წიგნები და ბავშვები

a-kid-reading

ეს ის თემაა, რომელზეც ალბათ დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი წიგნი წამიკითხავს, არამედ იმიტომ, რომ ზუსტად გამიგია და დამიფასებია ის წიგნები, ნაწარმოებები და ავტორები, რომლებიც ჩემს ხელთ ხვდებოდნენ, ზოგი შემთხვევით, ზოგიც კი გამიზნულად, მშობლის მიერ. მახსოვს, ჩემი ქართულის მასწავლებელი ამბობდა ხოლმე, საკმარისია წაიკითხო მხოლოდ 30-40 წიგნი ცხოვრებაშიო, მაგრამ იქვე დასძენდა _ ხოლო იმისთვის, რომ გაიგო, რომელი 40 წიგნის წაკითხვა ღირს, გაუთავებლად უნდა იკითხოო.

როგორც წესი, მშობლები დიდი ყურადღებით ეპყრობიან წიგნის კითხვის პროცესს, სწორედ კითხვას შეუძლია შეითავსოს როგორც ესთეტიკური ტკბობის, ასევე შემეცნებითი და აღმზრდელობითი ფუნქცია. ამასთან, ყველა წიგნის წაკითხვა როდია სასურველი ბავშობაში, წიგნების შერჩევის დროს უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებანი, ინტერესები.

დამოუკიდებლად კითხვას ბავშები 6 წლის შემდეგ იწყებენ. ეს ის ასაკია, როდესაც მაქსიმალურად უნდა მოხდეს წიგნის სიყვარულის გაღვივება, რადგან სწორედ კითხვის პროცესი უწყობს ხელს მახსოვრობის, ყურადღების, ლოგიკის, ცნობისმოყვარეობის, კრეატიული აზროვნების განვითარებას.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა?

„კითხვა არის სიყვარულივით, როგორც არ შეიძლება ძალით შეგიყვარდეს ადამიანი, ისე არ შეიძლება ძალით იკითხო. ან გიყვარს, ან არ გიყვარს, ან კითხულობ, ან არ კითხულობ“_ პენაკი.

             ხშირად ესაუბრეთ წიგნებზე.

             თქვენ ხართ მაგალითის მიმცემი თქვენი შვილისთვის, თუ გინდათ, რომ მან წაიკითხოს, დაიწყეთ კითხვა თავად.

             ერთად მოინახულეთ ბიბლიოთეკები.

             გამოყავით დრო კითხვისთვის.

             კითხვის დროს დაშვებული შეცდომები არ შეიმჩნიოთ ძალიან მძაფრად.

             განიხილეთ წაკითხული ნაწარმოების შინაარსი.

მას შემდეგ, რაც ბავშვი დაუმეგობრდება წიგნს, აუცილებელია მშობელმა ხელი შეუწყოს და მიაწოდოს ისეთი ლიტერატურა, რომელიც იქნება ასაკისა და განვითარების შესაბამისი. ამასთან, ნაწარმოები უნდა შეირჩეს ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს მოზარდის ფსიქიკის ტრავმატიზაცია და კითხვის პროცესი იყოს მაქსიმალურად სარგებლიანი. განვიხილოთ რამდენიმე პოპულარული ნაწარმოები, რომელიც აქტუალობას არ კარგავს უკვე მრავალი წელია:

მაგალითად, ასტრიდ ლინდგრენი. რა არის მისი ნაწარმოებების ასეთი პოპულარობის საიდუმლო? ალბათ ის, რომ მსოფლიო სიბრძნე გადმოცემულია მარტივი, გასაგები ენით. ის არის ადამიანი, რომელმაც ბევრ ბავშვს გაუღო კარი ლიტერატურის სამყაროში. პირველ რიგში ყურადღება მინდა შევაჩერო „ძმებ ლომგულებზე“ _ ნაწარმოებზე, რომელიც დედმამიშვილებს შორის სიყვარულის თვალსაჩინო მაგალითია; მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სიკეთით, სიყვარულითა და სიმამაცით ოცნებების ასრულება.

პეპი, რომელიც ცხოვრობს მარტო, ჰყავს ერთგული მეგობრები, არის ძლიერი, დამოუკიდებელი, უშიშარი, იცის რა უნდა და არ უშინდება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან პოლემიკას. ვაღიაროთ _ ხომ ყველას გვინდოდა გვეცხოვრა დიდ სახლში ცხოველებთან ერთად? ნაწარმოების კითხვისას ბავშვს თითქოს უცოცხლდება განცდები, შეუძლია წარმოიდგინოს თავი პეპის ადგილას, იმოგზაუროს მასთან ერთად…

ემილი _ ჩვენი მეგობარი, რომლის ხმაც მართალია არ ისმის, მაგრამ ყველა თანაუგრძნობს, გულშემატკივრობს მას. მკითხველს ეღიმება მის ოინებზე და ღებულობს ფასდაუდებელ ცოდნას იმის შესახებ, რომ ყოველ არასასურველ ქცევას მოჰყება ასე ვთქვათ, „სანქცია“ (ფარდულში ფიგურების გამოთლა).

ფელიქს ზალტენის „ბემბი“ და იმავე ემოციის მატარებელი _ ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ _ ბავშვები სწავლობენ თანაგანცდას (ემპათიას), სხვისი ტკივილის შეგრძნობას, იგებენ ცხოვრების სირთულეებს და იღებენ უნიკალურ გამოცდილებას ცხოვლეთა სამყაროს დაფასებასა და სიყვარულზე.

ჰანს ქრისტიან ანდერსენი _ „მახინჯი იხვის ჭუკი“ _ ისტორია განსხვავებულ ჭუკზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, გარშემომყოფების მიერ ბულინგის მსხვერპლი იყო. და „ყინულის დედოფალი“ _ უემოციო ქალბატონი, რომელსაც გული პირდაპირი მნიშვნელობით ჰქონდა გაყინული (ფსიქოლოგიაში დაავადებაც კი არსებობს, გაყინული ემოციებით გამოწვეული _ ალექსითემია).

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი _ „პატარა პრინცი“ _ წიგნი, რომელიც მკითხველთან ერთად იზრდება.

„მერი პოპინსი“ _ პამელა ტრევერსის გენიალური ნაწარმოები, რომელიც გვასწავლის, რომ თავად ვქმნით ჩვენს ცხოვრებას, „ვიქმნით სასწაულს ცხოვრებაში, ან ვირჩევთ მოსაწყენ ყოველდღიურობას“ _ არჩევანი ჩვენზეა. მართალია, ბავშვისთვის ისტორია მხოლოდ ქოლგით მონარნარე ქალბატონზეა, მაგრამ ასაკთან ერთად შინაარსი ღრმავდება.

რაც შეეხება ქართულ ნაწარმოებებს, სამწუხაროდ ძნელად მახსენდება მსგავსი მსუბუქი, ადვილად წასაკითხი რომელიმე მოთხრობა. როგორც წესი, ხელოვნება ასახავს საზოგადოებაში არსებულ განწყობას, ემოციურ მდგომარეობას, მწერალი კი უბრალოდ მთხრობელის როლში გვევლინება. სწორედ ამიტომაც ცალკე გამოვყოფდი ილია ჭავჭავაძის მოთხრობას „კაცია ადამიანი?!“ ეს არის ნაწარმოები, რომელიც პასუხგაუცემელი კითხვით იწყება და უფრო ბევრ კითხვას ტოვებს დასასრულისკენ. სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამ რიტორიკული შეკითხვისთვის ღირს მისი დაფასება. ეს ეპითეტი-სარკე ყველაფრისმთქმელია, ძალიანაც რომ ეცადო, ვერაფერს დაამატებ. კი დროის მსვლელობა დაეტყო სარკესაც, დაიბურა სიძველისგან, ისე მკაფიოდ აღარ ასახავს რეალობას, მაგრამ აქტუალობა ნამდვილად არ დაუკარგავს, თანამედროვე მოზარდებიც ხვდებიან სახეცვლილ ლუარსაბებს.

ან კიდევ ჩამოლაბორანტებულ ლიტერატურის მოტრფიალეზე რას იტყვით? აქაც ემოციის კორიანტელი ატყდება თავს მკითხველს…

და ბევრი, ბევრი სხვა ნაწარმოები, რომელიც კიდევ უფრო ბევრ სიბრძნეს იტევს. ყოველი ადამიანი კითხულობს იმას, რაც თითქოს მისთვის დაიწერა, მისთვის შეიქმნა, ავტორიც მას ელაპარაკება, სწორედ თავად არის მთავარი გმირი, რომელის მოგზაურობაც საოცრებათა ქვეყნაში იწყება და განძით სავსე კუნძულისკენ მიემართება. ტრანსპორტიც ნაირგვარია _ ქოლგა, წყალქვეშა ნავი, ხომალდი თუ სხვა. მთავარი ხომ ზურგის ქარი და მკაფიოდ დასახული დანიშნულების პუნქტია.

ცოტა ფსიქოლოგიურ ასპექტებზეც ვისაუბროთ. როგორც წესი, ყოველ ადამიანს აქვს გარკვეული ცხოვრებისეული როლი (ნიღბები), რომლის შესრულებაც უწევს ყოველდღიურად, მაგალითად, დედა, მასწავლებელი, ცოლი, და, შვილი, მეზობელი, კოლეგა და ა.შ. რაც უფრო მცირეა ასაკი, მით ნაკლებია მსგავსი სოციალური როლი. წიგნის კითხვის დროს კი მკითხველი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას აკეთებს გმირთან, შესაბამისად, მას ეძლევა საშუალება მოირგოს მეომრის, მოგზაურის, მკვლევრის, ონავრის, გულითადი ადამიანის იმიჯი და იმოქმედოს მის ფარგლებში. ეს კი ფასდაუდებელი გამოცდილებაა ბავშვისთვის.

ირმა კვაჭაძე

Leave a comment

Filed under ბავშვები და მოზარდები, ირმა კვაჭაძე, მეოთხე ნომერი

Leave a comment