Tag Archives: რევიუ

“აღდგომა”- სტივენ კინგი საშინელებათა ჟანრს დაუბრუნდა

stephen-king_web

ამ რომანში ერთ-ერთი პერსონაჟი, რომლის ბედიც გვადარდებს და რომელიც ფილტვების კიბოს გამო სასიკვდილო აგონიაშია, ამბობს ერთ პატარა, თითქმის შეუმჩნეველ ფრაზას, რომელიც ზუსტად ასახავს კინგის ჩანაფიქრს (და რომელიც, კონტექსტის გათვალისწინებით, ჟრუანტელის მომგვრელია): „რაღაც… _ ამოაყოლა მან ხრინწიან, ღრმა ამოსუნთქვას, _ რაღაც ცდილობს მოგვატყუოს. მე ასე მგონია.“

ეს კინგის 58-ე რომანია და ცალსახად საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება. თავად კინგმა „საზიზღარი, ბნელი ნამუშევარი“ უწოდა და დაამატა, რომ „ის ზედმეტად საშიშია. ამ წიგნზე ფიქრიც კი აღარ მინდა.“

წიგნი შეიძლება მატყუარაა, მაგრამ თავად კინგი დასაწყისიდანვე გვაძლევს მინიშნებებს იმაზე, თუ სად გავყავით თავი: სათაურით; წინათქმაში მერი შელის იმ ადამიანებს შორის მოხსენიებით, რომლებმაც „თავიანთი აგურები დადეს ჩემში“ ჰოვარდ ლავკრაფტთან და არტურ მახენთან ერთად, რომლის “The Great God Pan~ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოვიშორე თავიდან“.

მოგვიანებით კინგი რეი ბრედბერის Mr. Electrico-საც საკადრის პატივს მიაგებს, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს ლავკრაფტი და ციტატა _ „და გარდაცვლილთა ბოლო სამყოფად იქნებ მუდმივი არც საფლავია, მარადისობის უცნაურობით თავად სიკვდილიც წარმავალია“ _ რომლის სულისკვეთებითაც გაჟღენთილია მთელი წიგნი.

„აღდგომაში“ მთხრობელი ჯეიმი მორტონია, ბიჭი პატარა ქალაქიდან _ საშუალოდ ნიჭიერი, ერთი ჩვეულებრივი რითმ-გიტარისტი და ყოფილი ნარკომანი, რომელიც თავგამოდებით უარყოფს განგებას, რადგან თუკი „ყველა ეს საშინელება“, რომელიც უნდა გადაგხვდეს, გარდაუვალია, მაშინ „არ არსებობს ნათელი და ჩვენი რწმენა მხოლოდ ილუზიაა. თუკი ეს ასეა, ჩვენ ვცხოვრობთ სიბნელეში, როგორც ცხოველები სოროში, ან როგორც ჭიანჭველები თავიანთ ღრმა ბუდეში.“ ნამდვილად ბნელი ამბებია.

თუმცა, მიუხედავად ისეთი წინადადებებისა, როგორიცაა „მის ქერა თმას ახლა უკვე მიწა აყრია და ნელ-ნელა იფშვნება უკუნით მოცულ ატლასის ბალიშზე“, „აღდგომის“ დიდი ნაწილი შორს დგას საშინელებათა ჟანრისგან.

ჯეიმი ექვსი წლის არის, როცა პირველად ხვდება პროტესტანტული ეკლესიის ახალგაზრდა მეთოდისტს, ჩარლზ ჯეიკობს. საქმეზე შეყვარებული ჯეიკობი თავისი ენთუზიაზმით ახალ სულს ჩაჰბერავს მეთოდისტის საქმიანობას და ახალგაზრდებს ელექტროენერგიის გამოყენების მაგალითებით ხიბლავს. „ბავშვებო… ელექტროენერგია ღვთის ერთ-ერთი კარიბჭეა მარადისობაში.“

თუმცა, ჯეიკობის ოჯახში ტრაგედია დატრიალდება და ის ჯერ ქადაგებისას კიცხავს ორგანიზებულ რელიგიას _ „იგი დაშენებულია მათ სისხლზე, ძვლებსა და განწირულ ყვირილზე, ვისაც ეყო თავხედობა ღმერთის იდეისთვის თავი არ მოედრიკა“, შემდეგ კი ქალაქს ტოვებს.

წლების შემდეგ, როცა ჯეიმი მას კვლავ ხვდება, იგი უკვე ბნელ გზაზეა შემდგარი: ელექტრობით შეპყრობილის ექსპერიმენტები და მისი სურვილი შეუცნობელ ობიექტებზე ექსპერიმენტების ჩატარებისა სიგიჟეშია გადაზრდილი. ჯეიმი ერთდროულად დაინტრიგებული და შეშფოთებულია: „ღმერთო, მიშველე! მე მინდა ვიხილო, როგორ ახდის თავს პანდორას ყუთს და ჩაიჭვრიტება მასში!“

„აღდგომაში“ უფრო მეტად ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო მომენტები გვხვდება, ვიდრე საშინელი და საზარელი ტრაგედიის მომასწავე-              ბელი ნიშნები:

ჯეიმის დედა, რომელიც „საუთოებელთან ჩუსტებში იდგა და წარმოუდგენლად ლამაზი იყო დილის ნათებაში“. მისი პირველი სიყვარული _ „თოვდა. ასტრიდი აქ იყო, ბეწვის კაპიუშონიანი პარკა ეცვა. სახანძრო კიბის ქვეშ შევუძეხი და ვაკოცე. მის პომადას მარწყვის გემო ჰქონდა.“

მისი პირველი სექსი, პირველი გიტარა, პირველი კონცერტი.

ცოტაა ისეთი მწერალი, რომელსაც შეუძლია ამდენად ძალდაუტანებლად, გულწრფელად და ინტიმურად ასახოს ცხოვრების დეტალები. ალბათ ამიტომაც დაუფიქრებლად მივყვებით ჯეიმის, საითკენაც მიგვიძღვის, მაშინაც კი, როცა წიგნი ნელ-  ნელა სცილდება ჩვენს რეალობას _ ჩვენ გაგვაცურეს, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენი მთხრობელი, და დაგვავიწყეს, თუ რა წიგნთან გვქონდა საქმე.

კინგი ყოველთვის ბრწყინვალეა საშინელებისთვის სცენის მომზადებაში, განსხვავებით საიდუმლოს გამჟღავნებისა და ურჩხულის გამოაშკარავებისგან, სადაც ხანდახან იმედს გვიცრუებს ხოლმე. „აღდგომაში“ კი დიადი საშინელებისთვის თვალის შევლებასთან გვაქვს საქმე, რაც მას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.

„ელვის დარტყმის წინ ყოველთვის იგრძნობა სულისშემხუთავი აურა ჰაერში, რაღაცნაირი… არ ვიცი… წვის წინათგრძნობა,“ _ ეუბნება ჯეიკობი ახალგაზრდა ჯეიმის. დაიმახსოვრეთ ეს წინათგრძნობა, არ მისცეთ კინგს თქვენი გაცურების უფლება.

„აღდგომა“ იქნებ არ არის მდიდარი შემაძრწუნებელი, საშინელი სცენებით, თუმცა ის, რასაც იდუმალი ფარდის მიღმა თვალის შევლების შემდეგ ვხედავთ, ნამდვილად შავ-ბნელი და საშინელია.

მოამზადა სანდრო დოლიძემ

Leave a comment

Filed under მეოთხე ნომერი, რევიუ

აღუ – ზეციური ზმანება

9e668eb1-fe8d-48ad-86d4-d23ae954d6d6

იაპონელი მწერლის, ქენძაბურო ოეს მოთხრობების პირველად წაკითხვა საგნების დანისლული სათვალით თვალიერებას ჰგავს: ყველაფერი თავის ადგილზე დევს, რაკურსი ოპტიმალურად შერჩეულია, გულისა და გონებისკენ მიმავალი გზები აღსაქმელად _ ღია, მაგრამ მაინც ვხვდები, რომ კიდევ ერთხელ მსურს წაკითხვა. ამიტომ, გარემოს უკეთ შესაცნობად თუ გმირების ტყავის კარგად მოსარგებად, „სათვალის“ მინებს გულმოდგინედ ვაპრიალებ და ვიწყებ:

პირველი მოთხრობა, რომლის სახელწოდებაც კრებულის გარეკანზეა გამოტანილი, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია _ მთავარი გმირის პროტოტიპი წიგნის ავტორის შვილია. ამ ფაქტის გამო ამბავი კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება. ქენძაბურო ოეს ვაჟი შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა. ის მუსიკის ენით მეტყველებს, მუსიკას კი ფრინველებისგან იწერს. მოთხრობის მთავარ გმირში გაზავებულია მამაც და შვილიც _ ქენძაბუროც და მისი ხიკარიც.

„ატომის საუკუნის სული _ მფარველი“, „ტვირთის გადატანა“, „ატომის საუკუნის ტყის განდეგილი“ ამ კრებულიდან ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მოთხრობებია. თითოეულ მათგანზე ალბათ ცალკე ჩანაწერსაც გავაკეთებდი _ მათზე ბევრის თქმას შევძლებდი. „ტვირთის გადატანაში“ იმდენად ნატურალურია თხრობა, რომ ხბოს თანთალა, ახალგატყავებულ ხორცს ჩემი ხელებიც ეხებოდნენ, სუნიც მძაფრად მცემდა, სიმძიმეც წელს მწყვეტდა, ძაღლებსაც გავურბოდი… საერთოდაც, ეს, ფიზიკურობამდე დასული თანაგანცდა არაერთხელ გამიჩნდა ამ წიგნის კითხვისას, რაც იშვიათია ჩემთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მკვეთრი, ოსტატურად მოსმული შტრიხებით გამოსახული ფსიქოლოგიური პორტრეტები, რომლებსაც ავტორი ამ პატარა მოთხრობებში ქმნის.

ქენძაბურო ოეს 1994 წელს ნობელის პრიზი გადასცეს. სანობელო ლექციაში იგი ამბობს: „ვიზრდებოდი და გამუდმებით ვაწყდებოდი სიძნელეებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: ოჯახში, იაპონურ საზოგადოებასთან ურთიერთობაში და საერთოდ მთელ ჩემს ყოფაში XX საუკუნის მეორე ნახევარში. გადავრჩი იმის წყალობით, რომ ჩემს ტანჯვა-ვაებას რომანის ფორმას ვაძლევდი. წერისას ვამჩნევდი, რომ ჩემდა უნებურად ვიმეორებდი, თითქოსდა ამოვიოხრებდი: „მე ისევ ადამიანი ვარ!“ ალბათ, შეუფერებელია აქ, ამ გარემოებაში საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი ნაწარმოებების სტილის საფუძველი ყოველთვის იყო ის, რომ ვიწყებდი პირადი გამოცდილებიდან, შემდეგ ვუკავშირებდი საზოგადოებას, მერე ქვეყანასა და მთელ მსოფლიოს.“ და მართლაც, ოეს ყოველი მოთხრობის ბოლოს მთავარი გმირები სტრიქონებს შორის ტოვებენ გზავნილს: _ „მიუხედავად ამ ყველაფრისა, „მე ისევ ადამიანი ვარ!“

ქეთი გზირიშვილი

Leave a comment

Filed under მეოთხე ნომერი, რევიუ, ქეთი გზირიშვილი

ჯეკ კერუაკის „დჰარმის მაწანწალები“ ზურგჩანთიანების რევოლუცია

Jack-Kerouac-2 ჯეკ კერუაკი ერთ-ერთი დიადი მაწანწალა იყო მაწანწალებს შორის. მოიკიდებდა ზურგჩანთას და თავის დარტყმულ მეგობრებთან ერთად მთელ ამერიკაში დაწანწალებდა. ამ მოგზაურობების დროს დაიწერა „გზაზე“, „დჰარმის მაწანწალები“ და „დიდი სური.“

ბიტნიკების მოძრაობა 1944 წლიდან დაიწყო. „დამსხვრეული თაობა“ (ბეატ გენერატიონ) თავის სამეგობროს პირველად ჯეკ კერუაკმა უწოდა. ბიტნიკები უარს ამბობდნენ ტრადიციულ ღირებულებებზე და მარტივი, სპონტანური ცხოვრება სურდათ.

კერუაკმა „დჰარმის მაწანწალები“ 1958 წელს გამოსცა. წიგნი ავტობიოგრაფიულია და გმირების უმრავლესობას რეალური პროტოტიპი ჰყავს. ამ დროისთვის ბიტნიკების მეფედ აღიარებული კერუაკი ბუდიზმითაა გატაცებული და მეგობრებთან ერთად მთებში დახეტიალობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტნიკების მოძრაობის დაწყებიდან რამდენიმე წელი იყო გასული, ამერიკული საზოგადოება ისევ ჩაკეტილ საზოგადოებად რჩებოდა. წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ჯეფი რაიდერი ამბობს:

„ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო _ დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების.“

„დჰარმის მაწანწალებში“ კერუაკი ბევრს საუბრობს „სერიოზულობით დაღდასმულ სამყაროზე,“ საზოგადოების ცხოვრების მოსაწყენ სტილზე:

„ყოველ სახლში ტელევიზორთან სხედან ადამიანები, უყურებენ ერთსა და იმავე გადაცემას და ერთსა და იმავეს ფიქრობენ. ამ დროს კი მთელი პლანეტის ჯეფი რაიდერები უღრან ტყეებში დაძრწიან, რომ გაიგონონ ბუნების ძახილი, რომ განიცადონ ვარსკვლავური ნეტარება, ჩასწვდნენ ამ უსახური, უგრძნობი, გამაძღარი ცივილიზაციის წარმოშობის ბნელ საიდუმლოს.“

ბიტნიკების მოძრაობამ დიდი გავლენა მოახდინა მაშინდელ საზოგადოებაზე, მათ უამრავი მიმდევარი გამოუჩნდათ და 60-იან წლებში ჰიპების მოძრაობაში გადაიზარდა. ბევრი დღევანდელ ამერიკული თავისუფლების ღირებულებებს სწორედ მათ უმადლის.

„შეხედეთ, რამდენნი არიან ზურგჩანთამოკიდებული დჰარმის მაწანწალები, კიდით კიდემდე ავსებენ ამერიკას. ისინი უარს აცხადებენ, ხელი მოაწერონ კოლექტიურ პოზიციას, შეუერთდნენ საერთო მოთხოვნას: მოგვეცით უფლება, მოვიხმაროთ პროდუქტები, ვიშრომოთ იმისთვის, რომ მოვიხმაროთ. რა თავში იხლიან ამ უბადრუკ ხარახურას: ტელევიზორებს, მაცივრებს, ავტომობილებს _ განსაკუთრებით ახალს და ძვირადღირებულს… ათასგვარ წვრილმან ნივთს, შამპუნებს, დეზოდორანტებს, ერთი კვირის შემდეგ ნაგავში რომ უნდა მოისროლო. რაში სჭირდებათ ადამიანების დასამონებლად შექმნილი ეს სისტემა: იშრომე, შექმენი, მოიხმარე, იშრომე, შექმენი, მოიხმარე… ვხედავ დიდ მომავალს _ ზურგჩანთიანების დიად რევოლუციას.“

1958 წლის შემდეგ ამერიკაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ნახევარი საუკუნის წინანდელი ამერიკული საზოგადოებიდან დღევანდელ ქართულ საზოგადოებამდე ბევრი პარალელის გავლება შეიძლება _ მოძველებული მიდგომები, ტელევიზორს მიჩერებული საზოგადოება და საერთო ცხოვრების სტილი. მართალია, კერუაკი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო თარგმნილი, მაგრამ მაინც კარგად „მოუსწრო“ _ ადამიანი, რომელიც ამ რომანს წაიკითხავს, ალბათ დაფიქრდება საკუთარ ცხოვრებაზე, ცოტა ხნით მაინც მოეშვება დიდი მიზნების დასახვას და სადმე მთაში წავა სახეტიალოდ, თანაც კერუაკი ხომ გვაფრთხილებს _ „მთიდან ჩამოვარდნა შეუძლებელიაო“.

ქეთი ებიტაშვილი

Leave a comment

Filed under მეოთხე ნომერი, რევიუ, ქეთი ებიტაშვილი