აღუ – ზეციური ზმანება

9e668eb1-fe8d-48ad-86d4-d23ae954d6d6

იაპონელი მწერლის, ქენძაბურო ოეს მოთხრობების პირველად წაკითხვა საგნების დანისლული სათვალით თვალიერებას ჰგავს: ყველაფერი თავის ადგილზე დევს, რაკურსი ოპტიმალურად შერჩეულია, გულისა და გონებისკენ მიმავალი გზები აღსაქმელად _ ღია, მაგრამ მაინც ვხვდები, რომ კიდევ ერთხელ მსურს წაკითხვა. ამიტომ, გარემოს უკეთ შესაცნობად თუ გმირების ტყავის კარგად მოსარგებად, „სათვალის“ მინებს გულმოდგინედ ვაპრიალებ და ვიწყებ:

პირველი მოთხრობა, რომლის სახელწოდებაც კრებულის გარეკანზეა გამოტანილი, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია _ მთავარი გმირის პროტოტიპი წიგნის ავტორის შვილია. ამ ფაქტის გამო ამბავი კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება. ქენძაბურო ოეს ვაჟი შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა. ის მუსიკის ენით მეტყველებს, მუსიკას კი ფრინველებისგან იწერს. მოთხრობის მთავარ გმირში გაზავებულია მამაც და შვილიც _ ქენძაბუროც და მისი ხიკარიც.

„ატომის საუკუნის სული _ მფარველი“, „ტვირთის გადატანა“, „ატომის საუკუნის ტყის განდეგილი“ ამ კრებულიდან ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მოთხრობებია. თითოეულ მათგანზე ალბათ ცალკე ჩანაწერსაც გავაკეთებდი _ მათზე ბევრის თქმას შევძლებდი. „ტვირთის გადატანაში“ იმდენად ნატურალურია თხრობა, რომ ხბოს თანთალა, ახალგატყავებულ ხორცს ჩემი ხელებიც ეხებოდნენ, სუნიც მძაფრად მცემდა, სიმძიმეც წელს მწყვეტდა, ძაღლებსაც გავურბოდი… საერთოდაც, ეს, ფიზიკურობამდე დასული თანაგანცდა არაერთხელ გამიჩნდა ამ წიგნის კითხვისას, რაც იშვიათია ჩემთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მკვეთრი, ოსტატურად მოსმული შტრიხებით გამოსახული ფსიქოლოგიური პორტრეტები, რომლებსაც ავტორი ამ პატარა მოთხრობებში ქმნის.

ქენძაბურო ოეს 1994 წელს ნობელის პრიზი გადასცეს. სანობელო ლექციაში იგი ამბობს: „ვიზრდებოდი და გამუდმებით ვაწყდებოდი სიძნელეებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: ოჯახში, იაპონურ საზოგადოებასთან ურთიერთობაში და საერთოდ მთელ ჩემს ყოფაში XX საუკუნის მეორე ნახევარში. გადავრჩი იმის წყალობით, რომ ჩემს ტანჯვა-ვაებას რომანის ფორმას ვაძლევდი. წერისას ვამჩნევდი, რომ ჩემდა უნებურად ვიმეორებდი, თითქოსდა ამოვიოხრებდი: „მე ისევ ადამიანი ვარ!“ ალბათ, შეუფერებელია აქ, ამ გარემოებაში საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი ნაწარმოებების სტილის საფუძველი ყოველთვის იყო ის, რომ ვიწყებდი პირადი გამოცდილებიდან, შემდეგ ვუკავშირებდი საზოგადოებას, მერე ქვეყანასა და მთელ მსოფლიოს.“ და მართლაც, ოეს ყოველი მოთხრობის ბოლოს მთავარი გმირები სტრიქონებს შორის ტოვებენ გზავნილს: _ „მიუხედავად ამ ყველაფრისა, „მე ისევ ადამიანი ვარ!“

ქეთი გზირიშვილი

Leave a comment

Filed under მეოთხე ნომერი, რევიუ, ქეთი გზირიშვილი

Leave a comment