ყველაზე ევროპელი ქართველი მწერალი

photo0n

ბევრი წიგნი მახსოვს ყდით, სურნელითა და, რასაკვირველია, იმ განწყობით, რომლითაც წავიკითხე. მახსოვს, როდესაც ფანტასტიკური ლიტერატურით ვიყავი გატაცებული, დედას ვკითხე, ქართველი მწერალი ვინ წავიკითხო ფანტასტიკის ჟანრში-მეთქი? მან სწორედ ეს წიგნი გადმომიღო, ალექსანდრე აბაშელის “ქალი სარკეში”, საინტერესო ამბავი პლანეტათშორის სიყვარულზე და მის ყოვლისშემძლეობაზე. დიდი სიამოვნებით წავიკითხე და დიდხანს მიყვარდა ეს წიგნი, ყავისფერი ყდა ჰქონდა და მოყვითალო ფურცლები.

მერე, როდესაც ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ლიტერატურათმცოდნეობაში სალექსო ფორმებს ვსწავლობდი, სახელმძღვანელოში თითქმის ყველა თეორიული განმარტების გვერდით ლექსიდან ამონარიდი მხვდებოდა _ ხან სონეტი, ხან რონდელი და ა.შ. ყველა ამ ილუსტრაციის ავტორი _ ალექსანდრე აბაშელი გახლდათ. მაშინ ვიფიქრე, როგორი მაძიებელი და ექსპერიმენტატორი ავტორია-მეთქი. ჩემი განსაკუთრებული სიყვა- რული ამ ავტორისადმი, სწორედ იმ დროის გამოძახილია.

ალექსანდრე აბაშელი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ევროპელი პოეტი და პროზაიკოსია ქართული ლიტერატურის ისტორიაში, მისი უაღრესად ინდივიდუალური პოეზია, პირველ რიგში, სწორედ საინტერესო პოეტური და პროზაული ექსპერიმენტებით გამოირჩევა, რასაც, რასაკვირველია, კარგი განათლება და გემოვნება სჭირდებოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, განათლება, ზომიერება და გემოვნება.

აი, რას წერს მასზე მისი უახლოესი მეგობარი, კონსტანტინე გამსახურდია:

“უნივერსალიზმი და სრულყოფილი ფორმა ეს იყო და არის უპირატესი ლოზუნგი ჩვენი ეპოქის ქართული მწერლობისა. ამ საუკუნის მიწურულში, ალბათ, შვიდიოდე სახელი მოიხვეჭს ახალ ელვარებას, მათ შორის პირველთაგანი იქნება უთუოდ ალექსანდრე აბაშელისა. ფორმათა სრულყოფისათვის ბრძოლას ნურავინ აურევს ფორმალიზმში. დიდი და იდეური მწერლობა ფორმალიზმის ნაჭუჭში არაოდეს დატეულა. საამისოდ აბაშელს არც პატრიოტიზმი ჰკლებია ოდესმე, არც მოქალაქური გრძნობა.

ალექსანდრე აბაშელი მოვიდა პოეზიაში, როგორც ოსტატი. მისმა ლექსებმა მოულოდნელად გაიშრიალეს და მორთეს თვალისმომჭრელი კაშკაში უცნაური კალეიდესკოპის ფერთა სიმრავლით აციმციმებულთა”.

გადასახლება, ლიტერატურული მოღვაწეობა, ლიტერატურული პუბლიკაციები, მოდერნისტული ორდენის წევრობა _ მოკლედ, მას ნამდვილი ლიტერატურული ბიოგრაფია ჰქონდა, გარდატეხებითა და ცვლილებებით სავსე.

მისი ნამდვილი გვარი ჩოჩია გახლდათ, აბაშის რაიონის სოფელ საჩოჩიოში დაბადებული, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, რევოლუციური მოღვაწეობისთვის სოლვიჩეგოდსკში გადაასახლეს, სწორედ აქ გადახდენილ ამბებზე გადაწყვიტა რომანის დაწერა, რომელიც ვერ დაასრულა.

გადასახლებიდან დაბრუნებისთანავე ჩაერთო ლიტერატურული ცხოვრების ავანგარდში და 1913 წელს მისი პირველი პოეტური კრებული _ `მზის სიცილი~ გამოვიდა _ მთლიანად ქართული ფოლკლორითა და მითოსით ნასაზრდოები.

20-იანი წლების დასაწყისისათვის აბაშელი `აკადემიური მწერლობის კავშირის~ აქტიური წევრი გახდა. (ამ დაჯგუფებაში შედიოდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი, იოსებ გრიშაშვილი, კოტე მაყაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ვარლამ რუხაძე, სოლომონ თავაძე, არისტო ჭუმბაძე). აკადემიურმა ასოციაციამ 1921 წელს გამოსცა ჟურნალი `ხომალდი’ ალექსანდრე აბაშელის რედაქტორობით.

1923 წელს გამოიცა ალ. აბაშელის ლექსების მეორე კრებული `ანთებული ხეივანი’.

რთული, ძალიან რთული პერიოდი იყო ქართული ლიტერატურისათვის _ საბჭოთა წყობილება, ცენზურა, რეპრესიების შიში, `აუცილებლად დასაწერი’ ლექსები.

ჰოდა, ალექსანდრე აბაშელიც `ეპოქისათვის თანამგზავრული სიმღერის~ თქმას მოითხოვდა და ზედაპირულად „თანამგზავრულ სიმღერებს“ ქმნიდა კიდეც. ხოლო ამავე დროს, ასეთ სტრიქონებსაც ამბობდა:

`ერთი ნაღველის ორი სახელი:

კრწანისის ომი და თებერვალი.’

საგამომცემლო საქმე, უამრავი საავტორო გამოცემის რედაქტორობა, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის წიგნების აკადემიური გამოცემა, პროზაული და პოეტური მემკვიდრეობა, საინტერესო პუბლიცისტიკა და ესეისტიკა _ ეს ალექსანდრე აბაშელის მდიდარი ლიტერატურული მემკ- ვიდრეობაა.

თანამედროვეები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მის კეთილშობილურ და ჰუმანურ ბუნებას, იგი ქართული ლიტერატურის დიდი გულშემატკივარი იყო და ძალიან უხაროდა ახალი ნიჭიერი სახელების გამოჩენა _ ეს კი, დამეთანხმებით, ლიტერატორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნიჭია, არა მხოლოდ საკუთარი ლიტერატურული მოღვაწეობის გულშემატკივრობა, არამედ, ზოგადად, ლიტერატურული პროცესის განვითარებით გამოწვეული სიხარულის უნარი.

დიანა ანფიმიადი

Leave a comment

Filed under ბიოგრაფია, დიანა ანფიმიადი, მეოთხე ნომერი

Leave a comment