლოგოპედის, სოციალური მუშაკისა და ა. შ. როგორც წესი, მათ აქვთ ინტერპერსონალური, თანაგრძნობის, სხვებისათვის რჩევის მიცემის უნარი, თუმცა მოკლებულნი არიან ტექნიკური და მექანიკური ტიპის შესაძლებლობებს.

⇒ ინიციატივიანი პროფესიები მომუშავისაგან სხვების მართვას, მათ ქცევაზე ზემოქმედების მოხდენას, მათ დარწმუნებასა და სხვა მსგავსი აქტივობების განხორციელებას მოითხოვს. ამგვარი სამუშაოს შესრულებისათვის კი აუცილებელია თავდაჯერებულობა, რისკიანობა, მაღალი პასუხისმგებლობა, მიზნის მიღწევისაკენ თავდაუზოგავი სწრაფვა და გაბედული მოქმედება. ინიციატივიანი ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ სამუშაო, რომელიც ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობას იძლევა: გამყიდველის, მენეჯერის, ბიზნესმენის, ტელერეჟისორის, გაყიდვებისა და შესყიდვების სპეციალისტისა და სხვა. როგორც წესი, მათ აქვთ ლიდერის მონაცემები, მაგრამ მოკლებულნი არიან მეცნიერული კვლევის უნარს. ასე რომ, ნაკლებად აინტერესებთ კვლევითი სფეროს პროფესიები.

⇒            საკანცელარიო საქმიანობები მოიცავს ორგანიზებულ, დაგეგმილ აქტივობებს. ამგვარი პროფესიები მომუშავისაგან სიზუსტეს, რიცხვებთან და ტექნიკასთან მუშაობას, მოწესრიგებული რუტინით, სტანდარტებით ხელმძღვანელობასა და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. საკანცელარიო ინტერესების მქონე ადამიანებს მოსწონთ შემდეგი პროფესიები: ბუღალტრის, სტენოგრაფისტის, ფინანსისტის, ბანკირის, ღირებულების შემფასებელის, საგადასახადო ექსპერტისა და სხვა. მათ აქვთ საკანცელარიო და ადმინისტრაციული უნარები, მაგრამ მოკლებულნი არიან შემოქმედებითობას.

ჰოლანდის ინტერესთა კლასიფიკაციიდან თქვენთვის ყველაზე შესაფერისი სამი სფერო შეირჩევა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ ის პროფესიული სფეროები თუ სამუშაო ალტერნატივები, რომლებიც ყველაზე მეტად შეგესატყვისებათ. ამასთან, შეძლებთ თქვენს ინტერესებთან კომბინაციაში მყოფი პროფესიული სფეროების დანახვას. ქვემოთ მოცემულია სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ იფიქროთ, რომელი სამი სფეროა ინტერესთა ჰოლანდისეული კლასიფიკაციიდან თქვენთვის ყველაზე ახლობელი.

სავარჯიშო

წარმოიდგინეთ, რომ უნივერსიტეტში სწავლას იწყებთ. უნდა იცხოვროთ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში, რომელსაც ექვსი კორპუსი აქვს. თქვენ საშუალება გეძლევათ აირჩიოთ, რომელ კორპუსში იცხოვრებთ სწავლის პერიოდში. წაიკითხეთ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის აღწერილობები, რაც დაგეხმრებათ აირჩიოთ მათგან სამი ყველაზე სასურველი:

  • საერთო საცხოვრებლის პირველ კორპუსში ცხოვრობენ სტუდენტები, რომლებიც ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებენ. მათ შეუძლიათ შეაკეთონ მექანიკურად დაზიანებული ნებისმიერი რამ და არასოდეს უხმობენ ამისათვის მექანიკოსს. კორპუსის ეზოში უამრავი შესაკეთებელი მანქანა დგას, რომელთაც სტუდენტები აწესრიგებენ. ზოგიერთ სტუდენტს საკუთარი ბაღიც აქვს ეზოში, რომელშიც გამწვანების სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ. (რ = რეალისტური)
  • საერთო საცხოვრებლის მეორე კორპუსში ცხოვრობენ სტუდენტები, რომლებსაც მეცნიერული პრობლემების გადაჭრა მოსწონთ. კორპუსში რამდენიმე კვლევითი ლაბორატორიაა, რომლებიც ყოველთვის სავსეა მოფუსფუსე სტუდენტებით. მიუხედავად იმისა, რომ საერთო საცხოვრებლის ეს კორპუსი მშვიდია, დღის ნებისმიერ დროს მაინც შეიძლება წააწყდე სტუდენტთა მცირე ჯგუფებს, რომლებიც აქტიურად მსჯელობენ ანალიზის, კვლევის ან პრობლემის გადაჭრის თემაზე. (კ = კვლევითი)
  • მესამე კორპუსი საგულდაგულოდ არის გაფორმებული და დერეფნებში ყოველთვის ისმის სხვადასხვაგვარი მუსიკის ხმა. ადვილი შესამჩნევია, რომ აქ მცხოვრები ადამიანები არ იცავენ მკაცრ რეჟიმსა და წესრიგს. ყოველთვის შეგიძლიათ ნახოთ ოთახები, რომლებშიც სტუდენტები ან უკრავენ, ან რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს განიხილავენ. ეს სტუდენტები უპირატესობას ანიჭებენ სალექციო კურსებს, რომლებიც შემოქმედებითი აზროვნებისა და იდეების გამოხატვის საშუალებას აძლევთ. ისინი სიხარულით ხვდებიან ყოველგვარ სიახლესა და არ მოსწონთ, როცა მოქმედება გარკვეულ ჩარჩოებში უწევთ. (შ = შემოქმედებითი)
  • მეოთხე კორპუსს „წვეულებების კორპუსის“ რეპუტაცია აქვს. აქ მცხოვრები სტუდენტები ხშირად მუშაობენ ერთად საზოგადოებრივი პროექტების ან სოციალური საკითხების განსახილველად. ისინი სხვების დასახმარებლად ყოველთვის პირველი მოხალისეები არიან. კორპუსში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან მეგობრულები არიან და სხვების დახმარება სიამოვნებას ანიჭებთ. ისინი ყველას იცნობენ საკუთარ კორპუსში და ყველასთან მეგობრობენ. (ს = სოციალური)
  • მეხუთე კორპუსში მცხოვრები სტუდენტების უმრავლესობა სტუდენტური თვითმმართველობის წევრია. მათ ლიდერობის თანდაყოლილი უნარი აქვთ და სურთ ყოველთვის აკონტროლონ სიტუაცია. გარდა ამისა, სწავლის პარალელურად ზოგიერთი მათგანი უკვე მუშაობს ან საკუთარ ბიზნესს მართავს. ისინი ხშირად მართავენ დებატებს და აქტიურად განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს. (ი = ინიციატივიანი)
  • საერთო საცხოვრებლის ბოლო კორპუსი ძალიან მოწესრიგებული და ორგანიზებულია. დერეფნის კედლებზე ყველგან მიმთითებელი ნიშნებია, ხოლო სამზარეულოში გამოკრულია წესების სია, რომელიც უნდა დაიცვან კორპუსის მცხოვრებლებმა. სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ პროექტებზე, რომლებსაც მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ასრულებენ. ისინი კეთილსინდისიერად და ზუსტად მიჰყვებიან მიცემულ ინსტრუქციებს. მოსწონთ დეტალებზე ორიენტირებული სალექციო კურსები. (ნ = საკანცელარიო)

ახლა კი განსაზღვრეთ, რომელი კორპუსი ირეკლავს თქვენს ინტერესებს ყველაზე უკეთ? რომელ მათგანში იცხოვრებდით და იგრძნობდით თავს ყველაზე კარგად?

პირველი არჩევანი – კოდი (რ, კ, შ, ს, ი ან ნ);

მეორე არჩევანი – კოდი (რ, კ, შ, ს, ი ან ნ );

მესამე არჩევანი – კოდი (რ, კ, შ, ს, ი ან ნ );

დაალაგეთ თქვენ მიერ არჩეული კოდები თანმიმდევრობის მიხედვით (პირველი არჩევანიდან მესამე არჩევანის ჩათვლით) და მიიღებთ სამი ასოსაგან შემდგარ კოდს, მაგალითად, „სკი“, რაც მიუთითებს, რომ თქვენ ყველაზე მეტად შეგეფერებათ სოციალური ტიპის პროფესიები, შემდგომ _ კვლევითი და ბოლოს _ ინიციატივიანი ტიპის საქმიანობები.

შემთხვევათა ანალიზი

ნინიმ სამი წლის წინ დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და დედაქალაქში ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში დაიწყო მუშაობა. მას ძალიან მოსწონდა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლა და პრაქტიკული საქმიანობის დასაწყისში სამსახურშიც კარგად გრძნობდა თავს. მაშინ, როცა მისი თანამშრომლები სიხარულით მონაწილეობდნენ სულ უფრო და უფრო რთულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებულ აქტივობებში, ნინი არ გამოხატავდა სურვილს მიეტოვებინა საკუთარი წერითი თუ კვლევითი საქმე და დასწრებოდა ამგვარ პროცესებს.

მან გადაწყვიტა მიემართა პროფესიული კონსულტანტისთვის. პროფესიული კონსულტაციის ერთ-ერთ შეხვედრაზე ნინიმ შეავსო ჰოლანდის ინტერესების კითხვარი და მისი პირველი არჩევანი შემოქმედებითი სფერო აღმოჩნდა, ინტერესთა მომდევნო სფეროები კი იყო საკანცელარიო და კვლევითი. მან თქვა, რომ მოსწონდა წერა და შემოქმედებითი საქმიანობა, ასევე სიამოვნებდა საკითხისადმი სისტემური მიდგომების განვითარება და პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიება. მიღებული ინფორმაციის გაანალიზების გზით ნინი მიხვდა, რა განასხვავებდა მას კოლეგებისაგან. მან გადაწყვიტა დარჩენილიყო იურიდიულ სფეროში, მაგრამ ემუშავა ისეთ პოზიციაზე, რომელიც კვლევითი, წერილობითი და ორგანიზებასთან დაკავშირებული მეტი აქტივობის შესრულების საშუალებას მისცემდა.

ინტერესების კითხვარების საშუალებით შეგიძლიათ, სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ პროფესიის არჩევის საწყისი ეტაპისათვის. როდესაც გაიგებთ, პროფესიათა რომელი სფერო შეეფერება თქვენს ინტერესებს, შეძლებთ დაწვრილებით შეისწავლოთ მოცემულ სფეროში შემავალი კონკრეტული პროფესიები.

გახსოვდეთ, პროფესია და სამუშაო ის გზებია, რომელთა საშუალებითაც საზოგადოებასთან ურთიერთობთ. ამ კონტექსტში, პროფესიის არჩევა საკუთარი იდენტობის განსაზღვრისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, ინტერესებისა და პრიორიტეტების დადგენა კი საკუთარი პიროვნების შესწავლის საუკეთესო დასაწყისია.

სტატია ამოღებულია წიგნიდან: აირჩიე პროფესია. სახელმძღვანელო მომზადებულია ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის (PMC) მიერ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და World Vision-ის რეგიონული წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ოფისის თანამშრომლობის საფუძველზე, World Vision-ის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ხელმძღვანელი: ია კუტალაძე

Leave a comment

Filed under მეოთხე ნომერი, პროფესია და განათლება

ინტერვიუ სტივენ კინგთან

stephen-king

დაასახელეთ წიგნი ან მოთხრობა, რომლის ავტორობასაც ისურვებდით.

ვისურვებდი „ბუზთა ბატონი“ დამეწერა, მიყვარს ეგ წიგნი. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, თუ რომელი იყო პირველი წიგნი, რომელმაც შემაშინა, ჰოდა ეს „ბუზთა ბატონი“ იყო, პირდაპირ შემაძრწუნა.

რაც შეეხება მოთხრობებს, ბრედბერის ადრეულმა შემოქმედებამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. არის ერთი მოთხრობა პატარა ბიჭზე, რომელსაც ჰყავს ძაღლი, რომელსაც პატრონისთვის სხვადასხვა ნივთები მოაქვს. ბიჭს სახსრების რევმატული ანთება აქვს და ლოგინიდან ადგომა არ შეუძლია. ძაღლს ბიჭის კლასელები მოყვებიან ხოლმე მის მოსანახულებლად _ ის მეოთხე კლასშია და იძულებულია სკოლა გააცდინოს. გარდა ამისა, ბიჭი შეყვარებულია თავის მასწავლებელზე, მის მარტინზე.

მოკლედ, ძაღლს მოჰყვებიან ადამიანები და შემოდგომის სურნელიც, ბიჭი სახეს რგავს მის ბეწვში და ფოთლებისა და ტყის სურნელს შეიგრძნობს.

ერთხელ ბიჭი ძაღლს ეუბნება: ძალიან, ძალიან მინდა რომ მის მარტინი აქ იყოს, ნეტა შეგეძლოს მისი ჩემთან მოყვანა“. ძაღლი გადის, შემოდის ბიჭის დედა, რომელიც ეუბნება: „ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა. მის მარტინი მოკვდა. რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა, ჩვენ კი ჯერ არ გვინდოდა შენთვის თქმა. ის უკვე დაასაფლავეს.“ აი, შემდეგ კი ძაღლი ბრუნდება, ოღონდ ამჯერად ძალიან დაქანცულია, კოჭლობს. და როცა პატარა ბიჭი მის ბეწვში ჩარგავს თავს, ჭუჭყისა და ლპობის სუნი ეცემა. სულ მალე ბიჭის ლოგინს ჩრდილი გადაეფინება, მას ეღვიძება და მოთხრობაც ამ სიტყვებით მთავრდება: „პატარა ბიჭი უკვე მარტო აღარ იყო“.

(იცინის)

ჩვენ ვიცინით მაშინ, როდესაც ყვირილის გვრცხვენია. მაგრამ ეს მოთხრობები შენელებული  მოქმედების ბომბივითაა, მათზე მოგვიანებით ფიქრდები, როცა სიბნელეში, მანქანაში მარტო ჯდები.

თქვენი წიგნებიდან რომელი გიყვართ?

იცით, მიყვარს „მიზერი“ და მიყვარს „მკვდარი ზონა“, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ეს იყო ჩემი პირველი ნამდვილი რომანი, თუმცა კიდევ ბევრი სხვა წიგნიც მომწონს.

მე ხომ საშინელებათა ჟანრის მწერლის რეპუტაცია მაქვს. ჩვენ გვაქვს სახლი ფლორიდაში, სადაც ზამთარში მივდივართ ხოლმე. თავიდან არ გვინდოდა, მაგრამ რაღაც ასაკის მერე ასეთი რამეები გარდაუვალია. ჩემი ცოლი პარასკევობით მაღაზიაში მიდის ხოლმე და ერთი კვირის მარაგს ყიდულობს. თუკი კვირის სხვა დღეს რამე დაგვჭირდება, მაშინ მე მივდივარ.

ამგვარად, ერთ დღეს მივუყვები რიგს, რომლის ერთ მხარეს შინაური ცხოველების საკვები იყიდება, მეორე მხარეს კი ბოსტნეული. ერთი ქალი მაჩერებს და მეუბნება: „მე თქვენ გიცანით!“ _ ის ალბათ 80 წლის იქნებოდა, სტაფილოსფრად ჰქონდა თმა შეღებილი, _ „მე თქვენ გიცანით, თქვენ ის მწერალი ხართ, თქვენ სტივენ კინგი ხართ!“

„დიახ“, ვუპასუხე მე, „ნამდვილად ეგრეა.“

„იცით, მე არ ვკითხულობ თქვენს წიგნებს“ _ მეუბნება ის. „დიდ პატივს გცემთ, მაგრამ არ ვკითხულობ. ნუთუ არ შეგიძლიათ რამე უფრო გამამხნევებელი, იმედის მომცემი დაწეროთ, როგორც, ვთქვათ, „გაქცევა შოუშენკიდანაა?“

„მე დავწერე გაქცევა შოუშენკიდან“ _ ვპასუხობ მე.

„არა, არ დაგიწერიათ!“ _ მიმტკიცებდა ის. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

როგორც კითხვა „რომელი ტანსაცმელი არ  გცმიათ არასდროს?“ ან „რომელი კითხვა არ დაუსვამთ თქვენთვის არასდროს?“ _ ძალიან უცნაური იყო.

არის თუ არა რამე, რაზე წერისაც გეშინიათ?

არა. თუკი რაღაცებზე ვწერ, შემიძლია მათზე აღარ ვიდარდო. ხვდებით რასაც ვგულისხმობ? ვერც კი გადმოვცემ, რამდენად სასაცილოა ეს: ხალხი იხდის 80 დოლარს საათში მხოლოდ იმისთვის, რომ ცოტათი მაინც დააღწიოს თავი შიშს. თანაც, სრულ საათშიც კი არა _ 50 წუთიან საათში! მე კი ვწერ მათზე და ხალხი ფულს აქეთ მიხდის. მშვენიერია! ბრწყინვალეა! მეკითხებიან ხოლმე, ცუდი სიზმრები თუ მაწუხებს და პასუხია _ კი, როცა არ ვწერ, კოშმარები მესიზმრება.

რწმენა, რაღაც სახით მაინც _ სიყვარულის, ღმერთის, სიკეთის _ ყოველთვის ფიგურირებს თქვენს წიგნებში. თქვენ გჯერათ, რომ რწმენა აქტიური დამცავი მექანიზმია, რომლისკენაც ბუნებრივად ვართ მიდრეკილნი?

მე მინდა რომ მჯეროდეს. ასეც ვიქცევი. ბოლომდე მჯერა, რომ ეს ჩემი ბედია, რომ რაღაც მოხდება და რაღაც არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გონების რაციონალური ნაწილით ღმერთის არ მწამს, ემოციური, გრძნობისმიერი ნაწილით _ მწამს. მე მაქვს გარკვეული მიზეზები, რომლებიც ჩემს ასეთ ხედვას განაპირობებენ. ეკლესიაში არ დავდივარ _ ვთვლი, რომ ორგანიზებული რელიგია სახიფათოა, მაგრამ რწმენა, ღმერთი, აი ასეთი რაღაცები… მოდი ასე ვთქვათ: ერთ-ერთი დიდი ფილოსოფოსი ამბობდა, თუკი ღმერთის არ გწამს, მოკვდები და აღმოაჩენ, რომ ის არსებობს, მაშინ ეს იქნება ყველაზე დიდი სიურპრიზი. ხოლო, თუკი გწამს, მოკვდები და აღმოაჩენ, რომ ის არ არებობს, რა დაგიკარგავს?

პასკალის ფრაზაა, თუ არ ვცდები.

შესაძლოა. შესაძლოა მართალი ბრძანდებით.

აპირებთ თუ არა ავტობიოგრაფიის დაწერას?

არა მგონია. ყველაზე ახლოს ავტობიოგრაფი ასთან On Writing-ის წერის დროს ვიყავი.

ჰო, მადლობა ინტერვიუსთვის, მშვენივრად გაართვით თავი. მადლობა მოწვევისთვის და მანქანაში რომ ჩაჯდებით, უკანა სავარძელს მაინც დახედეთ.

მოამზადა სანდრო დოლიძემ

Leave a comment

Filed under ინტერვიუ, მეოთხე ნომერი

მარი მეტრაიე „ღიმილის მტვერი“

 product_image_1023

ევოლენში ერთადერთი კაცი გვყავს. ეს კაცი _ ქალია.

ასე მარი მეტრაიეზე ამბობდნენ. საოცარ ქალზე, რომელმაც სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრა და მიუხედავად სოციალური გარემოს ზეწოლისა, შეძლო ბოლომდე შეენარჩუნებინა საკუთარი, ინდივიდუალური „მე“.

მარი მეტრაიე მწერალი არ ყოფილა, თუმცა მისი საუბრები, რომლებიც მარი-მაგდალენ ბრუმანის წყალობით შემოგვრჩა, არაფრით ჩამოუვარდება ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

ორმა მარიმ ინტერვიუს ჩაწერა თავიდან გასართობად დაიწყო, თუმცა, მალე ამ ყველაფერმა სერიოზული სახე მიიღო და წიგნის იდეა გაჩნდა. ბრუმანმა მიიჩნია, რომ ხალხს აუცილებლად უნდა სცოდნოდა ჰერენსის ხეობაში გაზრდილი ქალის ცხოვრება და მოსაზრებები, მისი უნიკალური ხედვა და ისტორიები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გაეგონა ევოლენის ცენტრალურ ქუჩაზე, ქსოვილების მაღაზიის საოცარი მეპატრონე ქალის შესახებ, მარი მეტრაიეს სახელი მაინც უცნობი დარჩებოდა, რომ არა ბრუმენი და „ღიმილის მტვერი“.

ამ საოცარ წიგნში მარის გლეხური ცხოვრებაა აღწერილი, იქაური ტრადიციები და წეს-ჩვეულე-ბები, ზღაპრული ლეგენდები, ქალთა სოციალური ყოფა და რაც მთავარია, „ერთადერთი ევოლენელი კაცის“ შეხედულებები სიკვდილზე, ღმერთზე, ირაციონალურსა და ჭეშმარიტზე.

მარი მეტრაიეს, მიუხედავად მკაცრი რელიგიური აღზრდისა, არ შეუზღუდავს თავი და კითხვების დასმის არ შეშინებია. ის ადარებდა ქრისტიანობას, იუდაიზმსა და ბუდიზმს და თვლიდა, რომ ყველა რელიგიას ერთი და იგივე ჭეშმარიტება კვებავს. მისი რწმენით, ბედისწერა ნამდვილად არსებობდა, თუმცა, ეს არ ნიშნავდა, რომ ადამიანს პასიურად უნდა ეცხოვრა და დინებას გაჰყოლოდა. პირიქით, მუდმივად უნდა ცდილიყო, საკუთარი ქმედებებით სულიერი თანხმობისთვის, სულისა და სხეულის ჰარმონიული შერწყმისთვის მიეღწია.

წარმოიდგინეთ, მარი მეტრაიე იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ზღაპრული არსებები ნამდვილად არსებობდნენ. უბრალოდ, მათ დასანახად საჭირო იყო, გერწმუნა და შენ წინ სრულიად ჯადოსნური სამყარო გადაიშლებოდა, ბუნება თავის დაფარულ სახეს გაჩვენებდა. მისი თქმით, თვითონვე ხედავდა ფერიებს და ამ, ერთი შეხედვით, სასაცილო ამბავს იმდენად დამაჯერებლად ასაბუთებდა, რომ შეუძლებელი ხდებოდა მის ნათქვამზე გაცინება.

ეს ქალი რეალურად იყენებდა ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც ჩვენ იუნგის ნაშრომებში ვკითხულობთ. ამ შემთხვევაში ირაციონალური რაციონალურად იყო ქცეული, რადგან მარი მეტრაიეს სწამდა და სამყაროს სხვა თვალით ხედავდა და შეიმეცნებდა.

ამ ყველაფრის პარალელურად, უაღრესად მტკიცე და მეამბოხე ადამიანიც იყო. მუდმივად იბრძოდა ჩაგვრის წინააღმდეგ და ძლიერ განიცდიდა ქალთა მდგომარეობას. ბრუმანთან საუბრისას იგი აღწერს სოფლის ყოფას, სადაც ძირითადი დატვირთვა ქალზე მოდიოდა. კაცისთვის გამართლებული და ბუნებრივი იყო ქალის ყოველდღიური გამასავათებელი შრომა და მისი უუფლებობა, რასაც, უპირველეს ყოვლისა, ქალის პირველცოდვით ხსნიდნენ. იგი მუდმივი შრომით, სურვილების ჩაკვლით, მორჩილებით უნდა ცდილიყო ევას ცოდვის გამოსყიდვას. კაცი კი იმთავითვე უპირატესად მიიჩნეოდა, რადგან ქალი მისი ნეკნიდან იყო შობილი.

ეს დამოკიდებულება ქალს უკიდურესად თრგუნავდა და მძიმე მდგომარეობაში აყენებდა. მარი მეტრაიემ კი სტერეოტიპთა წინააღმდეგ გაილაშქრა და მტკიცედ გადაწყვიტა, ყოფილიყო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. არ შეეზღუდა თავი გარშემომყოფთა დამოკიდებულებებითა და შეგონებებით. ადგა და მრავალმხრივი განათლება მიიღო. უარი თქვა რელიგიურ შეზღუდვებზე, რადგან არ სწამდა რომელიღაც მოანგარიშე ღმერთის მიერ გამოტანილი სასჯელების.

ჰერენსის ხეობაში, ევოლენის ცენტრალურ ქუჩაზე, მარი მეტრაიემ ქსოვილების მაღაზია გახსნა და ქალები დაასაქმა.

„ჩემი ცხოვრება გაფლანგულად არ მესახება. იმის სწავლით, თუ როგორ იცხოვროს თავის მოტყუებისა და ყოყოჩობის გარეშე, სრული სიწრფელის მდგომარეობაში, ყოველი ადამიანი ჭეშმარიტებაში ივანებს.“

ერთი საუკუნის წინ ფროიდი წერდა, რომ კაცისთვის მორალი კასტრაციის შიშთან იყო დაკავშირებული. ქალი კი იმთავითვე ამორალურ არსებას წარმოადგენდა, ვინაიდან მას ფალოსი არ ჰქონდა. სწორედ ეს იყო ქალების ნევროზების უპირველესი მიზეზიც.

40-იან წლებში ჰორნმა ბრწყინვალედ გასცა ამა-  ზე პასუხი: „ქალების ნევროზების მიზეზი ის კი არაა, რომ მათ ფალოსი არ აქვთ. არამედ ის, რომ მათ არ აქვთ უპირატესობები, რომელიც ფალოსის ქონას ახლავს თან.“

მეოცე საუკუნის ქალებმა ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ, ოცდამეერთე საუკუნის ქალებს, გვქონოდა ის, რაც მათ არ ჰქონდათ _ უფლებები და თავისუფლებები.

დიახ. ვირჯინია ვულფმა მართალი თქვა:

„ასიოდე წლის შემდეგ ქალები თავს დააღწევენ მეორე სქესის მფარველობას. ძალას სცდიან ყველაფერში, რასაც ადრე ახლოს ვერ გაეკარებოდნენ და გაქრება წარმოდგენა, რომ ქალს მფარველობს მამაკაცი… ჩვენ, თუნდაც ღარიბები და უსახელონი დავრჩეთ, მაინც ღირს ვიცოცხლოთ და ამისთვის გავისარჯოთ.“

მარი ბექაური

Leave a comment

Filed under მარი ბექაური, მეოთხე ნომერი, ხედვა

ოლდოს ჰაქსლი „საოცარი ახალი სამყარო“

shop_product_image_1924_top

ოლდოს ჰაქსლი XX საუკუნის ინგლისელი მწერალია, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ამერიკაში გაატარა. ჰაქსლი ლიტერატურისა და თეატრის კრიტიკოსი იყო. საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება მან 20-იან წლებში დაიწყო და მრავალი რომანის, მოთხრობისა თუ ესეს ავტორი გახლავთ.

ჰაქსლის შემოქმედების მწვერვალად მიჩნეულია რომანი „საოცარი ახალი სამყარო“, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და დაიბეჭდა გამომცემლობა „სიესტას“ მიერ.

სამყარო, რომელსაც ამ წიგნში ვხვდებით, მართლაც საოცარი და ამავდროულად, შემზარავია. თუმცა, თანამედროვეობისა და ტექნიკის უფრო და უფრო მზარდი განვითარების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, გარკვეული დროის შემდეგ ჰაქსლის წიგნი რეალობად იქცეს.

რომანში მომავლის ცივილიზაციაა აღწერილი, _ მსოფლიო სახელმწიფო, რომლის დევიზიცაა ერთობა, იდენტობა, სტაბილურობა. მეცნიერება იმ დონეზეა განვითარებული, რომ ადამიანებს ბავშვის გაჩენაც აღარ სჭირდებათ. ამას აკეთებენ ინკუბატორული ცენტრები, რომლებიც ბავშვებს აწარმოებენ და მათ თავიდანვე განუსაზღვრავენ ყველაფერს _ ზრდიან სხვადასხვა კლასის წარმომადგენლებად. სულ ხუთი კლასია _ ალფა, ბეტა, გამა, დელტა და ეპსილონი.

ინკუბატორული და აღმზრდელობითი ცენტრები ზრუნავენ, რომ ყველა ნაყოფი თავისი კლასის შესაბამისად განვითარდეს. მაგალითად, დაბალ კლასებს დროდადრო ჟანგბადის მიწოდებას უზღუდავენ, რათა ისინი ფიზიკურად და გონებ-რივად ჩამორჩენილები დაიბადონ და მზად იყვნენ თავიანთი სოციალური როლისთვის, არ გაუჩნდეთ რაიმე სახის პრეტენზიები. დაბადების შემდეგ ბავშვები იქვე, ცენტრში იზრდებიან. მათ უტარებენ ჰიპნოპედიას ანუ ძილის დროს ურთავენ ხოლმე ხმას, რომელიც იმ შეხედულებებსა და ფრაზებს იმეორებს, რომლებიც ბავშვებს უნდა ჩაუნერგონ. შედეგად, ეს არის აბსოლუტურად კონფორმული საზოგადოება, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობს…

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „საოცარი ახალი სამყარო“ ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ორუელის „1984“-სა და „ცხოველების ფერმას“. წიგნი სხვადასხვა დროს ბევრ ქვეყანაში იყო აკრძალული. დღესდღეობით კი, ამერიკული „უახლესი ბიბლიოთეკის“ ას საუკეთესო რომანშია შესული.

მარი ბექაური

Leave a comment

Filed under მარი ბექაური, მეოთხე ნომერი, რეცენზია

პირველი სახელმძღვანელო – ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ჩვენს ცხოვრებაში

26149_113522785342881_100000554799324_175644_3549888_n

ერის ისტორიაში, გარდა ადამიანებისა, ხშირად ნივთებიც იკავებენ საკრალურ ადგილს. ადგილს, რომელიც მათია. ეს ნივთები თითქოს შეუცვლელნი არიან, წლები და დროება ვერაფერს აკლებს.

ასეთი ადგილი უკავია ქართველების ცნობიერებაში, მახსოვრობაში და ისტორიაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“, რომელიც გარდა იმისა, რომ წერა-კითხვის მასწავლებელი წიგნია, ხშირ შემთხვევაში ქართველთა იდენტობის განმსაზღვრელი და მსოფლხედვის განუყოფელი ნაწილია. წიგნის დასახელება სიტყვა „დედას“ შეიცავს, ქართველებისთვის კი დედის სემანტიკური ველი და შინაარსობრივი დატვირთვა მთავარ, მამოძრავებელ ძალასთან იგივდება. „დედამიწა“, „დედაბოძი“ და „დედა ენა“ _ სადაც „ენა“ _ ერისთვის სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი რამ, ერის ერად არსებობის მიზეზი, იდენტობის საფუძველთა-საფუძველი, შერწყმულია „დედასთან“ _ სიმბოლურად სიცოცხლესთან, სიძლიერესთან, მშობლიურობასთან. იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოდან მხოლოდ სახელი რომ შემოგვრჩენოდა, ესეც კი აღძრავდა ჩვენში სიამაყისა და პატივისცემის განცდას.

`დედა ენა“ უაღრესად მნიშვნელოვანი წიგნია, ის ერთგვარი „ბიბლიაა“, რომელიც შეუცვლელია, უკრიტიკოა, წმინდაა ბოლო-ბოლო, ხოლო წმინდანების კრიტიკა არ შეიძლება _ მკრეხელობაა.

ნებისმიერი ქართველი მშობელი, თანამედროვეც კი, გეტყვით, რომ მისმა შვილმა წერა-კითხვა „დედა ენით“ უნდა ისწავლოს, სხვა წიგნი მისთვის მიუღებელია. თუკი დაკონკრეტებას მოსთხოვთ, გაიკვირვებს _ როგორ თუ რატომ? იმიტომ, რომ „დედა ენაა“, იმიტომ, რომ იაკობ გოგებაშვილმა დაწერა, იმიტომ, რომ მისი შვილი ქართველია, იმიტომ რომ, იმიტომ რომ… თუმცა არც ერთი „იმიტომ რომ“ არ დასრულდება იმ არგუმენტით, რომ ეს წიგნი მისი შვილის ინტერესებს შეესაბამება, რომ ბავშვს სწავლისადმი სიყვარულს გაუღვიძებს. არც „დედა ენის“ მეთოდოლოგიას, იმ მიდგომებს მოიყვანენ არგუმენტად, რომლის გამოც არის „დედა ენა“ უნიკალური.

სწორედ ანბანის, წერა-კითხვის, ანალიზურ-სინთეზური მეთოდის გამოყენების, „აი იას“ კომბინაციის აღმოჩენის გამო, 1960 წელს, ვენესუელის ქალაქ კარაკასში გამართულ მსოფლიო ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა.

„დედა ენა“ იმ დროს დაიწერა, როდესაც ქართულ ენას ყველაზე მეტად უჭირდა და სჭირდებოდა მყარი საფუძველი, რომელიც მას გაამტკიცებდა, გაავრცელებდა; ლეგიტიმურს გახდიდა მის არსებობას მოჭარბებული რუსული ენის ფონზე. სწორედაც „დედა ენა“ იყოს ის წიგნი, რომელმაც ეს ლეგიტიმაცია მისცა ენას, უფრო მეტიც _ ერის გადარჩენის, მისი იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზადაც კი იქცა.

თუმცა, თავდაპირველ „დედა ენაში“ ბარბარიზმები უცხო ხილი ნამდვილად არ არის _ „სტული“, „შკოლა“, „სტაქანი“ აქ ხშირად გვხვდება. იმ პერიოდში იმდენად ჰქონდა რუსულ სიტყვებს ფესვები გადგმული ჩვენს ენაში, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე ბუნებრივად იხმარებოდა. თუმცა, მას შემდეგ სახელმძღვანელო იხვეწება და იცვლება ეპოქების შესაბამისად.

სადავო არ არის, რომ „დედა ენა“, როგორიც ის იყო, როდესაც გოგებაშვილმა დაწერა, დღეს, XXI საუკუნეში აღარ უნდა ისწავლებოდეს მრავალი მიზეზის გამო: ის, რომ ლექსიკა მოძველებული და არქაულია; ის, რომ უწინდელი „დედა ენა“ მორგებულია XIX საუკუნის ბავშვის ფსიქიკას, გემოვნებას, ინტერესებს; რომ იმ დროს არ არსებობდა ტელევიზია, ინტერნეტი, რომლებმაც მასშტაბური რევოლუცია მოახდინეს თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის _ განათლებაშიც; რომ შეიცვალა მიდგომები, შეიცვალა პედაგოგიური მიზნები და მეთოდები, შეიცვალა შრომის ბაზრის მოთხოვნებიც, მკვეთრად ჩამოყალიბდა სამოქალაქო ცნობიერებაც, ტოლერანტობა და განსხვავებულის მიმღებლობა მნიშვნელოვანი გახდა და ა. შ.

განსხვავებით XIX საუკუნისგან, დღეს ადამიანს ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება აქვს. თუმცა „დედა ენის“ წერა-კითხვის შესასწავლი უნიკალური მეთოდოლოგია დღესაც აქტუალური და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მის შინაარსს, სასწავლო ტექსტებს, ვფიქრობ, რომ მათ თანამედროვეობასთან მორგება, XXI საუკუნის ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, არანაირად არ დააკნინებს, პირიქით _ დღევანდელობის უმთავრესი პრობლემის _ მოსწავლეების უმოტივაციობისა და გულგრილობის მოგვარების ერთ-ერთი წინაპირობაც შეიძლება გახდეს. იგულისხმება ის ფაქტორი, რომ თანამედროვე პირველკლასელისთვის შეიძლება საინტერესო აღარ იყოს „ვაშლის და შაქარას“ ისტორია და ის აქტუალური, მორალური ღირებულების მქონე ტექსტით ჩანაცვლდეს.

დღევანდელი გარემოდან გამომდინარე, „დედა ენაში“ უნდა იყოს ისეთი მოთხრობები, რომლებიც ბუნების მოფრთხილებისკენაა მიმართული. უნდა იყოს ტექსტები, რომლებიც განსხვავებული ადამიანის _ კანის ფერის, სქესის, ეროვნების თუ რელიგიის მიმართ ტოლერანტობის განცდას ეხება. ასევე თანაგანცდაზე, თანაგრძნობაზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე დაწერილი ნაწარმოებები. ძალადობრივი ელემენტებისგან უნდა გავათავისუფლოთ წიგნი, რომელიც ჩვენი ბავშვების პირველი სახელმძღვანელოა.

რა თქმა უნდა, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებიც უნდა წავაკითხოთ და ვასწავლოთ. აუცილებლად და საჭიროდ მიმაჩნია, კლასიკად ქცეული უცხოენოვანი ტექსტებიც ჩავრთოთ, ანუ ბავშვი ვიწრო ეროვნულ ჭრილში კი არ ჩავკეტოთ, პირიქით _ მსოფლიო მოქალაქის შეგრძნება გავუღვიძოთ და სამყაროს მთლიანობის აღქმა ჩამოვუყალიბოთ.

რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ რა გვსურს პირველკლასელი მოსწავლისგან, თუნდაც მეორე ან მესამეკლასელისგან? რა მოლოდინები და მოთხოვნები გვაქვს მათ მიმართ? რისთვის შეგვყავს ისინი სკოლაში? პირველ რიგში, ალბათ იმისთვის, რომ წერა-კითხვა შეისწავლონ, თუმცა ჩვენ გვინდა არა მხოლოდ შეისწავლონ, არამედ შეიყვარონ კიდეც, რადგან კითხვის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გაჩენის გარეშე სამომავლოდ რთულია მოსწავლის წარმატებების და განათლების განსაზღვრა. თანაც, ეს განწყობა _ კითხვის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, სწორედ პირველი კლასიდან, პირველი სახელმძღვანელოდან იღებს სათავეს. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ტექსტები, ილუსტრაციები, რასაც მათ ამ დროს მივაწვდით.

სკოლაში შესვლისას უჩნდებათ სწორედ ბავშვებს ის განსაკუთრებული შეგრძნება, რომელიც პირველ დღეებში მტვერსასრუტის ფუნქციას შეასრულებს და მთელი ძალით შეითვისებს იმ ინფორმაციას თუ ცოდნას, რომელსაც მასწავლებელი, სკოლა, წიგნი მისცემს მას. განათლების სისტემის მიზანი უნდა იყოს, რომ პირველკლასელს ეს განწყობა ბოლომდე გაჰყვეს. პირველკლასელის აი, ამ შეგრძნების უფრო ამაღლებას ან შენარჩუნებას მაინც უნდა ემსახურებოდეს მისი პირველი სახელმძღვანელოც, რომელიც გარდა იმისა, რომ წერა-კითხვის შესწავლაში დაეხმარება, მორალურ და სამოქალაქო ღირებულებებს ჩამოუყალიბებს და განუმტკიცებს. გაუღვივებს სამშობლოს არა მხოლოდ სიყვარულის გრძნობას (სამშობლო საგანი ან საჭმელი არ არის, აი ასე, უბრალოდ გიყვარდეს), ჯერ სამშობლოს ცნების გაგებასა და გააზრებაში გაუწევს მეგზურობას, შემდეგ კი იმ მიზეზების გაგებაშიც დაეხმარება, თუ რატომ ან როგორ უნდა გიყვარდეს, რაში ან როგორ უნდა გამოიხატოს ეს სიყვარული და რომ მხოლოდ ლექსის თქმით და დაზეპირებით არ შემოიფარგლება ეს ამბავი.

მნიშვნელოვანია, სახელმძღვანელომ ბავშვის ანალიტიკური აზროვნების განვითარებას შეუწყოს ხელი. ტექსტი არ უნდა იყოს მხოლოდ ცალმხრივად მორალური _ ანუ ეს კეთილია, ის ბოროტი; ან ზარმაცი, ამპარტავანი და თავმომწონე ყოველთვის დასჯილი და დაჩაგრულია, მეორე ვარიანტი არ განიხილება. არადა, სწორედაც უნდა განიხილებოდეს, რომ ბოროტიც შეიძლება კეთილი გახდეს; ამპარტავანი შეიძლება ამპარტავანია, მაგრამ მისი სხვა თვისებები შეიძლება საუკეთესოა. ტექსტი არ უნდა სრულდებოდეს იქ, რომ „ბეჯითი“ იმარჯვებს, „ზარმაცი“ კი შერცხვენილია. ასე, დიდაქტიკურად, თითის ქნევით, ანდაზების კორიანტელით ექვსი წლის ბავშვს არ უნდა მიეწოდებოდეს ცხოვრებისეული გამოცდილებები, არ უნდა ვტვირთავდეთ მას ამდენი „სიბრძნით“ და პირდაპირი დარიგებებით, ამისთვის მას წინ მთელი ცხოვრება აქვს.

სანამ ბავშვებისთვის რამის შეთავაზებას გადავწყვეტდეთ, უნდა დავფიქრდეთ, რა აინტერესებთ თანამედროვე ბავშვებს? რის გაგების და შეცნობის სურვილი აიძულებთ მათ, მოიკრიბონ ათას რამეზე გაფანტული ყურადღება და ჭიანჭველებივით შავი და პატარა ასოების ამოკითხვა დაიწყონ? მათთვის ძალიან საჭირო, აუცილებელ და საყვარელ თამაშს როგორ მოვწყვიტოთ, როგორ დავახარჯინოთ ძვირფასი დრო კითხვაზე? ან როგორ ვასწავლოთ, როგორ მოვაყოლოთ ამბავი ისე, რომ საკუთარი სურვილით და არა ვალდებულების გამო მოყვნენ და ისწავლონ?

დღეს ამ ასაკში ბავშვებს, ისე, როგორც არასდროს, უჩნდებათ ბუნების, სამყაროს შეცნობის დაუოკებელი სურვილი, ამიტომაცაა, რომ ასე უყვართ ენციკლოპედიები, გადაცემები ცხოველებსა თუ მცენარეებზე. ამ ასაკში ფიქრდებიან და აღმოაჩენენ, რომ თურმე კოსმოსიც არსებობს, მზე ვარსკვლავია და არა მისტიკურ-ზღაპრული პერსონაჟი, რომლის ნაბანი წყლითაც მკვდარი ცოცხლდება. მოკლედ, თანამედროვე ბავშვები მეტად რეალისტები არიან, ანალიტიკურად აზროვნებენ და მეტად არიან დაინტერესებული გარემოცული სამყაროთი, ვიდრე XIX საუკუნის ბავშვები. გარდა ამგვარი ინტერესებისა, მათ მორალური შეგნებაც უყალიბდებათ. მაგალითად, მეორეკლასელმა ბავშვებმა ვერ აიტანეს მელიას ვერაგობა და ეშმაკობა ქართული ხალხური ზღაპრის „რიხი-რიხის ხელმწიფის“ შესწავლის დროს. ზღაპარში მელიამ იმის გამო, რომ მეწისქვილემ მშიერი დააპურა, მთელი ტყის კურდღლები, ირმები და სხვა ცხოველები გაწირა და მოტყუებით მიუყვანა მეფეს, რათა მეწისქვილეს მეფის ასული და ხელმწიფობა რგებოდა წილად. „მელამ ხომ საწყალი ცხოველები სასიკვდილოდ გაიმეტა, აბა, რაღა სიკეთე გამოდის?“ „მელიას სიკეთე არ ყოფილა ნამდვილი სიკეთე, ეს ანგარებიანი სიკეთეა _ რაიმეს გამორჩენის მიზნით გაკეთებული (ამ შემთხვევაში _ საჭმლის)“, „მეწისქვილე კი გამეფდა, მაგრამ რად უნდა გამეფება, თუ მთელი ცხოვრება ტყუილში იქნება?“ „მელიამ უდანაშაულო დევები იმის გამო ამოწვა, რომ მეწისქვილეს სახლი ჰქონოდა“ და ასე შემდეგ, _ დამსახურებულად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და შენიშვნებს მეორეკლასელები „დედა ენაში“ შესული ზღაპრის მიმართ.

მარი მახათაძე, რომელიც პირველი კლასის მასწავლებელია, „დედა ენის“ არქაულ ლექსიკას კითხვის შესწავლის საქმეში ერთ-ერთ დაბრკოლებად თვლის, როდესაც პირიქით უნდა იყოს და „დედა ენა“ კითხვის შესწავლას ახალისებდეს, ამარტივებდეს და აყვარებდეს:

„დღესდღეობით რამდენიმე თანამედროვე, ალტერნატიული სახელმძღვანელო არსებობს, რომლებიც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვითაა შედგენილი. უმეტესობაში დაცულია გოგებაშვილის პრინციპები, თუმცა განცდა იმისა, რომ სახელმძღვანელოებს გადახალისება, გათანამედროვეობა სჭირდება, მასწავლებლებს გვაქვს. ენა მუდმივად იცვლება, იცვლება ყოფა და თანამედროვე სახელმძღვანელოში უნდა იყოს თანამედროვე ცხოვრების ამსახველი მასალაც. აუცილებლად გასათვალისწინებელია ლექსიკური მარაგი ბავშვის ასაკთან მიმართებაში. ლექსიკური ერთეულები ხშირად ლექსიკონშიც კი გაუგებარი სიტყვებითაა განმარტებული. თითქმის არ ისწავლება თანამედროვე ლექსიკა და უპირატესობა ენიჭება არქაულ ფორმებს. ძველი და არქაული სიტყვების სიმრავლე აბნევს და ართულებს კითხვის შესწავლას. ბავშვისთვის ყოველი სიტყვა ნაცნობი, მარტივად ამოსაკითხი და მოკლე უნდა იყოს, ხოლო წინადადების აზრი გასაგები, რათა კითხვის პროცესი მხოლოდ სიტყვების ამოკითხვით არ შემოიფარგლებოდეს. მუდმივი ძიება ახლის, უკეთესის არ ნიშნავს ტრადიციების უგულებელყოფას. თავად იაკობ გოგებაშვილი მუდმივად ცვლიდა, ამუშავებდა დედა ენას.“

დღეს ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ ერთ ადგილას, არ უნდა გავაკერპოთ და გავაკულტოთ „დედა ენა“, თავი უნდა დავაღწიოთ ფსევდოპატრიოტულ და ფსევდოტრადიციულ განცდებს. მოვიდა დრო, შეიქმნას ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებიც შესაძლოა „დედა ენის“ მეთოდოლოგიაზე იყოს დაფუძნებული, მაგრამ თანამედროვე ბავშვების ინტერესთა სფეროს და თავისებურებების გათვალისწინებით. ან იქნებ დროა შეიქმნას სრულიად ახალი სახელმძღვანელოებიც, „დედა ენის“ ალტერნატივები, წერა-კითხვის შესწავლის ორიგინალური, სრულიად ახალი და განსხვავებული მეთოდოლოგიით. იქნებ მოვიდა დრო ახალი „დედა ენის“ შექმნისა, რომელიც საფუძველს დაუდებს ახალ, განსხვავებულად მოაზროვნე, განათლებულ, ტოლერანტულ საზოგადოებას. ან იქნებ ზუსტად ისეთივე მომენტია დღესაც, როგორც იმ დროს, როცა იაკობ გოგებაშვილმა „დედა ენა“ შექმნა და ამით ქართული ენა იხსნა. იქნებ ახლა ის დროა, როცა ჩვენ ჩვენი ბავშვები უნდა ვიხსნათ და გავათავისუფლოთ ათასგვარი ჩარჩოებისგან, დავუმსხვრიოთ სტერეოტიპები, ჩამოვუყალიბოთ ეკოლოგიური ცნობიერება და ამით ჩვენი პლანეტა გადავარჩინოთ კატასტროფებისგან. ან იქნებ დროა, რომ მომავალმა თაობამ ზუსტად გაიაზროს, რა არის სამშობლო და რას ნიშნავს იყო მოქალაქე, ან იქნებ დროა, თავიდანვე ვუთხრათ _ პრობლემის მოგვარება ძალადობას გამორიცხავს, და შენგან განსხვავებული „ცუდი“ სულაც არ არის. მოვუყვეთ ნამდვილ სიკეთეზე, მეგობრობაზე, ცოტა ჯადოსნობაც არ დაგვავიწყდეს და მათ კითხვის სიყვარულთან ერთად სწორი, ჰუმანური ღირებულებებიც ჩამოვუყალიბოთ.

პირველი სახელმძღვანელო ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია ჩვენს ცხოვრებაში, სწორედ ამიტომაც ღირს ფიქრი ამ სახელმძღვანელოს გაუმჯობესებაზე, თანამედროვე ცხოვრებასთან მის დაახლოებაზე, XXI საუკუნის ბავშვების ინტერესების და სურვილების გათვალისწინებაზე.

ინა იმედაშვილი

Leave a comment

Filed under ინა იმედაშვილი, მეოთხე ნომერი, წიგნიერება

რიუნოსკე აკუტაგავა – მოთხრობის დიდოსტატი

 

Fun-Facts-Friday-Ryūnosuke-Akutagawaუდიდესი იაპონელი მწერლის, რიუნოსკე აკუტაგავას შემოქმედება ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და იდუმალი მოვლენაა XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში. ადამიანის სულის უკიდეგანო სამყაროს ღრმა ანალიზი, იაპონური დახვეწილობა და იუმორი, ყოფიერების წარმავლობა და მარადიულობა _ აკუტაგავას მოთხრობების მთავარი ნიშაა, რომლის მასალასაც ისტორიული ქრონიკებიდან, შუა საუ­კუნეების ანეკდოტებიდან და ძველი ლენგენდების კრებულებიდან იღებდა.

დაიბადა 1892 წლის 1 მარტს, ტოკიოში. მამა რძის გამყიდველი იყო, რომელიც საძოვარს ფლობდა ტო­კიოს განაპირას, დედა კი ფსიქიკური აშლილობე­ბისგან იტანჯებოდა. მისი მშობლები ასაკით ოცდაათ წელს გადაცილებული იყვნენ, ეს კი იაპონიაში იმ დროს ცუდ ტონად ითვლებოდა, ამიტომ ახალშობილი ბიძის, მიტიაკი აკუტაგავას უშვილო ოჯახმა იშვილა და ­რიუნოსკემ ბიძის გვარი მიიღო (ნიიჰარას მაგივრად). აკუტაგავების წინაპრები მწერლები და სწავლულები იყვნენ, ამიტომ ოჯახი ძველი კულტურული ტრადიციების მიმდევარი იყო, გატაცებულნი იყვნენ შუა საუკუნეების პოეზიითა და მხატვრობით. დე­დის ავადმყოფობა, რომელიც მალევე გარდაიცვალა, აკუტაგავასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტრავმად რჩებოდა. გარდა ამისა, მწერალს მემკ­ვიდრეობით ერგო შეშლილობა, ჰალუცინაციები და უძილობა. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1910 წელს, მწერალი ტოკიოს პირველ კოლეჯში აბარებს და ინგლისური ლიტერატურის შესწავლას ­იწყებს.

1913 წელს ტოკიოს საიმპერატორო უნივერსი­ტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ­ლიტერატურის განყოფილების სტუდენტი ხდება. ის და მისი უნივერსიტეტელი მეგობრები, კუმე მასაო, ­კიკუტო ჰიროსი, იამამოტო იუძი და სხვები, დასავლურ ლიტერატურულ მიმდინარეობებს კარგად იცნობდნენ. აკუტაგავას უნივერსიტეტში სწავლება არ მოეწონა და ნელ-ნელა ლექციების გაცდენა ­დაიწყო. ამ დროს იბეჭდება მისი პირველი მოთხრობები ლიტერატურულ ჟურნალში „სინსიტე“. ჟურნალის ირგვლივ აკუტაგავამ, კუმემ და კიკუტომ ჩამოაყალი­ბეს გაერთიანება „სინგიკოხი“ („ახალი ხელოვნების სკოლა“). ჯგუფის წევრები თავს ანტინატურალის­ტებად მიიჩნევდნენ და გამოდიოდნენ ნატურალისტური სკოლის კრიტიკით. მიილტვოდნენ ლი­ტე­რატურის მხატვრული საწყი­სების აღორძინებისაკენ, წარმოსახვაზე დამყარე­ბული სიუჟეტისა და ფაბულის შექმნისკენ, ენის გამომ­ხატველობისკენ.

მწერლის პირველმა მოთხრობებმა, „რასიომონის კარიბჭე“ (1915) და „ცხვირი“ (1916), სწრაფადვე მი­იქცია ყურადღება. უკვე პირველივე მოთხრობებიდან ჩნდება ის დამახასიათებელი ნიშნები, რაც მწერლის მთელ შემოქმედებას გასდევს თან _ მთხრობლის განყენებულ-ირონიული პოზიცია, ზოგჯერ იუმო­რით გაზავებული; უცხოური და ძველი იაპონური ლი­ტერატურიდან ნაცნობი სიუჟეტების გათამაშება. აგრეთვე მისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიტუაციებიც, როდესაც პერსონაჟს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარ კეთილდღეობასა და ზნეობრივ ­ქცევას შორის.

საკუთარ მასწავლებლად მწერლობაში აკუტაგავა იაპონური ლიტერატურის მეტრს, ნაცუმე სოსეკს (1867_1916) თვლიდა, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. სოსეკმაც შენიშნა ახალგაზრდა ტალანტი და მისი მოთხრობების ერთ-ერთი პირველი შემფასებელი გახდა. აკუტაგავა ნაცუმეს ბინაში ­ლიტერატურულ საღამოებს მართავდა, სადაც მიდიოდა კამათი და მსჯელობა თანამედროვე ლიტე­რატურულ პროცესებზე. ნაცუმე სილამაზის შესა­ხებ ესთეტიკურ სწავლებას ავითარებდა და უპირის­პირდებოდა თანამედროვეობის უტილიტარულ იდეალებს. მისი ფსიქოლოგიური რომანების მთავარი თემა დასავლური ცივილიზაციის წეს-ჩვეულებების ბრმადმიმღებელი იაპონელი ინტელიგენტის ტრაგედია იყო. ნაცუმე სიცოცხლის ბოლო წლებში უფრო მეტად უახლოვდება ახალგაზრდა მწე­რალს, რაც მის შემოქმედებაზეც აისახება: გმირების ზნეობ­რივი პოზიცია, ეგოიზმის თემა, კონფლიქტი საკუთარ ­„მე“-სთან და ზოგადად, სხვადასხვა მან­კიერებით ­დაავადებული საზოგადოების წარმოჩენა. მოსწავ­ლისა და მასწავლებლის შემოქმედების საერთო დამახასიათებელი ნიშნებია უთქმელობა, აშკარა კონფლიქტური სიტუაციების გამოუხატველობა, ბუდისტური რემინისცენციები.

უნივერსიტეტიდან აკუტაგავას ბევრი ნაცნობ-­მეგობარი დარჩა და ასევე ევროპული და რუსული ლიტერატურის ღრმა ცოდნა შეიძინა. 1916 წლის ­დეკემბერში ქალაქ კამაკურაში, საზღვაო-მექანიკურ სასწავლებელში, ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობა მიიღო. აკუტაგავას მასწავლებლობა არ უყვარდა: „საკმარისია დავინახო მოსწავლეების ­სახეები, რომ ეგრევე სევდა მეუფლება“ _ წერდა ის მომავალ მეუღლეს. ეს წლები მის სიცოცხლეში ყველაზე პროდუქტიული იყო. სულ რაღაც ცხრა ­თვეში 20 მოთხრობა, რამდენიმე ესე და სტატია და­წერა. მისი ცხოვრების ეს პერიოდია ასახული მოთხრობაში ­„იასუკიჩის ჩანაწერებიდან“ (1923).

დაქორწინების შემდეგ, ერთ-ერთი მეგობრის ­დახმარებით, ცდილობს კეიკოს უნივერსიტეტში მიიღოს მასწავლებლის ადგილი, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშლება. 1919 წელს ტოკიოში გადადის საცხოვ­რებლად, სადაც თანამშრომლობას იწყებს გაზეთთან „ოსაკა მაინიტი სიმბუნი“, თუმცა მალევე წყვეტს ­მათთან მუშაობას და თავს მთლიანად ლიტერატუ-   რას ­უძღვნის.

აკუტაგავას მოთხრობების მოქმედების ადგილი, ძირითადად, სამ ისტორიულ პერიოდს მოიცავს: X-XII ს.ს. _ იაპონიის ძველი დედაქალაქის, კიოტოს აყვა­ვების ხანა; XVI ს-ის ბოლო _ ქრისტიანობის გავრცე­ლე­ბის პერიოდი იაპონიაში და განმანათლებლობის პერიოდი _ იმპერატორ მეიძის მმართველობის ხანა XIX ს-ის მეორე ნახევარში. ძველი და შუა საუკუნეების ­ლიტერატურიდან აკუტაგავა ­უპირატესად იღებდა „შიშველ“ ფაბულას და ცვლიდა მას თავისი შე­მოქმედების ჩანაფიქრის შესაბამისად, ძველი პერიოდიდან ანალოგებს ეძებდა თანამედროვეების ­ქცევებსა და აზრებში: „ძველი და თანამედროვე ადამიანის სულს ბევრი საერთო აქვს. საქმეც ესაა“, _ ­წერდა ის.

პირველ ქრისტიანებზე დაწერილ მოთხრო­ბებში, ერთი მხრივ, აღწერილია ავანტიურისტები და ­გაიძვერები („თუთუნი და ეშმაკი“, 1916), მეორე მხრივ კი, მწერალს ქრისტიანები აინტერესებდა, როგორც ადამიანები, რომლებიც სიკვდილზეც კი წავიდოდნენ ზნეობრივი იდეალის გამო („ძურიანო კიტისკე“, 1919).

აკუტაგავას ნაწერები ლაკონიური და სხარტია, სათქმელი ორ-სამ სიტყვაში შეუძლია გადმოსცეს და დახატოს ნათელი, ცხადი სახე. მოთხრობას ­კონფ­ლიქტის ირგვლივ აგებს, რომელიც განპირობებულია პიროვნული, კულტუროლოგიური, ისტორიული თუ მისტიკური საფუძვლით. კონფლიქტის გადაწყვეტა კი ხდება უეცრად, მოულოდნელად, როგორც ­ფოტოაპარატის რამდენიმეწამიანი ნათე­ბისას.

ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ აკუტაგავას ­შემოქმედებაში შესაძლებელია დავინახოთ დასავლელი მწერლების _ ანატოლ ფრანსის, სვიფტის, ბრაუ­ნინგის სტილი და კომპოზიციური წყობა. მოთხრობაში „როგორ განეშორა თავი ტანს“ (1918) ლი­ტერატორის მკვლევრები მსგავსებას ხედავენ/ჩანს მსგავსება ­ამბროზ ბირსის მოთხრობასთან „ბუების ნაკადულის ხიდზე მომხდარი ამბავი“. ასეთი ასო­ციაციებითა და ალუზიებით სავსეა მწერლის შემოქმედება, სადაც ყველა ეროვნების წარმომადგენელს შეუძლია დაი­ნახოს გარკვეული კავშირი მის მშობლიურთან. შეიძლება სწორედ ასეთმა გახსნილობამ, თავისუფალმა ინტერპრეტაციებმა განაპირობა აკუტა­გავას უდი­დესი პოპულარობა, რომ ის არ დარჩენილა ლოკალურ, იაპონურ მოვლენად და შეიძინა მსოფლიო მნიშვნელობა.

აკუტაგავას ლიტერატურული მოღვაწეობის დამასრულებელი პერიოდია 1921–1927 წწ. ამ პერიოდის ნაწერებში წინ იწევს სოციალურ-პოლიტიკური თემატიკა, ასევე ჩნდება ავტობიოგრაფიული მოტივები. მილიტარიზმისა და კაპიტალიზმის ნეგატიური ­მხარეა ნაჩვენები მოთხრობაში „წყლის კაცების ­ქვეყანაში“ (1927). ეს მოთხრობა მისი ერთადერთი ვრცელი ნაწარმოებია, რომელიც სოციალურ ­სატირას, ფანტასტიკურ გროტესკს წარმოადგენს.

ავტობიოგრაფიული მოთხრობა-ჩანაწერები „დაკბილული ბორბალი“ (1927) და „ცხოვრება იდიოტისა“ (1927) ასახავს მწერლის უკანასკნელი თვეების ფსიქიკურ მდგომარეობას. ამ პერიოდში ის სწავლობს ბიბლიას, რომელიც მცირე შვებას გვრის. ცდილობდა ქრისტეს სახე გაეაზრებინა თანამედროვე სამყაროში მცხოვრებ ადამიანად. ამავე თვეებში მწერალი წერს მოთხრობას „როგორც ჩანს, მე მკვლელობა ჩავიდინე“. თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ის ანადგურებს მოთხრობას, თუმცა მისი სიკვდილის შემდგომ აღმოჩენილ იქნა ხელნაწერის მეორე ­ეგ­ზემპლარიც, რომელსაც ეწერა _ „განადგურდეს“.

რიუნოსკე აკუტაგავამ თავი 1927 წლის 24 ივლისს მოიკლა, საძილე საშუალების ზედმეტი დოზის ­მიღებით. ბოლო ხანებში გამუდმებით საწერ მაგიდასთან იჯდა, 23 ივლისსაც კი, გვინ ღამემდე მისი ოთახიდან სინათლე გამოდიოდა, დილით კი მკვდა­რი იპოვეს. მწერლის თვითმკვლელობა საშინელი ­დარტყმა აღმოჩნდა მეგობრებისა და ახლობლებისთვის, მაგრამ არა მოულოდნელი. სუიციდის ნამდვილი მიზეზი დღემდე ყველასთვის უცნობია, თუმცა არსებობს ­უამრავი ანალიზი და მოსაზრება. გრიგოლ ჩხარტიშვილი (ფსევდონიმით _ ბორის აკუნინი) წიგნში „მწე­რალი და თვითმკვლელობა“ ავითარებს აკუტაგავას სუიციდის „კულტუროლოგიურ“ ვერსიას. ამ ვერსიის მიხედვით მწერალმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ იაპონურ კულტურასა და ლიტერატურას მეორე­ხარისხოვნად თვლიდა, რომელიც ვერასოდეს ავი­დოდა მსოფლიო დონემდე.

აკუტაგავას თორმეტწლიანი სამწერლობო პე­რიოდი მოიცავს 150-მდე მოთხრობასა და მინიატურას, რამდენიმე სცენარს, ლიტერატურულ-­კრიტიკულ სტატიებსა და ლირიკულ-ფილოსოფიურ ჩანაწერებს.

1935 წელს დაარსდა აკუტაგავას სახელობის ­პრემია, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემენ ახალ­გაზრდებს ლიტერატურის დარგში.

ბექა სუხიტაშვილი

Leave a comment

Filed under ბექა სუხიტაშვილი, ბიოგრაფია, მეოთხე ნომერი